ბათუმის საკრებულო

ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტრატეგიული გეგმის განხილვა

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიებმა დღეს საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის (სტრატეგიული გეგმა) დამტკიცებას ითვალისწინებს.

კომისიის სხდომა

კომისიის სხდომა

800-გვერდიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც მოიცავს თავად სტრატეგულ გეგმას და სექტორულ სცენარებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, პარკირების, ველო ინფრასტრუქტურის და ელექტრო მობილობის მიმართულებით, ასევე, ავტობუსისათვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლების, მგზავრთა გადასასხდომი კვანძების, პარკირების ქუჩის მიღმა სივრცეების კონცეპტუალურ დიზაინს და სხვა დამატებთ კვლევებს, საკრებულოს წევრებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ წარუდგინა.

როგორც მან აღნიშნა, გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო პროექტის – „მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისთვის“ – ფარგლებში: „აღნიშნული პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ ფინანსდება და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ხორციელდება. განმახორციელებელი პარტნიორები კი არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქ ბათუმში მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებულ დაგეგმვას, საპილოტე ღონისძიებების გახორციელებას და ბათუმის გადაქცევას მდგრადი ურბანული გადაადგილების წარმატებულ მაგალითად“.

პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველო ქსელი და ფეხით გადაადგილება - სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია

პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველო ქსელი და ფეხით გადაადგილება – სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია

ემზარ ქავჟარაძის განცხადებით, ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმა წარმოადგენს საერთაშორისო და თვითმმართველობების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული კვლევების, ანალიზის, მოდელირებისა, შეფასებების და დაგეგმვის შედეგს.

დოკუმენტის მიხედვით, ყველა მოქალაქისთვის უნდა მოხდეს ისეთი სატრანსპორტო სისტემის შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს:  დანიშნულების ძირითად ადგილებთან და მომსახურებასთან წვდომას; გააუმჯობესებს ურბანული ტრანსპორტის უსაფრთხოებას; შეამცირებს ჰაერისა და ხმაურით დაბინძურებას, სითბური აირების ემისიების და ენერგო მოხმარებას; გააუმჯობესებს მგზავრთა და ტვირთის ტრანსპორტირების ეფექტიანობასა და შეამცირებს შესაბამის ხარჯებს; გაზრდის ბათუმის ურბანული გარემოს მიმზიდველობასა და ხარისხს.

განკარგულების პროექტზე ბათუმის საკრებულო ხვალ მორიგ სხდომაზე იმსჯელებს

განკარგულების პროექტზე ბათუმის საკრებულო ხვალ მორიგ სხდომაზე იმსჯელებს

დოკუმენტში შემოთავაზებული მდგრადი ურბანული გადაადგილების სხვადასხვა ღონისძიება შეფასებულია ექვსი სხვადასხვა ინდიკატორის გამოყენებით, ასევე, მოცემულია ბათუმის ისტორიაში პირველად განხორციელებული ურბანული გადაადგილების მასშტაბური კვლევის შედეგები. გამოკვლეული და გაანალიზებულია ბათუმის ურბანული გადაადგილების სისტემის განვითარების კონკრეტული შესაძლო სცენარები. დოკუმენტი მოიცავს ბათუმში ურბანული გადაადგილების განვითარების ჩარჩო სამოქმედო გეგმას შესაბამისი ღონისძიებებით, უფლებამოსილებებს, დაფინანსებისა და შეფასების გეგმას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების გეგმა, არის ერთადერთი მსგავსი სახის გეგმა საქართველოს მასშტაბით, რომელიც ეყრდნობა შემოთავაზებული ღონისძიებების და სამომავლო სცენარების ქალაქის ტრანსპორტის მოდელში სიმულაციის გამოყენებით შეფასებას და შერჩევას. პროექტის – „მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისთვის“ – ფარგლებში ქალაქ ბათუმისათვის შემუშავდა ქალაქის სატრანსპორტო მოდელი, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა ბათუმის მერიას და დღეს ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელსაც გააჩნია ურბანული ტრანსპორტის ანალიზის და დაგეგმვის ეს მძლავრი ინსტრუმენტი.

პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველო ქსელი და ფეხით გადაადგილება –  სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ისეთ დამატებით საკითხებთან ერთად, როგორიცაა ელექტრო-მობილობა, ურბანული ლოგისტიკა, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები, გადაადგილების მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ცნობიერების ამაღლება.

ბათუმის საკრებულო

ბათუმის საკრებულო

ემზარ ქავჟარაძის განცხადებით, პარკირების ზონირება და საათობრივი გადასახადი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაცია, მათ შორის ავტობუსებისათვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლები, ტრანსფორმაციულ გავლენას მოახდენს ქალაქში კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზებაზე, ხოლო ველო ქსელის გაუმჯობესება და მისი შემდგომი განვითარება, ასევე, ქვეითთა პირობების გაუმჯობესება, ბათუმში მდგრად გადაადგილებაზე საუკეთესო  გავლენას გვპირდება:

„მეორადი დადებითი ეფექტებია მოსალოდნელი ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების გამოყენების შედეგად, ვინაიდან მას შეუძლია ხელი შეუწყოს კერძო ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზებასა და თავისუფალ ნაკადებს. საკვანძო საკითხებია გადაადგილების მართვა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, რადგან ინფორმირებისა და განმარტების გარეშე სატრანსპორტო სისტემისა და ურბანული გადაადგილების ტრანსფორმაციის წარმატება ნაკლებად სავარაუდოა. ინტელექტუალურ სატრანსპორტო სისტემებს შეუძლიათ უზრუნველყონ ტრანსპორტისა და მობილობის ერთიანი სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირების ეფექტური მართვა, რაც განაპირობებს კერძო ტრანსპორტის, პარკირებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც“.

განკარგულების პროექტის მიხედვით, სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება გახორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, პროექტის „მწვანე ქალაქების“ იმ საბიუჯეტო რესურსიდან, რომელიც განკუთვნილია მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საპილოტე ღონისძიებების თანადაფინანსებისათვის, ასევე, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების დახმარებით.

როგორც სხდომაზე ითქვა, ბათუმის მერიაში აღნიშნული სტრატეგიული გეგმის ფარგლებში უკვე შექმნილია მდგრადი ურბანული გადაადგილების ღონისძიებების განხორციელების სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი პროექტთან ერთად მუშაობს იმ საპილოტე და გადაუდებელი ღონისძიებების ტექნიკურ დეტალებზე, რომელთა განხორციელებაც ქალაქის თვითმმართველობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად უახლოს პერიოდში უნდა დაიწყოს პარკირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველო-ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით, რათა სტრატეგიული გეგმის დამტკიცებიდან უმოკლეს ვადებში დაიწყოს მისი პრაქტიკული განხორციელება და დანერგვა.

აღნიშნული განკარგულების პროექტს  ბათუმის საკრებულო ხვალ, 20 აპრილს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი