მთავარი,სიახლეები

 შსს: დანაშაულის დაფარვისთვის სანქციები მკაცრდება

25.04.2018 • 1204
 შსს: დანაშაულის დაფარვისთვის სანქციები მკაცრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ან პოლიციისთვის შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობით კი, ნებისმიერი სახის დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს და მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სანქციები მკაცრდება, პარლამენტში შსს-ს მიერაა ინიცირებული.

„კანონპროექტის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 2-დან 6 წლამდე ვადით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. დღეს არსებული სანქციების მიხედვით, აღნიშნული სახის დანაშაულები, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ალტერნატიულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ჯარიმის და შინაპატიმრობის სახით. კანონპროექტის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.“ – აცხადებს შსს.

შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დანაშაულის დაფარვის სანქციების გამკაცრების შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. სამინისტროს განცხადებით, „საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას და ადეკვატური სასჯელების გამოყენებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებთან არ თანამშრომლობენ და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ფარავენ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: