მთავარი,სიახლეები

ორი წლის განმავლობაში სახალხო დამცველს ხუთმა პირმა სთხოვა რასობრივი დისკრიმინაციის დადგენა

25.04.2018 • 1959
ორი წლის განმავლობაში სახალხო დამცველს ხუთმა პირმა სთხოვა რასობრივი დისკრიმინაციის დადგენა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, 8 აპრილს მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. შავკანიანი სტუდენტების სტადიონიდან გაძევების და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

სტადიონიდან შავკანიანი სტუდენტების გაძევების შემდეგაც სოციალურ ქსელში ადამიანები წერდნენ, რომ რასობრივი დიკრიმინაცია საქართველოში არ ხდება. არც გამოძიება დაწყებულა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და გრძელდება. სახალხო დამცველთან 2016 და 2017 წლებში რამდენიმე განცხადება შევიდა, სადაც ადამიანები რასობრივი, ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე საუბრობენ.

ამონარიდი სახალხო დამცველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევების ჩამონათვალიდან:

„განმცხადებლის განმარტებით, ის და მისი და არიან ნიგერიელი ფერადკანიანი სტუდენტები, რომლებიც ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობდნენ ბინაში, საიდანაც რასისტული მოტივებით გამოაძევა მეპატრონემ…“.

„განმცხადებელი, რომელიც არის მსჯავრდებული, მიუთითებს, რომ მის მიმართ ადგილი აქვს რასობრივ დისკრიმინაციას…“

„განმცხადებელი არის ნიგერიის მოქალაქე, რომელიც ვერ სარგებლოს საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათით, ასევე უარს ეუბნებიან საბანკო ანგარიშის გახსნაზე….“

„განმცხადებელი, რომელიც არის მსჯავრდებული, მიუთითებს, რომ მის მიმართ ადგილი აქვს რასობრივ დისკრიმინაციას…“

„განმცხადებელი თვლის, რომ მისი შვილი სკოლაში გახდა რასის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი, რადგან თანაკლასელმა მას რასისტული გამონათქვამით მიმართა…“

„განმცხადებელი მიუთითებს, რომ სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში ადგილი აქვს მის მიმართ ეროვნების ნიშნით დისკრიმინაციას….“

„განმცხადებლის განმარტებით, მას მეზობლები ავიწროებენ და აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას იმის გამო, რომ არიან ერაყიდან. განმცხადებლის მითითებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სათანადოდ არ რეაგირებენ…“

„განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მეზობლების მხრიდან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლია…“

„ამ შემთხვევებზე სახალხო დამცველს რასობრივი დისკრიმინაცია არ დაუდგენია, თუმცა ხშირ შემთხვევაში, პრობლემაა შესაბამისი მტკიცებულებების მოგროვება. კერძო პირებს არ აქვთ ვალდებულება, ინფორმაცია მოგვაწოდონ,“ – გვითხრა ქეთი შუბაშვილმა, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მოქმედი კანონმდებლობით, სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მხოლოდ საჯარო უწყებას აქვს. პარლამენტში შეტანილია ცვლილებების პაკეტი, რაც ამ კუთხით ფიზიკური პირების დავალდებულებასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, კონკრეტულმა მოქალაქეებმა სახალხო დამცველს მიმართეს და თქვეს, რომ მათ მიმართ რასობრივ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ რასობრივი დისკრიმინაცია ვერ დადგინდა.

„თუკი მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, იწყება გამოძიება და ჩვენ ვადევნებთ თვალს გამოძიების პროცესს. ვცდილობთ გამორკვევას, რამდენად ახდენს გამოძიება სიძულვილის მოტივის გამოკვეთას, რა არის ტენდენცია და შემდეგ ამას ავსახავთ ანგარიშებში. როცა საქმეზე გამოძიება იწყება, ამ შემთხვევაში ჩვენ აღარ ვსწავლობთ საქმეს… რამდენიმე შემთხვევა რასობრივ დისკრიმინაციაზე სასამართლომ განიხილა და არ დადგინდა დისკრიმინაცია. როცა სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, იქ აღარ ვერთვებით ჩვენ,“ – ამბობს ქეთი შუბაშვილი.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რასობრივი დისკრიმინაცია არის ეროვნული, ან რასობრივი მტრობის, ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით ჩადენილი ქმედება, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული, ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი, ან არაპირდაპირი შეზღუდვა,  ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება“.

რასობრივი დისკრიმინაციისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: