კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ყოფილი „უნივერსამის“ შენობა შესაძლოა დაანგრიონ

26.04.2018 • 7185
ბათუმში ყოფილი „უნივერსამის“ შენობა შესაძლოა დაანგრიონ

შპს „DS Group“-ი  ბათუმში, პუშკინის #132-ში, სადაც სავაჭრო ცენტრი „მოსკოვი“ [ყოფილი „უნივერსამი“] და სარიტუალო დარბაზი „ოდიშია“ განთავსებული, ახალი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს.

სავაჭრო ცენტრში დასაქმებულების ინფორმაციით, ისინი ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, #5ა-ში, ამავე კომპანიის მიერ აშენებულ მრავალფუნქციური სახლის პირველ ორ სართულზე აპირებენ გადასვლას. „იქ გაიხსნება დიდი სავაჭრო ცენტრი, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი, თანაც ბევრად ცენტრალურ ადგილზე ვიქნებით, ვიდრე ახლა ვართ“, – ამბობს მზია ფარტენაძე, რომელიც ამ დრომდე სავაჭრო ცენტრ „მოსკოვში“ წინდების ბიზნესითაა დაკავებული. იგივე მოსაზრება აქვს აქ დასაქმებულების უმეტესობას. ისინი ფიქრობენ, რომ ახალ მისამართზე უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლებათ.

შპს „N+“-ის  დირექტორი ნუკრი სალაძე, რომელიც ამ დრომდე შპს „მოსკოვის“ მოიჯარე იყო, ამბობს, რომ  სავაჭრო ცენტრისთვის ისევ საიჯარო პირობით ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, #5ა-ში გადადის: „ალბათ ორ ან სამ თვეში გადავალთ, შენობა დასრულებულია და მიმდინარეობს შიდა სამუშაოები.“

შპს „მოსკოვის“ საკუთრებაში არსებული შენობა, რომელიც მესაკუთრეებმა შპს „DS Group“-ს   უკვე მიჰყიდეს [4161 კვადრატული მეტრი], ორსართულიანია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია მოქცეული. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნით, ახალი პროექტი სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს, შემდეგ კი, პროექტს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური განიხილავს.

„DS Group“-ის იურისტის, ამირან ცეცხლაძის ინფორმაციით, კომპანიას ადგილი უკვე გამოსყიდული აქვს და ახლა პროექტის ესკიზზე მუშაობს, რომ შემდეგ ის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარუდგინოს.

სააგენტოში განმარტეს, რომ „DS Group“-მა პუშკინის #132-ში მშენებლობის პროექტით ზონალურ საბჭოს ერთხელ უკვე მიმართა, თუმცა საბჭომ განცხადება არც კი განიხილა, რადგან კომპანიამ პროექტი ისე შეადგინა, რომ მომიჯნავედ გადაფარა არქეოლოგიური მუზეუმის საკუთრებაში არსებული ტერიტორია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: