მთავარი,სიახლეები

აუქციონზე ნაყიდი ევკალიპტის ხე ოპოზიციურმა პარტიებმა 4 დღეში უნდა გაიტანონ – დავა სასამართლოში

30.04.2018 • 3536
აუქციონზე ნაყიდი ევკალიპტის ხე ოპოზიციურმა პარტიებმა 4 დღეში უნდა გაიტანონ – დავა სასამართლოში

„დმანისის გადარჩენის ფონდმა“ აუქციონზე 20 020 ლარად შეძენილი 26 მეტრი სიმაღლის ევკალიპტის ხე მწვანე კონცხზე მდებარე ნაკვეთიდან 4 დღეში უნდა გაიტანოს. თუ ამას ვერ მოახერხებს, ფონდს მიეცემა დამატებითი დრო. თუ დამატებით დროშიც ნაკვეთიდან ხეს არ გაიტანენ, ელექტრონულად გაფორმებული ხელშეკრულება ავტომატურად მოიშლება.

„დმანისის გადარჩენის ფონდის“ ხელმძღვანელი, თამთა შამათავა აცხადებს, რომ ხის ადგილზე დატოვებისთვის დავა სასამართლოში გაგრძელდება: „ჩვენ შევხვდით ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იურისტებს. მათი მხრიდან იყო მტკიცე უარი, რომ არ გადაიხედება ის მუხლი, რომლის ბათილობასაც ჩვენ ვითხოვდით. კერძოდ, ელექტრონულად გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტი. შესაბამისად, ჩვენ როგორც დაანონსებული გვქონდა, მივმართეთ სასამართლოს“.

ფონდის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული მუხლის გარდა, სარჩელით ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების ბათილობასაც ითხოვენ, რომელიც მათ ხის გატანას ავალდებულებს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ფონდმა ასევე დააყენა სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა, რომ მომსახურების სააგენტოს [რომელმაც გაიტანა ხე აუქციონზე გასაყიდად] სასამართლომ არ მისცეს საშუალება, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.

„არ ვიცი, შუამდგომლობას რა შედეგი მოჰყვება, მაგრამ არ ვაპირებთ ეს ხე გავიტანოთ ადგილიდან და ნებისმიერ შემთხვევაში დავა გაგრძელდება. იმიტომ მივიღეთ მონაწილეობა აუქციონში, რომ ეს ხე დარჩეს ადგილზე. ვიდრე დავა მიმდინარეობს სასამართლოში, წესით, ხელახლა აუქციონს ვერ გამოაცხადებენ“, – ამბობს თამთა შამათავა.

აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია თანხის სრულად გადახდის დღიდან, საკუთარი სახსრებით 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან.

ელექტრონულად გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტით [რომლის ბათილობასაც ფონდი ითხოვს] კი, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში „მყიდველს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ქონების გატანისთვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა დაუწესდება პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისი ლოტის სრული სარეალიზაციო/საპრივატიზებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ჯამში არანაკლებ 1 ლარისა“.

ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე; ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას, ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშლება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე“.

ევკალიპტის ხით, რომელიც 27 მარტს აუქციონზე ოპოზიციური პარტიების მიერ დაფუძნებულმა ფონდმა 20020 ლარად შეიძინა, თავიდანვე შპს „ურეკი რეზიდენსი“ იყო დაინტერესებული. „ურეკი რეზიდენსის“ 100% წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილია. ამ კომპანიის საკუთრებაშია ის ტერიტორია ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მრავალწლოვანი ხეები გადააქვს.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ევკალიპტის ხე, რომელიც სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ბალანსზე ირიცხებოდა და განკარგვის მიზნით სააგენტოს უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გადაეცა.

„მწვანე კონცხზე უნივერსიტეტს, ჯამში, დაახლოებით 20,5 ჰექტარი მიწა აქვს სარგებლობაში. რამდენიმე ნაკვეთია და მესაკუთრე სახელმწიფოა. ჩვენ, ჯერჯერობით, მხოლოდ 4,5 ჰექტარის შემოღობვა მოვახერხეთ, რომელსაც უნივერსიტეტი საცდელად იყენებს. არის გზისა და წყალგაყვანილობის სისტემის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც შპს „ურეკი რეზიდენსი“ დაგვპირდა – თუ მივყიდდით იმ ევკალიპტის ხეს, რომელიც სხვა ნაკვეთში მდებარეობს. ჩვენთვის ეს წინადადება მისაღები აღმოჩნდა. ვინაიდან სახელმწიფო ქონების გაყიდვის უფლება არ გვაქვს, საქმის კურსში ჩავაყენეთ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხე გადაცემულიყო ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის, რომლის საკუთრებაცაა ფაქტობრივად ეს ქონება“, – გვითხრა რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარში ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის უფროსმა ედიშერ ჩავლეიშვილმა.

დასტურდება, რომ ევკალიპტის ხე აუქციონზე ივანიშვილისთვის გაიტანეს

დმანისის გადარჩენის ფონდი: აუქციონზე შეძენილი ხის თანხის ნახევარზე მეტი უკვე შეგროვდა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: