მთავარი,სიახლეები

საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა

20.04.2018 • 6016
საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა

დღეს ბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხის ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმა ისე დაამტკიცა, საკრებულოს არც ერთ წევრს კითხვა არ დაუსვამს. მათ მხოლოდ ის დააზუსტეს, რომ საკითხი ეხებოდა მწვანე კონცხის ტერიტორიას და ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იდგა რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის „ძეგლის ნანგრევი“. ამაზე მათ საკრებულოს თავმჯდომარემ განუმარტა, რომ „არსებული იერსახის შენარჩუნება“ მოთხოვნებში იყო  ჩადებული.

„აჭარის კურორტების“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები, რომელთა განაშენიანების გეგმაც დღეს დამტკიცდა, ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფსა“ და მის პარტნიორებს. 

საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, მათ სხდომა ცოტა ხნით ადრე პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომას არც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი რაულ თავართქილაძე ესწრებოდა.

საკრებულოს დადგენილების დანართის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია მოიცავს ექვს საკადასტრო ერთეულს, რომელიც პირობითად სამ ზონადაა დაყოფილი. მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი კი 38 484 კვადრატული მეტრია.

ამ საკადასტრო ნაკვეთებზე განთავსებულია ძველი შენობები, რომლებსაც წარსულში სასტუმროსა და საცხოვრებლის ფუნქცია ჰქონდათ, მათ შორის რამდენიმეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რამდენიმეც ფონური ნაგებობაა.

საუბარია XIX-XX საუკუნის ნაგებობებზე, რომელთა უმეტესობაც, სპეციალისტების შეფასებით, ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია და აღდგენას საჭიროებს. მათ შორისაა: დასასვენებელი სახლი “მწვანე კონცხი” [ყოფილი ბარტინსკის სახლი] და სანატორიუმი “აჭარა” [ყოფილი რატიშვილის სასახლე]. მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა ასევე ყოფილი “პიონერთა ბანაკის” შენობაც.

უკვე დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით, არსებული შენობების რეაბილიტაციასთან ერთად, ტერიტორიის განვითარების კონცეფცია გულისხმობს დასასვენებელი კომპლექსის მოწყობას.

პროექტის მიხედვით, პირველ ზონაში განლაგებული იქნება “თაუნჰაუსის” ტიპის შენობები, გასაქირავებელი სეზონური სახლები და სასტუმრო. მეორე ზონის პროექტი ითვალისწინებს არსებული შენობის რეაბილიტაციას, რომელიც დაიბრუნებს სასტუმროს ფუნქციას. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება დამხმარე ნაგებობები, ადმინისტრაციული შენობა და ღია აუზი [სპა ].

მესამე ზონა მოიცავს აპარტოტელის, სასტუმროს, გასაქირავებელი სახლების, რესტორნისა და აუზის კომპლექსს, სადაც გათვალისწინებულია ნაკვეთზე არსებული ორი შენობის რეაბილიტაცია და სასტუმროს ფუნქციით დატვირთვა.

გენგემაში ასევე ნათქვამია, რომ რელიეფი და გამწვანება მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული.

პროექტების მიხედვით, შენობების უმეტესობა „წარმოადგენს ტერასულად განლაგებულ სართულებს გამწვანებული სახურავებითა და გახსნილი ხედებით. შენობების სართულიანობა მერყეობს 2-დან 4 სართულამდე.“

გათვალისწინებულია მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები, რომელთა რაოდენობაც შესაძლოა დაზუსტდეს კონკრეტული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე.

გენგეგმაში ნათქვამია, რომ მწვანე კონცხის ამ არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა ადგილობრივი ბუნებრივი პოტენციალის გამოყენებას და არსებული ნაგებობების გაცოცხლებას გულისხმობს.

ექვსივე ნაკვეთი იმ ქონების [21 ობიექტი] ნაწილია, სადაც ე.წ. „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ.

21 ობიექტი, ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას მიჰყიდა. ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციის განხორციელების სურვილი მაშინ „სილქ როუდ ჯგუფმა“ გამოთქვა, მიზანი აჭარაში ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წელს ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. „სილქ როუდმა“ გადაცემული ქონების ნაწილი სახელმწიფოს დაუბრუნა, ნაწილი კი დაიტოვა საკუთრებაში, მათ შორის ეს 6 ნაკვეთიც.

2016 წელს, სამინისტროსთან ახალი შეთანხმების გაფორმების შემდეგ, „სილქ როუდ ჯგუფმა“ განაცხადა, რომ ბათუმში 2006 წელს მისთვის გადაცემულ ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ დაფინანსებით „სილქ თაუერს“ ააშენებს. მანამდე ამ ტერიტორიაზე „ტრამპ თაუერის“ აშენება იგეგმებოდა, თუმცა ეს მშენებლობა „სილქ როუდ ჯგუფმა“ დამოუკიდებლად ვერ წამოიწყო.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: