გზა გოდერძიმდე – როდის შეკეთდება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი [ფოტო, ვიდეო]

ბათუმიდან გოდერძის უღელტეხილამდე მაგისტრალი აჭარის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, მთლიანად ამორტიზებულია. გზის კაპიტალური შეკეთება დაგეგმილია ხულოდან გოდერძიმდე, ხელვაჩაურიდან ხულომდე კი, ძირითადად, ორმული და მოასფალტების სამუშაოები შესრულდება. გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურში ამბობენ, რომ ცდილობენ დაზიანებული ადგილების შეკეთება ივნისამდე მოასწრონ.

„კონტრაქტორი კომპანია უკვე მუშაობს გზის სხვადასხვა მონაკვეთზე და ზაფხულამდე, ბათუმიდან-ხულომდე მაგისტრალის შეკეთება მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში, ვფიქრობთ, დასრულდება.

ხულო-ზარზმის პროექტი კი ხელშეკრულების მომზადების პროცესშია, რომლის დასრულების შემდეგ გადაწყდება სამუშაოები ზარზმიდან [ახალციხე] აქეთ, თუ  ხულოდან ზარზმის მიმართულებით დაიწყება. ეს პროექტი გზის სრულ, კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე სოფელ ერგეში [ხელვაჩაური] მიმდინარეობს სამუშაოები. კარიერზე მომუშავე მანქანებმა აქ გზა საერთოდ გამოიყვანა მწყობრიდან. შესაკეთებლად გვიწევს 1,5 მეტრ სიღრმეზე ჩასვლა, გრუნტის მოჭრა, რათა გზას საფუძველი გავუმაგროთ, რომ ასფალტი დაიჭიროს. თუმცა მაგისტრალის გასწვრივ მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოებიც, მილების ჩაწყობა და ესეც ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია,“ – გვითხრა ირაკლი მაჩალაძემ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-ზარზმის პროექტის ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმებასა და სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დამტკიცებას სულ ცოტა ერთი თვე მაინც დასჭირდება.

„გეგმა-გრაფიკის დამტკიცების შემდეგ გვექნება ინფორმაცია, სამუშაოები რომელი მიმართულებიდან დაიწყება. პროექტი ორ ლოტადაა, თუმცა შესაძლოა რამდენიმე კონტრაქტორი იყოს და ერთდროულად დაიწყოს სამუშაოები,“ – განაცხადეს დეპარტამენტში.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან, სადაც მეწყერმა მაგისტრალი დააზიანა, საავტომობილო გზების დეპარტამენტს აღდგენითი სამუშაოებისთვის 3 მილიონ 125 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

ბათუმი-ახალციხის სახელმწიფო გზა ხელვაჩაურიდან ხულომდე:

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი სოფელ ერგესთან

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი სოფელ ერგესთან

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / შუახევის მუნიციპალიტეტი

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / შუახევის მუნიციპალიტეტი

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / შუახევის მუნიციპალიტეტი

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / შუახევის მუნიციპალიტეტი

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / შუახევი-ხულოს მონაკვეთი

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com