განათლება,მთავარი,სიახლეები

ახალი სახელმძღვანელო აჭარის საჯარო სკოლებისთვის

20.04.2018 • 1935
ახალი სახელმძღვანელო აჭარის საჯარო სკოლებისთვის

დღეს, 20 აპრილს, რესურსცენტრებს აჭარის საჯარო სკოლებისთვის გადასაცემი ახალი სახელმძღვანელოები გადასცეს. სახელმძღვანელო დამატებითი სასწავლო რესურსია სკოლებისთვის. სასწავლო მოდული კონსერვაციული განათლების შესახებ აჭარის სკოლებისთვის  არის მომზადებული.

ოფიციალური ინფორმაციით, სასწავლო რესურსის მთავარი მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაა ადამიანისა და გარეული ცხოველების ურთიერთდამოკიდებულებაზე. ასევე, ველური ბუნების უმნიშვნელოვანეს როლზე ეკოსისტემების ფუნქციონირებისთვის, მის რეკრეაციულ, ესთეტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობასა და კონსერვაციის აუცილებლობაზე.

„სახელმძღვანელო „შავი ზღვის ეკოაკადემიის“ ექსპერტთა მიერ არის მომზადებული და ეფუძნება მათ მიერვე 2015 წელს აჭარაში ჩატარებულ „ადამიანისა და გარეული ცხოველების საბაზისო კვლევას,“ – ნათქვამია განათლების სამინისტროს ოფიციალურ განმარტებაში.

აღნიშნული კვლევა და სასწავლო მოდული „შავი ზღვის ეკოაკადემიამ“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) დაკვეთით მოამზადა.

როგორც განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, ამ მიმართულებით ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ საჯარო სკოლების 200 გეოგრაფიის პედაგოგიც გადაამზადა.

სულ დაიბეჭდა 700 სახელმძღვანელო, რომელიც გეოგრაფიის პედაგოგებსა და რესურსცენტრებს გადაეცემა, „შემდეგ კი სკოლის ბიბლიოთეკებში შევა,“ – გვითხრეს სამინისტროში.

„სასწავლო მოდული ხელს შეუწყობს მაღალმთიან აჭარაში გარეული ცხოველების მიერ შინაურ ცხოველებზე თავდასხმების რისკის შემცირებას შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების სწავლებით,“ – ნათქვამია განმარტებაში.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: