ტარიელ ნაკაიძე: მერის შემოთავაზება დისკრიმინაციულია და აშკარა ლუსტრაცია იყო

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერის მიერ ინიცირებული მოლაპარაკების პროცესს აფასებს. განცხადებაში, რომელიც დღეს, 20 აპრილს, საინიციატივო ჯგუფმა გაავრცელა, ნათქვამია:

„ჩვენ დასაწყისშივე მივესალმებით ახლადარჩეული მერის მიერ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას და ინიციატივას ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო დავის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის თაობაზე.

მუსლიმი მრევლის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნაბართვის გაცემაზე ქალაქის წინა მერის უარი აშკარად დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული იყო, რამაც მუსლიმი საზოგადოების უკმაყოფილება და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მათი ინტერესების და საჭიროებების სრული უგულებელყოფის ძლიერი განცდა გამოიწვია. ვიფიქრეთ, რომ ახალი მერის ინიციატივა ქალაქის წინა ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული სერიოზული პოლიტიკური შეცდომის გამოსწორებისა და დავის სამართლიანი გადაწყვეტის ინტერესით  იყო განპირობებული.

თუმცა, სამწუხაროდ, 2018 წლის 3 აპრილს ბათუმის მერიაში გამართულ პირველ  შეხვედრაზე ბატონი ლაშა კომახიძის მიერ გაზიარებული მოლაპარაკების პირობები და ულტიმატუმი ჩვენთვის ცალხასად მიუღებელი აღმოჩნდა.

მერმა იმავე მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ, ჩვენ სასამართლოდან სარჩელის გამოხმობა და მუსლიმი მრევლის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის“ საკუთრების უფლებით გადაცემა მოგვთხოვა.

მერის განმარტებით, სწორედ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო არის ის რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოსგან დაფინანსებასა და სხვა პროგრამულ დახმარებას იღებს, მას გადაეცემა მეჩეთები სარგებლობის უფლებით და იმის გამო, რომ სახელმწიფოსთან სამართლებრივ ურთიერთობაში სწორედ მუსლიმთა სამმართველო არის შესული, მშენებლობის ნებართვის გაცემაც მხოლოდ მისთვის უნდა მომხდარიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე ვკუთხულობთ, რომ „მერის მიერ წამოყენებული პირობა, რომ ამავე მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობა დასაშვები იქნებოდა სხვა ორგანიზაციისთვის, მაგრამ არა ჩვენთვის, ხელისუფლების დისკრიმინაციული მიდგომის ღია და აშკარა ლუსტრაცია იყო“.

საინიციატივო ჯგუფი მათი, როგორც დაინტერესებული მხარის უგულებელყოფას აფასებს, როგორც „შეურაცხმყოფელს“ და „საზოგადოებრივი ინტერესების იგნორირების ნიშანს“.

წერილში, რომელსაც ხელს აწერს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, მერთან შეხვედრის სხვა დეტალებზეც არის საუბარი: „შეხვედრის ფარგლებში ბატონ მერს წამოყენებული პირობების მიმართ ჩვენი უკმაყოფილება მაშინვე გავუზიარეთ და გადავეცით ფონდის საერთო კრების ოქმი, სადაც ნათლად იყო გამოკვეთილი ორგანიზაციის წევრების ნება, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესზე ხელმძღვანელობა სწორედ ფონდს უნდა ჰქონოდა“.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ვერ დაუშვებენ „ხალხის მიერ კარდაკარ მთელი წლის განმავლობაში შეგროვებული რესურსით შეძენილი მიწის ნაკვეთის სხვა ორგანიზაციისთვის  გადაცემა… ეს რესურსი ჩვენთვის გადმოცემული ამანათია, რომელსაც ჩვენი, როგორც ნდობით აღჭურვილი პირების გაფრთხილება სჭირდება და მისი დაცვა ჩვენი რელიგიური ვალდებულებაა“.

განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, თუ რატომ ვერ სარგებლობს მუსლიმ თემში დიდი ნდობით „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“: „საზოგადოებრივი ნდობის პრობლემა არსებითად სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციაზე კონტროლის გზით მის ინსტრუმენტალიზებას ახდენს. ამგვარი ჩარევის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო 2014 წელს სამმართველოს მიერ ახალი მეჩეთის მშენებლობის ალტერნატივად საკუთარი რეზიდენციისა და მედრესეს შენობის მოთხოვნა, რომელიც ამ დრომდე არც კი ფუნქციონირებს… ჩვენი კრიტიკიული პოზიცია მიემართება არა იმ მუსლიმებს, რომლებიც სამმართველოში მუშაობენ და მასთან არიან აფილირებულნი, არამედ ხელისუფლებას, რომლის არასეკულარულმა და დისკრიმინაციულმა პოლიტიკამ,  მუსლიმ თემში მსგავსი ტიპის პრობლემები და მუსლიმი საზოგადოებისთვის ისეთი კონსენსუსის მქონე ისტორიულ საკითხთანაც კი, როგორიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაა, დაძაბულობა გააჩინა“.

მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი წერილში მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას „არ დაუშვან აღნიშნული პროცესის როგორც სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირება“.

წერილში ასევე საუბარია „მუსლიმთა სამმართველოს“ განწყობაზეც:

„სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ხალხის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა ან ინიციატივა ჩვენს წინაშე არასდროს დაუყენებია და შეხვედრაზე სამმართველოს ნაცვლად და მისი სახელით ხელისუფლება ლაპარაკობდა. მერის მიერ წაყენებული პირობა, ხელისუფლების მიერ მუსლიმთა სამმართველოს ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლებას ხალხის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ხალხისვე სამართლებრივი კონტროლის წართმევით, საბოლოოდ მეჩეთის მშენებლობის პროცესის გაჭიანურება და შეფერხება სურს.  მით უმეტეს, რომ ჩვენ ნაკლებად გვახსენდება მუსლიმი თემის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევების სახელმწიფოს მიერ სამართლიანი გადაწყვეტის მაგალითები. მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩანდა ხელისუფლების ინტერესი ხელი შეეშალა და არ დაეშვა ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესი ბათუმში“.

განცხადების ავტორს მიაჩნია, რომ „ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი მხოლოდ ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე არ წყდება. აქ არსებითად დგება ცენტალური ხელისუფლების პასუხისმგებლობის და მონაწილეობის საკითხი“.

წერილის დასასრულს კი ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, სასამართლო განხილვისა და მისი კონტროლის ფარგლებში გააგრძელოს მორიგების პროცესი. „ხელისუფლების მიერ ამ პროცესის აღიარება და მხარდაჭერა ასევე სახელმწიფოს დემოკრატიულობის ნიშანი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის მერს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკების თაობაზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უწყებაში ამბობენ, რომ საუბარს პროცესის დასრულებამდე არ აპირებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com