მთავარი,სიახლეები

ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ

01.05.2018 • 54867
ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ

მაისიდან თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი იწყება. ამ სეზონზე საქართველოს ასეულობით მოქალაქე დროებითი სამუშაოს საძიებლად (ჩაის კრეფა, თხილის მოგროვება) თურქეთის რესპუბლიკაში გადადის. თურქულმა მხარემ გასული წლის სექტემბერში ახალი კანონი მიიღო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა.

ახალი კანონი, რომელიც შარშან, სეზონური სამუშაოს ბოლოს იქნა მიღებული და ახლა აქტუალური ხდება, ვრცელდება თურქეთის სახელმწიფოს ექვს ოლქზე – სამსუნი, ორდუ, გირესუნი, ტრაბზონი, რიზე და ართვინი. ამ ოლქებში ლეგალურად შეიძლება მუშაობა, თუ აიღებთ დოკუმენტს, რომელიც სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველ უცხოელებს ათავისუფლებს „მუშაობის ნებართვის დოკუმენტისგან“.

დოკუმენტის მიღება უფასოდ და დამოუკიდებლად შეიძლება. 

თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალურად დასაქმების გზა

არსებული პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები სეზონურ სამუშაოებზე არალეგალურად საქმდებიან. ეს კი ზრდის რისკებს, რომ დასაქმებულებს გამომუშავებული თანხა დამსაქმებელმა არ გადაუხადოს.

ხშირად, როდესაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დავა წარმოიშვება [ძირითადად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე], საქართველოს მოქალაქეები სამართალდამცველებსაც კი ვერ მიმართავენ, რადგან მიმართვის შემთხვევაში, მართალია, კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ, მაგრამ როგორც არალეგალურად დასაქმებულებს, საქართველოში დეპორტით დააბრუნებენ.

როგორ შეიძლება დასაქმდე თურქეთში ლეგალურად, სეზონურ სამუშაოზე? – ამის გარკვევაში „ბათუმელებს“  საკონსულტაციო კომპანია „დასტურის“ ხელმძღვანელი, მიხეილ ჭაღალიძე დაეხმარა.

„თურქეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულს აღარ აქვს ვალდებულება, ჰქონდეს მუშაობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებისთვის კი არსებობს ორი გზა: პირველი – მიმართონ თურქეთის წარმომადგენლობას საქართველოში [ეს შედარებით რთულია];

მეორე – ისარგებლონ თურქეთის შრომის სამინისტროს აპლიკაციით. შეავსონ ეს აპლიკაცია და თურქეთში შესვლის შემდეგ მიმართონ იმ ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლობას – გამგეობას, სადაც აპირებენ დასაქმებას“, – ამბობს მიხეილ ჭაღალიძე.

აპლიკაციის შევსების პროცედურა

სეზონური სამუშაოს უცხოელმა მაძიებლებმა, პირველ ეტაპზე, უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომელიც განთავსებულია ოფიციალურ ვებგვერდზე:- yuminet.csgb.gov.tr.  აპლიკაციის შევსება შეიძლება ქართულად, თურქულად და ინგლისურად.

აპლიკაციის ფორმა, რომელიც შეუძლია შეავსოს თურქეთში სეზონური სამუშაოს მაძიებელმა

აპლიკაციაში უნდა შეიყვანოთ შემდეგი მონაცემები: პასპორტის/პასპორტის მონაცვლე დოკუმენტის ნომერი, სახელი, გვარი, ინფორმაცია მშობლებისა და მოქალაქეობის შესახებ. მას შემდეგ, რაც ვებგვერდზე განაცხადის ფორმას შეავსებთ, ფორმა უნდა ამობეჭდოთ.

მეორე ეტაპზე განცხადების ფორმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად [პასპორტი, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გაცემული შესვლა-გამოსვლის საბუთი], იმ რაიონის გამგეობას უნდა წარუდგინოთ, სადაც დასაქმებას გეგმავთ. გამგეობა მოგცემთ საბუთს, რომელიც დაადასტურებს, რომ მუშაობის ნებართვის აღებისგან გათავისუფლებული ხართ და შეგიძლიათ ლეგალურად იმუშაოთ.

ამ კანონის მიხედვით, უცხოელებს ერთი წლის განმავლობაში, მაქსიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღით შეუძლიათ სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე (ჩაი და თხილი) დასაქმება. ვადის გადაცილება ჩაითვლება დარღვევად.

როგორ მოქმედებს ახალი კანონმდებლობა პრაქტიკაში

მიხეილ ჭაღალიძე: „პრაქტიკაში დღეისათვის ამ შესაძლებლობას თითქმის არავინ არ იყენებს. საქართველოს მოქალაქეები ტრადიციულ გზას ირჩევენ და ისევ არალეგალურად მუშაობენ. გასულ წელს, შემოდგომაზე, თურქეთში გაიხსნა დასაქმების სააგენტოების მსგავსი ოფისები, რომლებიც უნდა მომსახურებოდა ამ კატეგორიის მუშახელს. მაგრამ არ იმუშავა – რამდენადაც ვიცი, არავინ არ ისარგებლა ამ ოფისების მომსახურებით. ეს იმიტომ, რომ მოსახლეობამ ამ კანონის შესახებ არ იცის. არადა ამ კანონით, უმჯობესდება დასაქმებულის სამართლებრივი მდგომარეობა. თუკი რაიმე სახის დავა წარმოიქმნება, ლეგალურად დასაქმებულს შეუძლია მიმართოს პოლიციას, იდავოს სასამართლოში ან უფლებადამცველ ორგანიზაციებს დაუკავშირდეს”.

რა საფრთხეებისგან დაიცავს ლეგალური მუშაობა სამსახურის მაძიებლებს?

ტრაბზონში საქართველოს გენერალური კონსულის თანაშემწე გიორგი ყუშიტაშვილი “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით, საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები ტრაბზონში, იმ ადგილებში მართავდნენ საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც ქართველები იკრიბებოდნენ.

„ეს კანონი, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქე ლეგალურად დასაქმდება. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმდება ხელშეკრულება და აღარ იქნება ის სახელფასო დავები, რაც არის ხოლმე. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ შიშით ცხოვრება, რომ ან პოლიცია დაიჭერს, ან ჟანდარმერია შევა შემოწმებაზე და დაადეპორტებს,“ –  უთხრა “ბათუმელებს” ტრაბზონში გენერალური კონსულის თანაშემწემ  გიორგი ყუშიტაშვილმა.

კონსულის თანაშემწის თქმით, ეს კანონი დამსაქმებელს არანაირ დამატებით გადასახადსა თუ ვალდებულებას არ უწესებს სახელმწიფოს წინაშე. რაიმე გადასახადის გადახდა არც დასაქმებულებს უწევთ. შესაბამისად, ახალი რეგულაციები მისაღებია როგორც დასაქმებულისთვის, ისე დამსაქმებლისთვის.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: