ბათუმი,მთავარი,სიახლეები

საბავშვო მოედანი და საგანმანათლებლო ცენტრები – რას ითხოვენ მთის სოფლებში

27.04.2018 • 4583
საბავშვო მოედანი და საგანმანათლებლო ცენტრები – რას ითხოვენ მთის სოფლებში

ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისათვის – არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.

26 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლებში: ჯვარიქეთსა და იაკობაძეებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორი აჭარაში, ასლან ჭანიძე სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა და  მათგან ის საკითხები მოისმინა, რომელთა გადაჭრაც მოსახლეობას პირველ რიგში სურს.

სოფელ ჯვარიქეთში, სადაც 28 ოჯახი ცხოვრობს, შეხვედრა სოფლის სარიტუალო სახლში შედგა. სოფლის მცხოვრებთათვის პრიორიტეტი სწორედ ამ სახლის გაფართოებაა. სარიტუალო სახლი ერთდროულად ასრულებს როგორც თავშეყრის ადგილის, ისე სოფლის კინოკლუბის ფუნქციას. როცა სოფელში ვინმე გარდაიცვლება, ქელეხის სუფრასაც  ამ სახლში შლიან.

ჯვარიქეთელებს სოფლის კინოკლუბისათვის გამოცემა „ბათუმელების“ სახელით DVD ფლეერი გადაეცა.

შეხვედრაზე მცხოვრებლებმა ყველა ის საკითხი ჩამოთვალეს, რისი მოგვარებაც სურდათ. სოფლის მთავარ პრობლემად კი მოუწესრიგებელი გზა დაასახელეს. ჯვარიქეთამდე მისასვლელი სამანქანო გზა ავარიულია. სოფელს აქვს ასევე ერთკილომეტრიანი ე.წ. მოკლე გზა, რომელიც სათემო ცენტრთან, დიოკნისთან აკავშირებს. გზა სოფლიდან ციცაბო დაღმართზე გადის და ავარიულია. მასზე ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელია. ბავშვებს სკოლასა და ბაღში წასვლა ყოველდღე, ამ სახიფათო გზით უწევთ.

ამ გზაზე სკოლის მოსწავლეები და ბაღის ასაკის ბავშვები ყოველდღიურად გადაადგილდებიან

სოფლის სახლში შეკრებილი ჯვარიქეთელები ერთი საათის მანძილზე ბჭობდნენ რა უფრო მნიშვნელოვანი იყო სოფლისთვის – გზა თუ სოფლის სახლის გაფართოება.

„გზის გაკეთება მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა, სოფლის სახლის გაფართოებაზე კი არ აიღებენ ვალდებულებას, ამიტომ სჯობს სარიტუალო სახლი გავაფართოვოთ და გზის შეკეთება მუნიციპალიტეტს მოვთხოვოთ,“ – გადაწყვიტა კრებამ საბოლოოდ.

შეხვედრა სოფელ ჯვარიქეთში

შეხვედრა სოფელ ჯვარიქეთში

 

შეხვედრა სოფელ იაკობაძეებში

სოფლის საგანმანათლებლო სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა დასახეს პრიორიტეტად სოფელ იაკობაძეებშიც. სოფელმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ რამდენიმე წლის წინ სარიტუალო ინვენტარი შეიძინა, თუმცა ამ დრომდე არ აქვთ შენობა, სადაც ამ ინვენტარს განათავსებენ. სოფელში არ არის ასევე ადგილი, სადაც მოსახლეობა შეიკრიბება.

26 აპრილს „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა მოსახლეობასთან შეხვედრა საბაზო სკოლის შენობაში გამართა. იაკობაძეების მცხოვრები მზია იაკობაძე სოფელში არსებულ ორ მნიშვნელოვან საკითხს გამოკვეთს. მისი თქმით, სოფელს სჭირდება საბავშვო გასართობი ატრაქციონი და საგანმანათლებლო სახლი, სადაც მოეწყობა ბიბლიოთეკა, დაიდგმება კომპიუტერი, ეს უნდა იყოს თანასოფლელების შეკრების ადგილი, სადაც სხვადასხვა პრობლემატურ საკითხს განიხილავენ.

სოფელ იაკობაძეების მცხოვრებნი იმ პრობლემებს წერენ, რომელთა მოგვარებაც სოფელს სურს

შეხვედრა სოფელ იაკობაძეებში„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ თითოეულ სამიზნე სოფელს პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოსაგვარებლად 3 000 ლარს გამოუყოფს. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემის მოგვარებას მეტი თანხა დასჭირდება, მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან და არსებობს შანსი, დაფინანსების თანხა 8 ათას ლარამდე გაიზარდოს.

ორგანიზაცია პროექტს აჭარის გარდა კიდევ სამ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში თემის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით. ორგანიზაცია ასევე  აპირებს ადგილობრივი ხელისუფლების სამუშაო და სათემო საინიციატივო ჯგუფებისთვის რეგულარული ტრენინგ-სემინარების ორგანიზებას.

პროექტს გერმანული ორგანიზაცია „Bread for the World“-ი აფინანსებს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/129141/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: