მთავარი,სიახლეები

სამი ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს შშმ პირების შესახებ კანონპროექტის გასაჯაროებას სთხოვს

21.04.2018 • 4153
სამი ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს შშმ პირების შესახებ კანონპროექტის გასაჯაროებას სთხოვს

შშმ პირების უფლებებზე მომუშავე სამი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს. მათი მოთხოვნაა სამინისტრომ გაასაჯაროვოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

აღშფოთებას გამოვთქვამთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შექმნისა და დამუშავების პროცესის დახურულობის გამო. კანონპროექტს ამუშავებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და რამდენიმე, ძირითადად, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია. მათი პროექტები დიდწილად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, შესაბამისად, ისინი ორგანიზაციულად ამ სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული. ამასთან ჩართულნი არ არიან მკვლევარი და დამკვირვებელი ორგანიზაციები. კანონპროექტის სამუშაო ვერსია არ არის საჯაროდ მისაწვდომი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ინდივიდი აქტივისტებისთვის, რის გამოც მათ არ შეუძლიათ პოზიციის დაფიქსირება ან ახალი პრიორიტეტების ტექსტში შეტანაზე საუბარი.

მოქალაქეთა ჩართულობა და გამჭვირვალობა დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობის ფუნდამენტური პრინციპები და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ქვაკუთხედია. შშმ პირთა საყოველთაო, თანასწორობაზე დაფუძნებული და თავისუფალი ჩართულობა იმ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რომლებიც უშუალოდ მათ უფლებებს ეხება, გარანტირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წელს რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადამიანის უფლებების კონვენციით, ასევე ქართული კანონმდებლობით. სამოქალაქო ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს ევალება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულებებითაც.

მიგვაჩნია, რომ შშმ პირთა, მათი ორგანიზაციების, ასევე მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და ინდივიდი აქტივისტების თანასწორ საწყისებზე ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობა არ იქნა უზრუნველყოფილი იუსტიციის სამინისტროს მიერ.  კანონის ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე ფართო საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს არ მიეცათ საშუალება, წარმოედგინათ მოსაზრებები კანონპროექტის შინაარსთან, მასში შესატან პრიორიტეტულ საკითხთა თაობაზე.

შეშფოთებული ვართ, ვინაიდან დღესაც, კანონპროექტის ტექსტის სამუშაო ვერსიის ჩამოყალიბების შემდეგ ის არ ქვეყნდება და არც ამ ეტაპზე აქვთ დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს (პროცესში ჩართული რამდენიმე გამონაკლისი ორგანიზაციებისა და პირების გარდა) უკვე არსებულ ტექსტთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და რეკომენდაციების სახელმწიფო სტრუქტურებისთვის წარმოდგენის შესაძლებლობა. ვშიშობთ, რომ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ეტაპზე დაინტერესებული ფართო საზოგადოების/თემის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების განხილვა აღარ მოხდება კანონპროექტის შემუშავებაში რამდენიმე ორგანიზაციის ჩართულობისა და კანონის სწრაფად მიღების აუცილებლობის მოტივით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი ამავე კანონპროექტის ტექსტის სამუშაო ვერსიისა და განმარტებითი ბარათის თანახმად იქნება საქართველოში შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ჩარჩო, ანუ პრინციპების განმსაზღვრელი, ღირებულებათა მატარებელი კანონი. შესაბამისად, აუცილებელია მასში გაიწეროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების დაცვის საბჭოების, როგორც ჩართულობის ერთ–ერთი ოფიციალური ფორმის, არსებობა, მათი დაკომპლექტების ზოგადი პრინციპები, მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტის აღმომფხვრელი მექანიზმები და საბჭოების ფუნქციონირების ზოგადი პრინციპები.

ზემოთაღწერილი საგანგაშო ვითარებიდან გამომდინარე ვთვლით, რომ რაც არ უნდა მსხვილი და ავტორიტეტული ორგანიზაციები იყოს ჩართული პროცესში, ის ვერ ჩაითვლება ჩართულობად, თუ მასში მონაწილეობა არ არის მისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის:

  1. მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ოფიციალური წესით გამოაქვეყნოს კანონპროექტის ტექსტის ამ მომენტისთვის არსებული უახლესი ვერსია და პერიოდულად განაახლოს საჯაროდ მისაწვდომი ვერსია მასში ცვლილებების შეტანის პარალელურად.
  2. მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე კანონპროექტის ტექსტის შემუშავებაში ჩართულ სხვა უწყებებს, გაეცნონ, განიხილონ და გაითვალისწინონ და ასახონ კანონპროექტის სამუშაო ვერსიაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები. კონკრეტული რეკომენდაციების ასახვის შეუძლებლობის შემთხვევაში კი აღნიშნული დაასაბუთონ.
  3. ვთხოვთ საქართველოს სახალხო დამცველს, მოახდინოს სათანადო რეაგირება და მიმართოს საჯარო სტრუქტურებს პროცესის გასაჯაროებისკენ.
  4. ვთხოვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და ცალკეულ მოქალაქეებს, შეუერთდნენ ამ განცხადებას, ხელი შეუწყონ მის გავრცელებას მისი გაზიარებითა და გამოქვეყნებით.

ექსკლუზიური ინკლუზია არ გამოდის!

ხელმომწერი ორგანიზაციები:

შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფი „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისათვის“

„მარიანი“

„ქალი და რეალობა“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: