მთავარი,სიახლეები

რა ღირს იახტის, იალქნიანი ნავისა და სასეირნო გემის დაქირავება ბათუმში

28.04.2018 • 19679
რა ღირს იახტის, იალქნიანი ნავისა და სასეირნო გემის დაქირავება ბათუმში

თუ ბათუმში ხართ და ზღვაზე გასეირნებას გადაწყვეტთ, ამისთვის ბათუმის იახტკლუბს უნდა მიაკითხოთ. იახტკლუბში გემით გასეირნების ფასები 10 ლარიდან იწყება. ყველაზე იაფი დიდი სასეირნო გემია. ნახევარი საათი ერთ ადამიანს 10 ლარი დაუჯდება. თუმცა ამ შემთხვევაში იძულებული იქნებით სხვა ტურისტებს დაელოდოთ და როცა გემი შეივსება, ზღვაში შემდეგ გახვიდეთ.

თუ გემზე წვეულების მოწყობას გადაწყვეტთ, ერთი საათით დაქირავება 200-დან 300 ლარამდე დაგიჯდებათ. ეს ივლისამდე. ივლისიდან ფასები გაიზრდება და ერთი საათის ღირებულება 500 ლარი იქნება.

სასეირნო გემი

თუ სხვა ტურისტებისთვის ლოდინის დრო არ გაქვთ, მაშინ ორი ვარიანტი გრჩებათ:  ან იახტა დაიქირაოთ, ან იალქნიანი ნავი. იახტის დაქირავება ნახევარი საათით, სულ მცირე, 70 ლარი ღირს, ერთი საათით – 140 ლარი. ივნისიდან ფასები იახტებზეც გაიზრდება და ნახევარი საათით დაქირავება 100 ლარი ეღირება. ნახევარი საათით დაქირავების დროს იახტა ბათუმის იახტკლუბიდან სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარე ტერიტორიამდე მიდის და შემდეგ უკან ბრუნდება. ერთი საათით დაქირავების შემთხვევაში კი იახტა მწვანე კონცხის მიმართულებით მიდის.

თუ გადაწყვეტთ, რომ თავი ნამდვილ მეზღვაურად იგრძნოთ, მაშინ სჯობს იალქნიანი ნავი დაიქირაოთ. ნავის დაქირავება ერთი საათით 60 ლარი დაგიჯდებათ.

იალქნიან ნავზე, რომელსაც მოტორიც აქვს, სულ შვიდი ადამიანი ეტევა. მაგრამ თუ სრულად დაიტვირთება, იალქნის გაშლა შეუძლებელი იქნება. როგორც იალქნიანი ნავის მეპატრონემ, რუსლან კარაპეტიანმა გვითხრა, იალქნის გაშლა ორ ადამიანზეა რეკომენდებული. ასე თავგადასავალიც უფრო საინტერესო და დაუვიწყარი გამოდის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: