დიდ და არასტანდარტულ ზომებზე მორგებული მოდური ტანსაცმელი ბათუმელი დიზაინერებისგან

Poppy Pods-ი [ფოფი ფოდსი] ტანსაცმლის ბრენდია დიდი ან არასტანდარტული ზომების ქალებისთვის, რომელიც ბათუმელმა დიზაინერებმა გერონტი [გერა] სარდანაშვილმა და ნინა მასალკინამ დააარსეს. ატელიე, სადაც დიდი ზომის გოგოებს საინტერესო და მოდურ ტანსაცმელს, მათი სხეულის თავისებურებების გათვალისწინებით შეუკერავენ, უკვე მზადაა შეკვეთების მისაღებად. ატელიე დიდი ზომის მექანიკური მანეკენებითა და სპეციალური თარგებით მუშაობს.

რამდენად პასუხობს მოდის ინდუსტრია დიდი და არასტანდარტული ზომის ადამიანების მოთხოვნებს?

ნინა: სამწუხაროდ, დიდი ზომის ხელმისაწვდომი ტანსაცმელი, რომელიც მასიური მოხმარებისაა, უბრალოდ, დიდი ზომისაა და დიდი სხეულის თავისებურებებს იშვიათად ითვალისწინებს. დიდი სხეული არ არის ზომაში გადიდებული S ზომა, ამიტომ სტანდარტული ტანსაცმელი დიდ ზომაში შეკერილი – არ არის გამოსავალი. ასეთი ტანსაცმელი უნდა შეიკერო სპეციალური ზომების გათვალისწინებით. მაგალითად, დიდი ზომის ტანსაცმელზე მკერდის ნაწილში ნაკერები კეთდება სხვაგან, ვიდრე პატარა ზომაზე.

ტანსაცმლის ერთსა და იმავე მოდელს დიდსა და პატარა ზომაზე, შეიძლება სხვადასხვაგვარი ტექნიკური დაჭრა დასჭირდეს. დიდი ბრენდები ამას არ ითვალისწინებენ, შესაბამისად, ბევრი მიმართავს მკერავს, რომელიც ასრულებს იმას, რასაც დამკვეთი ეუბნება. დამკვეთის გამოუცდელობის გამო კი, საბოლოო შედეგი მაინც არ არის დამაკმაყოფილებელი.

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის ვართ ჩვენ – “ფერიები ჯოხებით”, კარგი ალტერნატივა. ვცდილობთ გავაკეთოთ ისე, რომ არა მხოლოდ დიდი ზომის  ტანსაცმელი ეცვათ (ჯერჯერობით მხოლოდ) ქალებს, არამედ ეს ტანსაცმელი უხდებოდეთ მათ, ხაზს უსვამდეს მათი სხეულის პლუსებს და ფარავდეს მინუსებს.

გერა: ჩვენ ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვისაც დიდი ზომისა თუ ფორმის გამო, აწუხებს ტანსაცმლის ვერ მოხდენის პრობლემა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გვემუშავა დიდი ზომის ტანსაცმელზე, მით უმეტეს, რომ ეს თავისუფალი ნიშა იყო ბათუმში და არა მარტო. საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოშიც ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია.

როგორია თქვენი მუშაობის პრინციპი და რით განსხვავდება იგი უბრალოდ ტანსაცმლის შეკერვისგან?

გერა:  ჩვენ არ გვინდა ვიყოთ სტანდარტული მკერავები და არც ვართ. ინდივიდუალური შეკვეთის დროს ვიფიქრებთ ამ პერსონისთვის საინტერესო ტანსაცმელს, არა მხოლოდ იმას, რაც მას სურს და ითხოვს (ეს ცხადია), არამედ გარკვეული რჩევებითა და რეკომენდაციებით ვქმნით მისთვის ტანსაცმელს, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ღირესებებს გარეგნობაში.

ამ ეტაპზე ჩვენ ორნი ვმუშაობთ. მე და ნინა პროფესიით დიზაინერები ვართ, თუმცაღა უფრო მხატვრულ დარგში და ვეძებთ მესამეს, გამოცდილ მკერავს, რომელთან ერთადაც ბევრად უფრო ეფექტურად ვიმუშავებთ შეკვეთებზე. პრინციპი მარტივია, თუ სხეულს აქვს პრობლემური ზონა, მისგან ყურადღება უნდა გადავიტანოთ. თუ დიდი მკერდია, წელი უნდა გამოვყოთ, მაგალითად, გადასადები კაბა, v ფორმის გული… თუ თეძოებია დიდი, კვლავ წელი უნდა გამოვყოთ ან მკერდი, თეძოები კი დავაბნელოთ. ხშირად ასეთ ფორმებზე ან ძალიან მჭიდრო ტანსაცმელს იცვამენ, ან ძალიან ფართოს – არც ერთი უკიდურესობა ვარგა და არც მეორე. ზომიერების დაცვა მთავარია.

ნინა: საქართველოში ხშირად მიაჩნიათ, რომ თუ არ გაქვს გამოკვეთილი წელი და გაქვს დიდი მკერდი, რაც უფრო სრულ “ბალახონკას” ჩაიცვამ, მით უფრო დაფარავ ყველაფერს. ჩემთვის ეს დიდი ცდომილებაა. არ არსებობს შეუხედავი ტანი, ყოველთვის არის სხეულში რაღაც მონაკვეთი, რომლის ხაზგასმაც ღირს, იქნება ეს მხრები, ყელი, წელი, თეძო თუ სხვა ნაწილი.

 

ხშირად პლიუს საიზ მოდელებსაც საკმაოდ პროპორციული სხეულები აქვთ, რამდენად შეიძლება ისინი მივიჩნიოთ დიდი ზომის ადამიანების ადეკვატურ წარმომადგენლებად?

ნინა: ცხადია, ძალიან კარგი ტონია, როცა დიზაინერი კერავს არა მხოლოდ პატარა ზომებს და პოდიუმზე გამოჰყავს კარგი ფიგურის, დიდი ზომის მოდელი, ეს ძალიან კარგი ტონია და დიდი ნაბიჯია მოდის ინდუსტირაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროპორციებით დიდი ზომის ბარბებს ჰგვანან, რაღაცნაირად მაინც ამხნევებენ დიდი ზომის ქალებს და მეტ თავდაჯერებულობას მატებენ მათ. მაგრამ, სხვა მხრივ რომ შევხედოთ, ის რაც ასეთ მოდელებს აცვიათ, ძალიან იშვიათად ერგება უბრალოდ დიდი ზომის ქალს, რომელსაც პრობლემა აქვს წელის ნაკეცების, თეძოების, მუცლის, მკერდის, ზურგის და ა.შ. სწორედ ამიტომ საჭიროა ყურადღების გამახვილება სხეულის თავისებურებებზე, ფორმებზე, და არა დიდ ზომებზე. მოგეხსენებათ, მინუსები აქვს არა მარტო დიდი ზომის, არამედ გამხდარ და მცირე ზომის სხეულსაც.

Poppy Pods [ყაყაჩოს მარცვლები]- რატომ შეარჩიეთ ეს სახელი?

გერა: ყველა ქალს აქვს რაღაც განსაკუთრებული მარცვალი გარეგნობასა თუ ხასიათში, ჩვენ შემთხვევაში ეს ყაყაჩოს მარცვალია. ყაყაჩოს მარცვლები საკონდიტრო საქმეშიც გამოიყენება, იგი პიკანტურია, მკვეთრი… ეს არის სურნელი, რომლის მეშვეობითაც უბრალო ფუნთუშაც კი უფრო გემრიელი და საინტერესო ხდება. ამიტომაც შევარჩიეთ ეს სახელი. გვინდა, ჩვენი ტანსაცმელი სწორედ ყაყაჩოს მარცვლის მსგავსად, ხაზს უსვამდეს ქალის ღირსებებს გარეგნობაში და მატებდეს მას განსაკუთრებულობას.

როგორც ვიცი, კოლექციაზე მუშაობთ. რა ეტაპზეა თქვენი კოლექცია, რამდენი კაბა ან სხვა რამ შედის თქვენს კოლექციაში და როდის უნდა დაასრულოთ?

გერა: როცა ვიწყებდით, გვსურდა აქცენტი მზა ტანსაცმელზე გაგვეკეთებინა, ვიდრე ინდივიდუალურ შეკვეთებზე. ჯერჯერობით,  წარმოების რესურსი არ გვყოფნის იმისთვის, რომ  დიდი კოლექცია შევქმნათ.

ჩვენს ახლანდელ კოლექციაში ათამდე ტანსაცმელი შედის, მათ შორის სამი კაბა უკვე დასრულებულია. ეს კოლექცია უფრო სარეკლამო სახისაა, მას კონკრეტულისთვის არ ვკერავთ, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კაბები იპოვიან თავიანთ მეპატრონეებს. ეს პატარა კოლექციაა, ძირითადად საგაზაფხულო კაბები, ბლუზები და რამდენიმე მსუბუქი, თავისუფალი შარვალი.

Poppy Pods-ის ტანსაცმელი უფრო რომანტიკული, ნაზი და მსუბუქია. დიდი ზომის გოგოების პრობლემა არის ის, რომ მათთვის ტანსაცმელი ყოველთვის მუქი, მძიმე და მოსაწყენია. ნაქარგები, ხაზები, საინტერესო პრინტები… გარდა ამისა, ჩვენს კაბებს ახასიათებს სილაღე და ერთგვარი წიწაკისებრი სიცხარეც.

დიდი ზომის ადამიანებს საქართველოში ცოტათი ეშინიათ რაიმე თამამი და საინტერესოს ჩაცმის, ცდილობენ ბაზრობაზე შეიძინონ ის, რაც ყველას აცვია. Poppy Pods-ის კაბას, რომელზეც ახალა მე დ ნინა ვმუშაობთ, გახსნილი ზურგი აქვს, იგი თავისუფალია და აქვს საინტერესო პრინტიც. იგი 52 ზომისაა, რაც არც ისე პატარაა. იმედი გვაქვს, რომ ის ქალი, ვინც ამ კაბას ჩაიცვამს, აუცილებლად გამოჩნდება ჩვენს ატელიეში.

შეკვეთებს უკვე იღებთ? 

გერა: შეკვეთებს უკვე ვიღებთ, თუმცა სრული დატვირთვით ვერა, რადგან კოლექციაზეც ვმუშაობთ. ამ ეტაპზე უფრო შემოქმედებით ტალღაზე ვმუშაობთ, ცოტა ეგოისტურად ვუდგებით ჩვენს ქმნილებებს, ჯერ არ გვინდა მასიურად ვაწარმოოთ რომელიმე ტანსაცმელი. გვინდა, ხარისხზე ვიმუშაოთ და არა რაოდენობაზე. სამომავლოდ უმეტესად ინდივიდუალურ შეკვეთაზე ვიმუშავებთ. დაინტერესებულ ადამიანებს შუძლიათ დაგვიკავშირდნენ ფეისბუქზე  ან მოვიდნენ ატელიეში. ჩვენს კოლექციაში ტანსაცმლის ფასები 100-დან 250 ლარამდე მერყეობს. ეს არ არის იაფი კატეგორიის ტანსაცმელი, თუმცა არც ისეთი ფასი აქვს, რომ რეალიზაცია გაჭირდეს. ჩვენ ფასს მასალისა და შრომის შესაბამისად ვადებთ, ეს უფრო საშუალო ფასობრივი კატეგორიაა და არა ის დიზაინერული ნამუშევარი, რომელიც ბუტიკებში 800-15000 ლარად იყიდება.

ეს ნინასა და გერას ტანსაცმლის მეორე ბრენდია, მათ პირველ ხაზს, რომელიც ჯერ კიდევ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას შექმნეს, NinaGeronti ჰქვია. ამ ბრენდის ქვეშ შექმნილი პირველი კოლექცია ნინამ და გერამ გასულ წელს აჭარის მოდის კვირეულზე წარადგინეს, სახელწოდებით “ფიქრები კოსმოსზე”.  დიზაინერები ამ ეტაპზე Poppy Pods-ზე არიან კონცენტრირებულნი, თუმცა უფრო მკაცრი სტილის, არასტანდარტული ქსოვილებისა და ქუჩის მოდასთან ასოცირებული ტანსაცმლისთვის ისინი სამომავლოდ შეკვეთებს, მეორე ბრენდითაც მიიღებენ.

 

ამავე თემაზე:

„ფიქრები კოსმოსზე“ – სტუდენტების ნამუშევრები მოდის კვირეულზე

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან