მთავარი,სიახლეები

ქიქავა: შსს ჩემი ცემის ფაქტს არ იძიებს, თავდასხმის ორგანიზატორი მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორია

25.04.2018 • 4083
ქიქავა: შსს ჩემი ცემის ფაქტს არ იძიებს, თავდასხმის ორგანიზატორი მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორია

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში ჯელალ ქიქავას ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. ჯერჯერობით შსს-ს არავინ დაუკავებია.

ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ გამოძიება განზრახ ჭიანურდება და სამართალდამცავებისთვის ყველა გარემოება ცნობილია. იგი ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრის, ყოფილი მოჭიდავის, ოლიმპიური ჩემპიონის, მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს, რაც შსს-შიაც იციან.

„შეიძლება ადამიანი სცემონ და არავინ დაიჭირონ?!  გამოძიება შეჩერებულია, ფაქტობრივად. იციან ყველა მონაწილე.

თავდასხმის ორგანიზატორი იყო მერიის ერთ-ერთი აიპის, ყინულის სასახლის დირექტორი, ვინმე დავითაძე, ძველი მოჭიდავე, რომელიც მუხრან ვახტანგაძის კადრია. მან შეკრიბა 12 მოჭიდავე. ეს არ იყო ხულიგნობა, როცა 12 სპორტსმენი გესხმის თავს და გცემს, არავინ იცის როგორ მოგხვდება ფეხი, ერთი დარტყმაც ჰყოფნის ადამიანს და მე ვთვლი, რომ ეს იყო მკვლელობის მცდელობა. ეს იყო მუხრან ვახტანგაძის დავალება და ეს მოხდა ჩემი გარდაცვლილი მეგობრის პანაშვიდზე, მიცვალებულის ეზოში დაგვესხნენ თავს. ჭირისუფალი რომ არა, ალბათ მოგვკლავდნენ. რომ ატყდა კივილი, დაგვანებეს თავი. ორი მეგობარი დაშავდა, ერთს თავი აქვს გატეხილი, მეორე ყავარჯნებით დადის, სამხარაულში გავიარეთ ექსპერტიზა და ხელისუფლება დუმს“.

ჯელალ ქიქავას თქმით, მას შს სამინისტროს კულუარებში უთხრეს, რომ თავდამსხმელებს ვერ დაიჭერენ, რადგან „მუხრან ვახტანგაძეზე გავლენ“.

„ვნახე კადრები, რომლებიც გადაიღეს ჩემმა მეგობრებმა, კერძო ვიდეოებია, როგორ გამოიქცნენ დანაშაულის ადგილიდან, ბოსტან-ბოსტან ირბინეს, რამდენი იყვნენ, რა მანქანაში ჩასხდნენ, როგორ მივიდა ფიროსმანის ქუჩაზე, სპორტულ სკოლაში, როგორ დახვდა იქ სამი პიროვნება შარვალ-კოსტიუმში… ეს ყველაფერი პოლიციამ იცის, საქმეში დევს ეს კადრები, მაგრამ წინ ვერ და არ მიდიან.“

შეკითხვაზე, ჩანს თუ არა ვიდეოკადრებში მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორი, ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ არა და მან ინფორმაციის მოპოვება საკუთარი წყაროებით შეძლო:

„ის იყო იქ, კოორდინაციას უწევდა ამ თავდასხმას, უნომრო შავი „ბმვ“-თი იყო, უკანა ნომერი არ ჰქონდა მანქანას. ეს დავინახეთ. ჩვენით გავარკვიეთ, რომ ეს ადამიანი [გოდერძი დავითაძე] იყო ორგანიზატორი და იმყოფებოდა იქ.

თავდასხმის მიზეზი გახდა ის, რომ ვახტანგაძეს ვუწოდე ზონდერი. რასაც თვითონ აკეთებდა ახალგაზრდობაში, ახლა სხვას აკეთებინებს იმას. ესაა ორგანიზებული დაჯგუფება. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემი სიტყვების, მიჩივლონ. დამკვეთი არის ვახტანგაძე, ორგანიზებას უწევდა დავითაძე, მერიის აიპის უფროსი. იყო „ნაკოლშიკიც“, რომელმაც დაგვინახა და დაურეკა მას“, – ამბობს ჯელალ ქიქავა.

„ბათუმელები“ ა(ა)იპ ქ. ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორს, გოდერძი დავითაძეს დაუკავშირდა. ყინულის სასახლე სწორედ ამ ცენტრს ექვემდებარება. გოდერძი დავითაძე ყოფილი მოჭიდავე და საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. იგი ამბობს, რომ მუხრან ვახტანგაძე მისი ნათესავია და ჯეჯალ ქიქავას ცემასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს:

„რატომ მე, რადგან ნათესავი ვარ მუხრანის? მივხვდი ვისზე საუბრობთ, ჩემთვის მას [ჯელალ ქიქავას] არაფერი დაუშავებია და არანაირი ინტერესი არ მექნებოდა. მასსა და მუხრანს შორის რაღაც დიალოგი რომ შედგა, მახსოვს და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვისაც არ უნდა ეცემა და გაელახა, მუხრანისკენ გაიშვერდა ხელს. დადოს ფაქტები თუ შეუძლია და თუ ადასტურებს, დადოს სურათები და ვიდეოები და გამოძიება მოკიდებს ხელს ვისაც საჭიროა იმას.

საერთოდ მიცნობს სახეზე? ხუთი კაცი დააყენონ და ჰკითხონ აბა, რომელია გოდერძი, საერთოდ არ იცის ვინ ვარ და როგორ მადებს ხელს, არ შეიძლება ასეთ ცრუ ინფორმაციას დაუჯეროს ხალხმა. ყველას ლანძღავს და შეურაცხყოფას აყენებს. მან შეიძლება ყველას ასე შეურაცხყოფა მიაყენოს და ვერავინ ვერაფერი გაუბედოს და თუ ვინმე რამეს აკადრებს, ვისაც თვითონ აირჩევს, იმას უნდა დააბრალოს თურმე“, – ამბობს გოდერძი დავითაძე „ბათუმელებთან“.

შეკითხვაზე, დაკითხა თუ არა ის ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ, გოდერძი დავითაძე პასუხობს: „არც დავუკითხივარ და ვფიქრობ, არც უნდა დამკითხონ, არაფერ შუაში არ ვარ და ვიღაც ჯელალ ქიქავას გამო სადმე რატომ უნდა ვირბინო.“

„ბათუმელები“ კომენტარისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს, მუხრან ვახტანგაძეს დაუკავშირდა. „აბსურდულ განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – თქვა მან.

„ბათუმელები“ შს სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროში გვითხრეს, რომ საქმის გამოძიება გრძელდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: