„ელესამ“ საგალობლების საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვა [ვიდეო]

ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა „ელესამ“ საგალობლების საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვა. ანსამბლმა უკრაინაში, ქალაქ ტერნოპოლში, ფესტივალზე ქართულ საგალობლებთან ერთად ადგილობრივი, აჭარული სიმღერებიც შეასრულა.

„საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ საგალობლებთან ერთად ხალხური აჭარული სიმღერებიც შევასრულეთ. განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა ჩვენს მიერ უკრაინულ ენაზე შესრულებულ „სულიკოს“, როგორც ფესტივალში მონაწილე ანსამბლს, ლაურეატის წოდება და პირველი ხარისხის დიპლომი გადმოგვეცა.

საინტერესო ფესტივალი იყო, სრულდებოდა, როგორც ხალხური, ასევე პროფესიული მუსიკა, მრავალფეროვანი პროგრამა მოვისმინეთ. ჩვენთვის, როგორც ადგილობრივი ფოლკლორული სიმღერების შემსრულებლებისთვის, ძალიან საინტერესო იყო საეკლესიო მუსიკის შესრულება და მოსმენა,“ – თქვა ანსამბლის ხელმძღვანელმა ირაკლი სირაბიძემ.

საგალობლების საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც  20-21 აპრილს უკრაინაში ჩატარდა, 30-მდე შემსრულებელი მონაწილეობდა. ფესტივალზე საქართველოდან ქართული გალობითა და ადგილობრივი ფოლკლორული სიმღერებით  მხოლოდ ანსამბლი „ელესა“ წარსდგა.

„ელესა“ ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი