მთავარი,სიახლეები

ქობულეთის ოთხი სოფლის მოსახლეობა კომპენსაციის გაზრდას ითხოვს

27.04.2018 • 2387
ქობულეთის ოთხი სოფლის მოსახლეობა კომპენსაციის გაზრდას ითხოვს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის 160 ოჯახი კომპენსაციის გაზრდას ითხოვს. დღეს, 27 აპრილს, ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ და მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები, სოფელ წყავროკასთან ახლოს ნაგავსაყრელის მშენებლობის გამო, მოსახლეობისთვის სამართლიანი კომპენსაციის გადახდას ითხოვენ.

„ჩვენ ძალიან დაბალი კომპენსაცია გადაგვიხადეს, ერთ კვადრატულ მეტრზე 5,6 ლარი, რაც მიწის ნორმატიულ ფასთან შედარებით ძალიან დაბალია, მაშინ როცა ნორმატიული ფასი 8 ლარია კვადრატულ მეტრზე.

ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ რომ 2,5 ლარი დაგვიმატონ და გადაგვიხადონ ის კომპენსაცია, რაც გვეკუთვნის“-ამბობს სოფელ წყავროკას მცხოვრები მიხეილ ნოღაიდელი.

სოფელ წყავროკის მოსახლეობა კომპენსაციის გაზრდას ითხოვს
ფოტო: ლელა დუმბაძე

„მე 700 კვადრატული  საყანე ფართობი დავთმე. ვფიქრობ რომ რაც გადაგვიხადეს, არ არის სამართლიანი კომპენსაცია და ვითხოვთ თანხის დამატებას“-ამბობს ამავე სოფლის მაცხოვრები რეზო ქათამაძე.

მოსახლეობის თქმით, თავის დროზე აუდიტის სამსახურმა მათი მიწა, 3,50 ლარად შეაფასა, რაც სახელმწიფოს მიერ დადაგენილ ფასს არ შეესაბამება.

სოფლის მცხოვრებლებს ხელშეკრულებაზე ხელი აქვთ მოწერილი, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს იძულების გამო გააკეთეს.

„მოსახლეობა დააპირისპირეს ერთმანეთთან, ზოგი თანახმა იყო შემოთავაზებულ კომპენსაციაზე, ზოგი არა. ამიტომ იძულებული ვიყავით ხელი მოგვეწერა, თუმცა იყო დაპირება რომ კომპენსაციას კიდევ გაგვიზრდიდნენ“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.

მთავრობის სახლთან შეკრებულ მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ნაცვლად, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეტარტამენტის უფროსი, კახა შაშიკაძე შეხვდა.

მოსახლეობა ამბობს, რომ თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ისინი ნაგავსაყრელის აშენების უფლებას მთავრობას არ მისცემენ.

მან განაცხადა რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ სოფლებთან ახლოს საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობას გეგმავს. რაც შეეხება კომპენსაციის დამატებას, შაშიკაძე ამბობს, რომ ამაზე მოსახლეობამ პასუხი პროექტის განმახორციელებელი უწყების, ანუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან უნდა მიიღოს.

„მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში. იმ შემთხვევაში თუკი, შეთანხმება არ მოხდება, მაშინ დავა სამართლებრივი გზით უნდა გადაწყდეს“ – ამბობს შაშიკაძე.

აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ სახელმწიფო მათ მოთხოვნებს თუ არ დააკმაყოფილებს, ისინი ნაგავსაყრელის მშენებლობას ხელს შეუშლიან.

ქობულეთში ნაგავსაყრელს შპს „ჰიგიენა“ აშენებს, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაარსებული კომპანიაა. კომპანიისს დირექტორის მოადგილე ნოდარ კონცელიძე, მოსახლეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის ერთი ჯგუფის და არა მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა.

„ამ ადამიანებმა კომპენასცია მიიღეს სახელმწიფოს კეთილი ნებით და აუდიტის დასკვნის შესაბამისად. თუ ასეთი სტრატეგიული ობიექტის აშენება არ გვინდა, მაშინ ველოდოთ მოსახლეობას – რამდენჯერაც თანხას მოითხოვენ, რამდენჯერაც ფინანსური პრობლემები შეექმნება, იმდენჯერ უნდა გადავუხადოთ?“ – ამბობს ნოდარ კონცელიძე.

მისი თქმით, ნაგავსაყრელი რეგიონის ეკოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და  „პროექტის დაწყების წინ, კომპენსაციების მოთხოვნა არა მგონია სწორი იყოს. ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს“.

ამავე თემაზე:

ახალი ნაგავსაყრელი და მითვისებული მილიონები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: