მთავარი,სიახლეები

„მივიღებთ კარიკატურას“ – ლევან ღამბაშიძე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ

27.04.2018 • 3279
„მივიღებთ კარიკატურას“ – ლევან ღამბაშიძე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ

როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, საქართველოს პარლამენტმა რომ მიიღოს კანონპროექტი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე“? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს ესაუბრა.

თქვენი აზრით, რა მოცემულობაში მოგვიწევს ცხოვრება, დავუშვათ და პარლამენტმა მიიღოს კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე? როგორ შეიძლება ეს აისახოს ხელოვნებაზე, კულტურაზე, რაზე შეიძლება მოგვიხდეს უარის თქმა?

დარწმუნებული ვარ, ეს კანონი არ გავა, მაგრამ რომ გავიდეს და აღსრულება დაიწყოს, ძალიან უცნაურ სამყაროში ვიცხოვრებთ.

ყველა ადამიანს, რომელიც თავს იგრძნობს რელიგიურად შეურაცხყოფილად, ექნება უფლება უჩივლოს ნებისმიერს. ეს ყველაზე მეტად შეიძლება შეეხოს ხელოვნებას, კინოს, მუსიკას, ტექსტების გაფილტრვა მოითხოვონ…  ეს ჩვეულებრივი ცენზურაა. ჩვენ ვიცით, როგორ მოქმედებდა პოლიტიკური ცენზურა საბჭოთა კავშირში, იგივე იქნება, ოღონდ რელიგიური კუთხით.

აბსურდულ სიტუაციაში ვიქნებით, რადგან, მაგალითად, მე შემიძლია ვუჩივლო მანქანის მძღოლებს, რომლებიც ხატებს აკრავენ ტორპედოზე, რადგან მიმაჩნია, რომ ხატის ადგილი არ არის მანქანაში, ასეთია ჩემი რელიგიური აღქმა და ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად. ვინ აღასრულებს ამას? დაუშვებს თუ არა სასამართლო, რომ ეს არის საკმარისად შეურაცხმყოფელი? არ არსებობს ფორმულა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის, რომელსაც დაეყრდნობა სასამართლო და მოუწევს თვითონ განსაზღვროს, რა შეიძლება ჩავთვალოთ შეურაცხმყოფლად და რა – არა. ეს პრობლემურია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის გრძნობებზე.

უფრო მეტიც, ჩემს რელიგიურ გრძნობებს შეიძლება შეურაცხყოფდეს მდიდარი მღვდელი ან სასულიერო პირი, რომელიც ძვირადღირებული მანქანით დადის, რადგან მე ქრისტიანობაში ვისწავლე, რომ ღვთის მსახურმა უნდა გასცეს ყველაფერი და იყოს ღარიბი. შესაბამისად, ეს ჩემს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს და ვუჩივლებ მღვდლებს.

გარდა ამისა, ასეთი კანონი შეიძლება შეეხოს ლიტერატურას და ნებისმიერ რამეს ჩვენს ყოველდღიურობაში. არარელიგიურ ხალხსაც შეუძლია რელიგიური ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს ეს კანონი და მივიღებთ კარიკატურას.

მაგალითად, რომელ ნაწარმოებებს, ფილმებს შეიძლება შეეხოს მსგავსი კანონი, თქვენი აზრით?

ფილმი „ლაზარე“, სადაც არის მღვდელი და დიაკვანი, „ლონდრე“… მიხეილ ჯავახიშვილს აქვს წერილები, სადაც აკრიტიკებს სასულიერო პირებს. რომ მივსდიოთ, ბევრ ნაწარმოებს ვნახავთ ლიტერატურაში. გალაქტიონის რომელიმე ლექსი შეიძლება მივიჩნიოთ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად. ნინო ქათამაძის ტექსტშიც ან სიმღერის მანერაშიც მე შეიძლება რაღაც მინიშნება დავინახო ისეთი, რასაც ჩავთვლი რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფად.

კადრი თამაზ მელიავას ფილმიდან „ლონდრე“

ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ კანონმდებლობა ამ და სხვა, ნებისმიერი ფორმით გამორიცხულია რომ გავიდეს. თუ დავაკვირდებით სასულიერო პირების რეაქციასაც, ჩანს თვითონაც მიხვდნენ, რომ დადგებიან პრობლემის წინაშე. მაგალითად, მეუფე სპირიდონი, რომელიც გამოირჩევა ძალიან აგრესიული ტექსტებით სხვა რელიგიების მიმართ, პირდაპირ ამბობს, რომ როცა მე გავაკრიტიკებ სხვა რელიგიას, ვიღაცამ შეიძლება ეს ჩათვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, ამიტომ მხოლოდ მართლმადიდებლებზე უნდა ვრცელდებოდეს ეს კანონიო, ეს არის აბსურდი, კონსტიტუციის თავდაყირა დაყენებაა და არა მგონია, რომელიმე მთავრობა წავიდეს ამაზე.

თუმცა ბოლო წლებია ეს კანონპროექტი უკვე მესამედ ბრუნდება განსახილველად. ეს რატომ ხდება, თქვენი აზრით?

ამ კანონს აქვს პოლიტიკური დატვირთვა.

ხშირად მოჰყავთ არგუმენტად, რომ ეს კანონი ევროპაშიც არსებობს. ევროპის ქვეყნებში ეს კანონი არსებობს მკვდარი ფორმით, ან უკვე იღებენ კანონმდებლობიდან, რადგან გამოხატვის თავისუფლება არის მთავარი და იმ მიზეზების გამო, რაზეც ვისაუბრეთ.

ერთადერთი, ვინც ბოლო წლებში ამ კანონს იყენებს, არის რუსეთის ფედერაცია. პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთი სწორედ ამ იდეოლოგიას სთავაზობს, რომ რუსეთში თუ ვიქნებით, ვიქნებით დაცული რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფისგან და გარყვნილებისგან.

რუსეთში რამდენიმე წლის წინ მიიღეს ეს კანონი, დასაჯეს „პუსი რაიოტი“, რომელთაც ეკლესიაში იმღერეს, დაიჭირეს რამდენიმე ბლოგერი. თავისი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც თავს მართლმადიდებლებად მოიაზრებენ, რუსეთი სთავაზობს ამ მოდელს, რომ ჩვენ დაგიცავთ შეურაცხყოფისაგან.

ჩვენთან ეს ექოა რუსეთიდან.

კანონპროექტი შეიტანა ემზარ კვიციანმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით რაღაცებს ამბობდა საქართველოს სახელმწიფოზე, რაც ორ აზრს აღარ ტოვებს, თუ ვისი იდეაა ამ კანონპროექტის გააქტიურება ახლა.

ეს კანონი არის თითქოს კანონმდებლობის დონეზე გადადგმული რელიგიური ნაბიჯი. თუ დავაკვირდებით, „ქართულ ოცნებას“ ახლა კრიზისი აქვს, ისეთი სერიოზული, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა. ამას გარდა, ბოლო განხეთქილება იყო სწორედ რელიგიურ ნიადაგზე, ნინია კაკაბაძე გავიდა [საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად] და „ქართული ოცნება“ მონასტერში გაიხიზნა მოსანანიებლად.

ახლა ეს ჟესტი, კანონპროექტზე საუბარი, შეიძლება ქართველი ამომრჩევლის გრძნობებზე თამაშად მოვიაზროთ, რომ სინამდვილეში ჩვენ რელიგიის და მართლმადიდებელი ხალხის გრძნობების სადარაჯოზე ვდგევართ. ამიტომ მე ამ კანონპროექტს არ ვუყურებ როგორც სინამდვილეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რომელსაც ერთი მხრივ, იყენებს რუსეთი და მეორე მხრივ, იყენებენ პოპულისტი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ რელიგიურ თემებზე ქულების დაწერა არის გამართლებული და მომგებიანი.

________

მთავარ ფოტოზე: ლევან ღამბაშიძე. ფოტო: განათლების ალტერნატიული ცენტრი საზოგადოებისათვის   

ამავე თემაზე: მალხაზ სონღულაშვილი: ქრისტე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო გააკრეს ჯვარზე 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: