მთავარი,სიახლეები

პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მოსამართლე მიქაუტაძის საქმიდან გაქრა ბავშვის ცემაზე ექსპერტიზის დასკვნა

30.04.2018 • 12685
პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მოსამართლე მიქაუტაძის საქმიდან გაქრა ბავშვის ცემაზე ექსპერტიზის დასკვნა

„ეს პროკურორი უნდა დააპატიმრონ, მან იცრუა…“ – წამოიძახა სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ პროკურორ დავით ხარძეიშვილის მისამართით. ამ რეპლიკამდე გამომძიებელმა თამაზ აბაშიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ექსპერტიზას თვითონ მიმართა, დასკვნაც თვითონ წამოიღო ბიუროდან და „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაურთო. გიორგი მიქაუტაძე ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. ამ საქმეში არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა არ დევს.

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას გამოძიება თამარ ხაჭაპურიძეს და კახაბერ ხაჩიძეს ედავება. საქმეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს. დღეს, 30 აპრილს, საქართველოში პირველად სასამართლო პროცესს ბრალდებულები სკაიპის საშუალებით დაესწრნენ. ისინი გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები და მკურნალობის მიზნით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან.

გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხულია, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა. გამოძიებას არც არასრულწლოვანი დავით ხაჩიძე დაუკითხავს.

„ექსპერტიზის დასკვნა მე არაოფიციალურად მოვიპოვე. იქ წერია, რა დაზიანებებიც მიაყენა ჩემი 13 წლის შვილს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გონიოს პლაჟზე. თუკი ეს დასკვნა თქვენ გქონდათ, რატომ არ დაურთეთ საქმეს, სადაა?“ – ჰკითხა ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ გამომძიებელს.

შეკითხვა პროკურორმა გააპროტესტა. „ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს დავით ხაჩიძეს. გთხოვთ, განარიდოთ შეკითხვა, ბატონო მოსამართლევ,“ – თქვა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა. მოსამართლემ შეკითხვა არ განარიდა. გამომძიებელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილად „გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე“ დაიდო ექსპერტიზის დასკვნა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ადვოკატმა სულხან კაპანაძემ პროკურორ დავით ხარძეიშვილის მიერ ხელმოწერილი წერილობითი პასუხი გვაჩვენა, რაც მან რამდენიმე თვის წინ მიიღო.

„აქ პროკურორი გვეუბნება, რომ ექსპერტიზის დასკვნას შემხებლობა არ აქვს გიორგი მიქაუტაძის საქმესთანო და ამ საქმისთვის არ ჩაგვიტარებია ექსპერტიზაო. პროკურორი ცრუობს და ეს დადასტურდა. ეს არის პროკურორის მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობა,“ – ამბობს სულხან კაპანაძე.

„პროკურორ ხარძეიშვილის სიცრუის უტყუარი ფაქტი ისაა, რომ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში წერია საქმის ნომერი, ანუ რა ნომერი საქმისთვის ტარდება ექსპერტიზა, ხარძეიშვილი კი წერილობით გვიცხადებს ეს ექსპერტიზა ამ ნომერ საქმეს არ ეკუთვნისო,“ – აცხადებს ბრალდებული თამარ ხაჭაპურიძე.

რატომ გაქრა გიორგი მიქაუტაძის საქმიდან არასრულწლოვნის ცემის კუთხით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვას პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა პროცესის შემდეგ მოკლედ ასე უპასუხა.

„ექსპერტიზის დასკვნას არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან,“ – თქვა მან.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორი უხერხულ მდგომარეობაში სხვა გამომძიებლებმაც ჩააყენეს. მაგალითად, დეტექტივ-გამომძიებელმა რუსუდან ხვედელიძემ ვერ უპასუხა შეკითხვას, ვისი გადაწყვეტილებით დააკავეს თამარ ხაჭაპურიძე ან რაში მდგომარეობდა „გადაუდებელი აუცილებლობა“, როცა „გონიოს პლაჟის ინციდენტის დღეს“ – 26 აგვისტოს, ღამის ორ საათზე, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მშობლები დააკავეს.

„საქმიდან გამომდინარე დავაკავეთ,“ – რამდენჯერმე გაიმეორა მოწმემ. მას ადვოკატებმა ჰკითხეს, ჩააყენა თუ არა გამომძიებელმა რომელიმე ორგანო საქმის კურსში, როცა თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე დააკავეს, ხოლო არასრულწლოვანი შვილები სახლში მარტო დარჩნენ.

„არა, არავისთვის არ მიმიმართავს მე,“ – თქვა გამომძიებელმა რუსუდან ხვედელიძემ.

„თუ არ იცით, ვისი ბრძანებით მაკავებდით და არ გაგაჩნდათ მოსამართლის განჩინება დაკავებაზე, გამოდის, თვითნებურად მოქმედებდით,“ – მიმართა მოწმეს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ.

„მე კანონის საფუძველზე ვმოქმედებდი,“ – აღნიშნა მოწმემ.

„დაკავების რამდენიმე საფუძველია განსაზღვრული კანონით. აქედან რომლით იხელმძღვანელეთ, როცა თამარ ხაჭაპურიძეს აკავებდით?“ – ჰკითხა გამომძიებელს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა პაატა დიასამიძემ. მოწმემ პაუზის გაკეთება არჩია და პროკურორისკენ გაიხედა.

„რას მიყურებ, გაეცი პასუხი,“ – მიმართა პროკურორმა გამომძიებელს.

„საქმიდან გამომდინარე დავაკავეთ,“ – გაიმეორა მოწმემ.

„გონიოს პლაჟის ინციდენტის“ ამსახველი ვიდეოკადრები არსებობს, რაც ამ საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა. კადრები მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მეუღლემ, მაია კვირიკაშვილმა მობილური ტელეფონით გადაიღო. სასამართლომ იმ გამომძიებლის ჩვენებაც მოისმინა, ვინც ეს ჩანაწერები სასამართლოს ნებართვის საფუძველზე გამოითხოვა და საქმეს დაურთო.

„როცა ეს ვიდეოჩანაწერი გამოითხოვეთ, იცოდით თუ არა, რომ მაია კვირიკაშვილი მთავარ პროკურატურაში სამმართველოს უფროსად მუშაობდა?“ – ჰკითხა გამომძიებელ ვახტანგ თედორაძეს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ.

„არ ვიცოდი. გიორგი მიქაუტაძე ვიცოდი ვინც იყო…“ – უპასუხა ბრალდებულს მოწმემ.

კიდევ ერთმა გამომძიებელმა – გოჩა ფუტკარაძემ კი, მოსამართლეს უთხრა, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს მან ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და სააღრიცხვო ბარათი შეადგინა.

„მერე აღარ ვიცი რა მოხდა. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მე აღარ მიმიღია მონაწილეობა,“ – თქვა გამომძიებელმა გოჩა ფუტკარაძემ.

ბრალდებული თამარ ხაჭაპურიძე: „ბატონო გამომძიებელო, გქონიათ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა, როცა დაწყებულ გამოძიებაზე იმავე დღეს შეუცვლიათ კვალიფიკაცია და აღარ გაგრძელებულა გამოძიება?“

შეკითხვის აცილება პროკურორმა მოითხოვა, რადგან ის ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს არ უკავშირდებოდა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა. გამომძიებელს პასუხის გაცემა აღარ მოუწია.

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: