მთავარი,სიახლეები

რატომ დატოვა პედაგოგმა საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვებზე ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო

27.04.2018 • 2448
რატომ დატოვა პედაგოგმა საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვებზე ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო

პედაგოგმა, რომელმაც მშობელს ბავშვის ტირილის შესახებ ტელეფონით აცნობა, ხოლო შემდეგ გამოძიება ბავშვებზე ძალადობის მუხლით დაიწყო, ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღი დატოვა თუ დაატოვებინეს. საუბარია ამ საბავშვო ბაღში რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე – ერთ-ერთმა მშობელმა, ინგა დავითაძემ „ბათუმელებთან“ ბავშვების პარაზიტებზე ანალიზის პროცესი აღწერა და თქვა: „ბავშვებს ერთმანეთის დასანახად აშიშვლებდნენ“

ამ ფაქტზე შს სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო. საკითხის შესწავლაში ჩართულია სახალხო დამცველიც.

შემთხვევიდან რამდენიმე დღეში საბავშვო ბაღის პედაგოგმა – ი. ბ.-მ ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღი დატოვა. იგი სამუშაოდ გოროდოკის დასახლებაში მდებარე მე-19 საბავშვო ბაღში გადაიყვანეს. მე-14 საბავშვო ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ეს პედაგოგის სურვილი იყო. ბავშვის მშობელი კი აცხადებს, რომ „პედაგოგი მშობელთან დარეკვის გამო ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ დასაჯა“.

„ჩემი ბავშვი შეჩვეული იყო ამ მასწავლებელს და მას კიდევ ერთი ტკივილი მიაყენეს. ამ ინციდენტის შემდეგ პედაგოგს უსაყვედურეს, რომ მას ჩემთან არ უნდა დაერეკა, როცა ბავშვი ტიროდა და ვერ აჩერებდნენ. უთხრეს, რომ თვითონ უნდა გამკლავებოდა ამას, სუსტი ხარ, ტონს უნდა აუწიო და ბავშვებს შენი უნდა ეშინოდეთო. ეს არ არის ბაღის დირექტორის გადაწყვეტილება. საბავშვო ბაღების გაერთიანებამ აიძულა პედაგოგი გადასულიყო სხვა ბაღში, რომელიც მისგან მოშორებით მდებარეობს,“ – ამბობს ინგა დავითაძე, რომლის შვილიც ისევ ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში დადის.

„პედაგოგი გადავიდა მე-19 საბავშვო ბაღში თავისი სურვილით. ეს არ უკავშირდება პარაზიტული ჭიების ანალიზის პროცესს. დიდი ხანია განიხილებოდა ეს თემა. საბოლოოდ იქ გამოჩნდა ადგილი და წავიდა“, – გვითხრა მაია ხუხუნაიშვილმა, ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღის დირექტორმა.

რატომ შეიძლებოდა პედაგოგს გასჩენოდა სურვილი გადასულიყო სამუშაოდ იმ საბავშვო ბაღში, რომელიც მისგან ტერიტორიულად შორს არის? – მაია ხუხუნაიშვილმა ამ კითხვაზე გვიპასუხა, რომ „ეს მისი პრობლემაა“. ბაღის დირექტორის თქმით, მან იცის, რა პრობლემა ჰქონდა პედაგოგს, „მაგრამ ამაზე უმჯობესია თავად პედაგოგმა ისაუბროს“.

დირექტორისგან განსხვავებით, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს მამუკა შამილიშვილს მიაჩნია, რომ “ეს პედაგოგი იყო გამოუცდელი, რთული ჯგუფი შეხვდა და თავი ვერ გაართვა”. მამუკა შამილიშვილის თქმით, პედაგოგმა პარაზიტებზე ანალიზების დაწყებამდე თავად ითხოვა სხვა ჯგუფში გადაყვანა.

“ბაღის დირექტორისგანაც მქონდა შეტყობინება, ჯგუფს ვერ იმორჩილებს და მშვიდად ვერ ვარო. არ მინდოდა, ერთი ხელის მოსმით სამსახური დაეკარგა… მარტში დამხმარე აღმზრდელი მივამაგრეთ. მოგვარდა სიტუაცია, მაგრამ შემდეგ ის აღმზრდელი სხვა ბაღში დარჩა საჭირო. მე-19 ბაღში დაბალი ასაკის ჯგუფში როგორც კი გამოჩნდა ადგილი, გადავიყვანეთ. თან ვუთხარი, რომ თუ აქაც ვერ გაართმევთ თავს, გამოდის, არაა პედაგოგობა თქვენი მოწოდება-მეთქი. მე-19 ბაღის დირექტორი მეუბნება, რომ ახალ ჯგუფს თავს, ჯერჯერობით, კარგად ართმევს,”- გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.

„ბათუმელები“ მე-14 საბავშვო ბაღის ყოფილ პედაგოგს – ი. ბ.-ს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა. მან კატეგორიული უარი განაცხადა ჩვენთან გასაუბრებაზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: