მთავარი,სიახლეები

რუსი ჟურნალისტი, კონსტანტინ ეგერტი: დასავლეთი უნდა მოემზადოს პუტინის ეპოქის დასასრულისთვის

25.04.2018 • 4745
რუსი ჟურნალისტი, კონსტანტინ ეგერტი: დასავლეთი უნდა მოემზადოს პუტინის ეპოქის დასასრულისთვის

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი ბათუმში დამთავრდა. სემინარზე ექსპერტები, ელჩები, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვიდნენ მოხსენებებით. საუბრები ეხებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სხვა საკითხებს.

რუსეთის ფაქტორის შესახებ სემინარზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოხსენება გაკეთდა. რუსმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, კონსტანტინ ეგერტმა ისაუბრა რუსეთში არსებულ სიტუაციაზე და კრემლის გავლენებზე კავკასიაში. რუსმა ჟურნალისტმა თავისი მოხსენება სომხეთში მიმდინარე მოვლენების შესაფებით დაიწყო და თქვა, რომ დღეს არსებული სურათის მიხედვით, სავარაუდოდ, „კრემლს სომხური რევოლუცია გამორჩა“.

კონსტანტინ  ეგერტი:

„მას შემდეგ, რაც 2009 წელს პეტერბურგში იყო გამოსვლები, რუსეთმა ვეღარ შეძლო საბოლოოდ გამოსულიყო იმ ქაოსიდან, რომელშიც აღმოჩნდა.

კრემლი დგას კლასიკური დილემის წინაშე. დემოკრატია არავის უნდა – ორი გზა არსებობს ქვეყნის მართვის. ერთი, ეს ჩინური თუ სინგაპურული გზაა, სადაც ხალხს ეუბნები გამდიდრდი, მაგრამ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი. ეს გზა პუტინისთვის უკვე მიუღებელია. პუტინი ფიქრობს, რომ წინა საპრეზიდენტო ვადის დროს ეს მოდელი უკვე განახორციელა. რეალურად ძალიან დიდი ზრდა განიცადა ცხოვრების დონემ რუსეთში. მიზეზი იყო საწვავის მაღალი ფასი და მთავრობას მიაჩნია, რომ ეს მათი დამსახურებაა. მათივე ხედვით, ამ ზრდამ უკვე ეფექტი მოახდინა. დიდი ქალაქების საშუალო ფენა, ვისაც ეს აიფონები და ტვიტერები ჰქონდა, რუსეთის ხელისუფლებას უარყოფითად დაუბრუნდა. ეკონომიკური დამოუკიდებლობა ვეღარ ანაცვლებს სხვა საჭიროებებს.

აქედან გამომდინარე, რუსული იმპერიალიზაცია, მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დროს, სულ სხვანაირი უნდა იყოს. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში რაც ვნახეთ, ეს არის სახელმწიფო კაპიტალიზმის შემოღების მასიური პროგრამა. 1998 წელს, როდესაც რუსეთში ფინანსური კრიზისი იყო, ისეთი მსხვილი ორგანიზაცია, როგორიც „გაზპრომია“, ფლობდა ქვეყნის ქონების 62 ან 82 პროცენტს და მთლიანად მშპ-ც მათზე იყო დამოკიდებული. ბევრი მილიარდერი წარმოიშვა სწორედ ამ  ქონებიდან.

თავის დროზე კომუნისტური პარტიის პოლიტბიურო მართავდა რუსეთს. დღევანდელი ლიდერები კი არამარტო მართავენ რუსეთს, არამედ ფლობენ კიდეც. აქედან გამომდინარე, როდესაც კრემლი საუბრობს ეროვნულ ინტერესებზე, ნურასდროს ნუ აგერევათ – ის საუბრობს რამდენიმე ადამიანის ინტერესზე, რომელიც ასევე ფლობს „გაზპრომს“, იარაღის მწარმოებლებს და ნებისმიერ სხვა ბიზნესს. მცირე ჯგუფია ის ჯგუფი, რომელიც მართავს მთელ ქვეყანას.

კიდევ ერთი, რაც რჩება საბჭოთა ისტორიიდან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ქმნის „რუსლანდის სამეფოს“. ეს არის სწორედ ის, რაც ბატონმა პუტინმა აირჩია, დემოკრატიის გარეშე, ეკონომიკური სარგებლის მიწოდების გარეშე. მან ერთი რამ იცის და შეუძლია – ეს არის შექმნას ხელუხლებელი რუსეთი. და მნიშვნელობა არ აქვს, 56-58 თუ 60 პროცენტს მიიღებს არჩევნების დროს. ის პრეზიდენტი კი აღარ არის, არამედ კომენდანტია ქვეყნის. ფაქტობრივად, ჟანდარმი, ჯარისკაცი. ბრძოლის სუბიექტი კი არის დასავლეთი.

საინტერესოა, რომ 2014 წელს რუსეთში გაიზარდა ქსენოფობიური ტალღა. 2017 წელს ჩატარდა გამოკითხვა რუსეთში. 67-მა პროცენტმა მთავარ მტრად ამერიკა მიიჩნია. შემდეგი იყო უკრაინა. ბალტიისპირეთის ქვეყნები არ არიან ამ გამოკითხვაში შესული, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, ვინაიდან რუსეთში მიიჩნევენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მონები და აქედან გამომდინარე, ისინი მათთვის უმნიშვნელოა.

სწორედ ეს არის ის საკითხები, რომლებიც აისახება პროგრამებში და რომლებიც 24 საათის განმავლობაში რუსეთში ვრცელდება. ამასთან, ეს ინფორმაცია ვრცელდება რუსეთის გარეთაც. რიტორიკა, დასავლეთი თითქოსდა ჩაითრიეს ნატოში, რომ ამერიკული მაგნიტი, რომელიც ყველაფერს ყლაპავს – ეს პროპაგანდული აზროვნება არ არის. ეს არის სწორედ ის, თუ როგორ ხედავს ხალხი კრემლის შიგნით.

გაიხსენეთ რა მოხდა 2015 წელს, როდესაც დონბასის შეთანხმება გაფორმდა. რა თქმა უნდა, დონბასის შემთხვევა ეს არის ტრაგედია და ძალიან ცუდი. ასევე ეს არის წარუმატებელი ოპერაციის შედეგი, რომ აღმოსავლეთი ნაწილი ჩაეგდოთ ხელში. დონბასი დღეს, როგორც რუსები იტყვიან, არის ჩემოდანი სახელურის გარეშე, რომელსაც ვერ გადააგდებ, მაგრამ ამავე დროს თან ვერ ატარებ.

თუკი ავიღებთ სირიის მაგალითს, რომელიც შეიძლება ცოტა განსხვავებული სიტუაციაც კი იყოს – რატომ ენდომებოდა იქ ყოფნა რუსეთს. პუტინი დარჩა ამ რეგიონში, სადაც ის არ არის ყველაზე დიდი მოთამაშე. ეს არის ტიპური ძველი საბჭოთა ხელისუფლების შეხედულება რეგიონზე. არ იყო მზად რუსეთის მთავრობა და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ წარუმატებლობისთვის, რომელიც მიიღეს სირიაში.

როუზ-როსის 97-ე სემინარი ბათუმში

ახლა მთავარი საკითხი, სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? იმისთვის, რომ გაგრძელდეს ეს პოლიტიკა რუსეთის მხრიდან, უნდა გამოიგონოს ახალი მტრები მუდამ. ცირკივით, სადაც ველოსიპედისტი ტრიალებს წრეში, მუდმივად უნდა ატრიალო პედალი. მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს, როდესაც რესურსები შეზღუდული გაქვს? და სულ უფრო მეტად იზღუდები?

როდესაც რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა ჰაკერული ჩარევით გავლენა მოეხდინა ამერიკულ არჩევნებზე, ეს არ იყო რაიმეს ხელშესაწყობად, იყო ქაოსის დასაწყებად. არ მგონია, ესმოდეთ ამით სანქციების რამხელა პანდორას ყუთს ხსნიდნენ.

დღეს, ვიდრე აქ მოვიდოდი, რადიო „კომერსანტს“ ვუსმენდი. კრემლი ფიქრობს მოახდინოს „რუსალის“ ნაციონალიზაცია, რომელიც არის ალუმინის მეორე ყველაზე დიდი მწარმოებელი. რუსეთმა წააგო და დაკარგა ერთ-ერთი მთავარი – თავისი სარეზერვო ფონდი. ყირიმის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მილიონობით დოლარი დაიხარჯა არაქმედითი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ მსგავსი კომპანიების მხარდასაჭერად, ახლა რუსეთს ფინანსების პრობლემა აქვს.

ამერიკას რომ დავუბრუნდეთ: არავინ ელოდა, რომ ტრამპის დროს (ფიქრობდნენ, რომ ის საყვარელი პრეზიდენტი გახდებოდა რუსეთისთვის) ასე გაიზრდებოდა ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი.  ჩემი შეფასებით, რუსეთისთვის საუკეთესო იყო ბარაკ ობამა და ჯონ კერი, რომლებიც ყოველთვის ხელს აფარებდნენ ან წითელ ხაზებს წევდნენ მიღმა.

მიუხედავად იმისა, რამდენ კარიკატურას წარადგენს პუტინი გამოსვლების დროს, ფაქტია, სამი წლის განმავლობაში ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთის ბიუჯეტზე უფრო დიდია. 100 მილიარდზე მეტი დოლარი.

მივდივართ ამ წერტილამდე, რუსეთის ისტორიაში, როდესაც შეუძლებლობა, ატრიალო პედალი დაპირისპირებაში შედის ან გარკვეულწილად ემთხვევა კიდეც საზოგადოებრივ განვითარებას. ნაწილობრივ ეს ვნახეთ ერევანში.

გასულ წელს, დემონსტრაციების დროს ვნახეთ, ალექსეი ნავალნის მხარდაჭერის დროს. არ ვისაუბრებ ვინაა ნავალნი – ნამდვილი ოპოზიცია თუ ცრუ ოპოზიცია. ვინ არის საბოლოო მოსარგებლე პუტინის მარცხის. რასაც ვამბობ უმნიშვნელოვანესია, პოსტსაბჭოთა ისტორიის განმავლობაში ჩვენ პირველად ვნახეთ ხალხი, ვინც 15-25 წლის არის და გავიდა ქუჩაში პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

რატომ?

ძალიან მარტივი მიზეზით. პუტინის ძირითადი შიდა ნარატივია – მე მოვიტანე სტაბილურობა. ჩემი თაობისთვის, მე 55 წლის ვარ, შეგვიძლია შევადაროთ საბჭოთა კავშირს, 90-იან წლებს და ვთქვათ, რომ კი, სტაბილურობა კარგია. მაგრამ მათთვის, ვინც 20-22 წლის არის და ვინც მხოლოდ პუტინის ქვეშ ცხოვრობს, ეს არ არის სტაბილურობა, ეს სტაგნაციაა. ეს კორუფციაა. სოციალური პერსპექტივის არ ქონაა. პუტინი სტაბილურობაზე საუბრობს, მაგრამ მომავალს არ ახსენებს.

თუ მოვისმენთ მის გამოსვლებს უკანასკნელ სამ წელიწადში, ეს არის როგორ დავაკონსერვოთ, როგორ დავრჩეთ ერთ ადგილზე. თითქოს პუტინი კაფსულაშია გაყინული, ლუი დე ფიუნესივით ერთ-ერთ ფრანგულ კომედიაში. პუტინი ბერდება. მეოთხე ვადის ბოლოს 72 წლის ხდება. ლავროვი თითქმის 70 წელს მიღწეულია. ეს ხალხი არ არის დაცული იმ დიდი ცვლილებებისგან, რასაც ჰქვია ინფორმაციული რევოლუცია, გლობალური ბაზარი და სხვა, რაც მიმდინარეობს სამყაროში.

როუზ-როსის 97-ე სემინარი ბათუმში

ხალხი, ვინც გავიდა ქუჩაში ერევანში რამდენიმე დღის წინ, ვინც გავიდნენ ნავალნისთან ერთად ქუჩაში, გააგრძელებენ გასვლას ხვალაც. შეიძლება დღეს ბევრნი არ არიან, მაგრამ ეს არის არჩევანის თაობა. მათ აირჩიეს „ამაზონი“ და საბოლოო ჯამში პოლიტიკურადაც მოუწევთ არჩევანის გაკეთება. რუსეთის მთავრობის კამპანია, რომ მოეხრჩოთ „ტელეგრამი“ (როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ რუსეთში ეს პროცესი მიმდინარეობს) აჩვენებს, რომ უმრავლესობა ახალგაზრდა მოსახლეობისა იცვლება რუსეთში.

60-70 წლისები კი იკავებენ „მაიკროსოფტის“ ოფისს და იბრძვიან 21-ე საუკუნეში. ჩვენ ძალიან ფაქიზი მომენტის მოსწრენი ვართ რუსეთში. არის ინსტრუმენტები სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ნუ გამოვტოვებთ „ტელეგრამის“ ბრძოლას, რომელიც აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლება არ არის ყოვლისშემძლე. დემონსტრაციები მცირე ქალაქებში, მოსკოვის შემოგარენში, მოქალაქეები აპროტესტებენ მაგალითად სანაგვეების შექმნას. დიდ პოლიტიკას თითქოს არ უკავშირდება, მაგრამ შეხედეთ… ძირითადად მოსკოვიდან შედის ნაგავი მოსკოვის შემოგარენში.

საპრეზიდენტო ადმინისტრაცია უაღრესად შეშფოთებულია ასეთი პროტესტებით. ძალიან მარტივია, როდესაც ხალხი ითხოვს მაგალითად „დემოკრატია გვინდა“, ადგე და ეს დააბრალო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს. მაგრამ აი, როდესაც ნაგავს აპროტესტებენ, ეს ბევრად სახიფათოა. კრემლსაც აშინებს ასეთი პროტესტის სახეობა, რომელიც სოციალური ქსელებით ვრცელდება და იმართება.

მიმაჩნია, რომ  ჩვენ მივაღწიეთ იმ ეტაპს, როდესაც პუტინის მეოთხე ვადა, რომელიც უნდა ყოფილიყო სტაბილური თუ არა ძალზედ საამაყო, მივიდა წნეხის წერტილთან. სანქციები და ძირითადად ჩავარდნა საგარეო პოლიტიკაში არის ზეწოლა. „რუსალის“ შემდეგ ვინ იტყვის, რომ სანქციები არ ამართლებს? ძალიან კარგადაც ამართლებს და ჩანს კიდეც ეს. არის ერთი რამ, რაც აფიქრებინებს პუტინს, რომ იგი გადარჩება. თუ დატოვებს ოფისს და გადაწყვეტს, რომ აგარაკზე წავიდეს და ვარდები დარგოს. მაგრამ მგონი მან გამოტოვა ეს შანსი.

პუტინს ძალიან ცოტა წლები დარჩა მმართველობის. მე მივცემდი სამ-ოთხ წელს. უნდა დავიწყოთ პოსტ პუტინური პერიოდისთვის მზადება. თუ დასავლეთი იქნება გაჭედილი, რომ პუტინი სტაბილურობას ნიშნავს, გორბაჩოვის პერიოდში მოვხვდებით. ბევრს აქ ახსოვს, რაც მოხდა მაშინ. რუსული საზოგადოება, რომელიც ერთადერთი იქნება ვინც შეცვლის ქვეყანას, პირველი იქნება, რომელიც გაემზადება. ამავე დროს დასავლეთიც უნდა იყოს მზად, პუტინის ერას დასასრულისთვის.

როუზ-როსის 97-ე სემინარი ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: