მთავარი,სიახლეები

რატომ მუშაობენ აჭარა TV-ში „კახეთიდან და ჩხოროწყუდან“ – კიდევ რა ჰკითხეს ბორდს უმაღლეს საბჭოში

27.04.2018 • 4840
რატომ მუშაობენ აჭარა TV-ში „კახეთიდან და ჩხოროწყუდან“ – კიდევ რა ჰკითხეს ბორდს უმაღლეს საბჭოში

„ამბობენ, რომ ბორდი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის გავლენის ქვეშაა“ – ეს ბრალდება უმაღლეს საბჭოში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრების მოსმენისას გარკვეულმა ჯგუფებმა გაახმოვანეს. ამ ჯგუფმა ისაუბრა იმაზეც, რომ ტელევიზიაში ლიბერალური აზრები დომინირებს. ერთ-ერთი პირი იმითაც კი დაინტერესდა, რატომ მუშაობენ ადამიანები საზოგადოებრივ მაუწყებელში კახეთიდან და ჩხოროწყუდან და რატომ არ  დაასაქმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადგილობრივები.

ამ გამონათქვამებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები არ გაემიჯნენ. სამაგიეროდ, დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა იმაზე ისაუბრა, რომ „აჭარის მაუწყებელში თანამშრომლები თავს დაუცველად გრძნობენ“ და მიიჩნევენ, რომ „განსხვავებული აზრის გამო შესაძლოა მათზე რეპრესიები განხორციელდეს“.

აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებმა დღეს უმაღლესი საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხეს. რა კითხვები ჰქონდათ დეპუტატებს და რა უპასუხეს მათ ბორდის წევრებმა, ამაზე „ბათუმელებთან“ ბორდის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნატა იმედაიშვილმა ისაუბრა.

ნატა, რა საკითხებით დაინტერესდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, როგორ შეაფასეს ბორდის მუშაობა და როგორი იყო თქვენი მოლოდინები?

ანგარიში წარვადგინეთ 30 მარტს, როგორც ეს კანონით იყო გათვალისწინებული. კანონით არის დაზუსტებული რა საკითხები უნდა იყოს განმარტებული და რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მათ. ეს ყველაფერი გვქონდა დაზუსტებული და გადაცემული, გარე აუდიტის დასკვნა კი მოგვიანებით გავაგზავნეთ უმაღლეს საბჭოს.

რაც შეეხება მოლოდინებს, რა თქმა უნდა, გვქონდა მოლოდინები, რომ იმ საკითხებით დაინტერესდებოდნენ, რა კითხვებიც დასვეს: ეს არის რეიტინგი, საკადრო პოლიტიკა, რა თქმა უნდა,  ეს ეხებოდა გადაცემების დახურვას და ახალი გადაცემების დაწყებას.

შინაარსი ის საკითხია, რაშიც მრჩეველთა საბჭო ვერ ერევა, ისევე როგორც საკადრო პოლიტიკაში. თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 2017 წლის ბოლოდან, როდესაც დოკუმენტური ფილმები დახურა მენეჯმენტმა, მას შემდეგ დღის წესრიგში იყო ეს საკითხი და ეს გასაჯაროვდა, რის შემდეგაც სამუშაო რიტმიდან ამოვარდნას ჰქონდა ადგილი.

რამდენიმე დეპუტატი საუბრობდა იმაზე, რომ ჟურნალისტებს აქვთ დაუცველობის განცდა. თქვენ ხომ არ იცით, რა დაუცველობაზეა საუბარი? 

მათ არ დაასახელეს ადამიანების ვინაობა. აღნიშნეს, რომ როდესაც ჩაინიშნა საკომიტეტო მოსმენები გააქტიურდა ხალხი აჭარის ტელევიზიიდან, რომლებიც არიან რაღაცით უკმაყოფილო, ან შესაძლებელია კმაყოფილი. ისინი ითხოვდნენ პასუხს. კონკრეტულად რომელ ჯგუფზე ლაპარაკობდნენ ვერ გეტყვით, რადგან იდენტიფიცირება მათ არ მოუხდენიათ.

თუმცა მე ვიცი, რომ არსებობდა ტელევიზიაში წერილი ჩვენთვის, ბორდისთვის. ადამიანების ჯგუფი აგზავნიდა წერილს, რომელსაც ხელს აწერდა 70 ადამიანი. ეს, ძირითადად, ეხებოდა საკადრო პოლიტიკას და მოითხოვდნენ რაღაც ცვლილებას. თუმცა, ეს წერილი ჩვენთან არ შემოსულა.

ანუ ტელევიზიის ჟურნალისტები წერდნენ დეპუტატებს დახმარების თხოვნით?  

რომელი ჟურნალისტი წერდა რომელ დეპუტატს პირადში, ეს მე არ ვიცი. თუმცა, ორმა დეპუტატმა თქვა, რომ ისინი ხშირად არიან სწორედ ამ მიმოწერაში. დეპუტატებმა თქვეს, ჩვენ გვწერენ ჟურნალისტები და გვწერენ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებიო. როგორც ჩანს, ისინი ითხოვენ, რომ უფრო მკაცრი იყოს აჭარის უმაღლესი საბჭო, ვინაიდან ისინი ვერ გრძნობენ თავს დაცულად, რადგან შესაძლებელია რაღაცის მოთხოვნა, რაღაცის გაჟღერება უნდათ.

აქცენტი გაკეთდა კიდევ იმაზე, რომ გარკვეული ადამიანებისთვის ტელევიზია არის დაკეტილი, რამდენად რეალურია ეს პრეტენზია?

ეს  შენიშვნა არ ყოფილა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან, სამოქალაქო სექტორის რამდენიმე წევრი „ახალგაზრდული პლატფორმიდან“ ამბობდა, რომ აჭარის ტელევიზიაში ისმის ულტრალიბერალების ხმა და არ ისმის კონსერვატორების ხმა.

უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ ახალგაზრდების ინტერესებზე გაამახვილა ყურადღება და ჩვენც გვიწერია ეს პრიორიტეტებში. კვლევაც ადასტურებს, რომ აჭარის ტელევიზიის მაყურებელი არის 40 წლის ასაკის და ზევით.

ჩანდა, რომ იქ პირად წყენაზეც საუბრობდნენ. მაგალითად, თქვეს, რომ არ იწვევენ ეთერში ან შეამოკლეს მისი კომენტარი.

ძალიან ბევრი კითხვა იყო, რომელიც საქმიან ვითარებას არ გასცდენია. ჩვენ გაკვეული ხაზგასმა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ სარედაქციო პოლიტიკაში და კონტენტის შექმნაში ვერც მრჩეველთა საბჭო და ვერც ერთი ადამიანი ვერ ჩაერევა. მე მგონია, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მიღწევა.

ნატა იმედაიშვილი

დღეს უმაღლეს საბჭოში იმითაც დაინტერესდნენ, რატომ ჩამოჰყავთ ტელევიზიაში თანამშრომლები ჩხოროწყუდან და რატომ არ ასაქმებენ ადგილობრივებს. ეს რას ნიშნავს?

ეს არ ყოფილა უმაღლესი საბჭოს წევრებისგან, არ ყოფილა საუბარი მათგან. საუბარი იყო იმაზეც, რომ ამ ადამიანებს უხდიან ბინის ქირას, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ასე არ არის. სხვა მხრივ მე მათთან პოლემიკაში არ შევსულვარ, რადგან ეს იყო საქმიანი შეხვედრა. უმაღლესი საბჭოს წევრებს არ უთქვამთ, რომ მათ აკლიათ ეთერი. ერთ-ერთი გარეშე პირი ამბობდა, რომ თვითონაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლია, მაგრამ არ იწვევენ იგივე სიხშირით რა სიხშირითაც სხვებს.

მაგრამ უმაღლესი საბჭოს წევრებს არ უთქვამთ, რომ ემიჯნებიან ამ შინაარსის განცხადებებს…

მე მითხრა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომ შემეძლო გამეცა პასუხი. ისინი ჩვენგან ელოდნენ ამაზე პასუხს.

თქვენ მიგითითეს იმაზეც, რომ ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის გავლენის ქვეშ ხართ… 

დიახ ითქვა, რომ ჩვენ ვართ დირექტორის გავლენის ქვეშ და ვერ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რომ დავაყენოთ მისი პასუხიმგებლობის საკითხი და აქედან გამომდინარე ჩვენი პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

მე, პირადად, შემიძლია ვთქვა, თუ რამე საკითხი იყო, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა და ნამდვილად იყო ისეთი საკითხები, როცა მე ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი მართალი და მენეჯმენტს ჰქონდა განსხვავებული აზრი… მაგრამ მენეჯმენტს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება.

მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: