ზურაბ პატარაძე „ბათომს“: „არ ინერვიულონ, შეირჩევა პროფესიონალი“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, დღეს  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში დაგეგმილ ხსოვნის ღონიძიებაზე მედიასთან  ორგანიზაცია „ბათომის“ მიმართვას უპასუხა. „ბათომმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდა, არ შეარჩიოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსულტაციების გარეშე. ეს თანამდებობა ვაკანტური 17 აპრილს, მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ პატარაძემ გათავისუფლების თაობაზე ყოფილი ხელმძღვანელის [მოვალეობის შემსრულებლის] განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა.

ზურაბ პატარაძის  კომენტარს ამ საკითხზე მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს:

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ჩვენ სკრუპულოზურად ვუდგებით ამ საკითხს და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ნამდვილად იქნება შერჩეული ღირსეული კადრი, დარგის სპეციალისტი, ადამიანი – ვისაც გული შესტკივა ქალაქის განვითარებაზე და ქალაქის მომავალზე. ჩვენ მზად ვართ და არ გვაქვს შეზღუდვა კონსულტაციების თვალსაზრისით, მათ შორის საზოგადოება ,,ბათომთან“. მე მიკვირს რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს. პირიქით, ჩვენ არაერთგზის შეხვედრა გვქონდა მათთან. საზოგადოება ,,ბათომი“ საქმის კურსშია, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში – ძველ ბათუმში ზედა ზღვარი ჩვენ დავწიეთ 12 მეტრამდე.  ჯეოგრაფიკის მიერ შედგენილი დოკუმენტის განმტკიცება მოხდა და მათი ჩართულობაც იყო ამ პროცესებში. ასევე, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო საზოგადოების ზონალური საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლის და მიმდინარეობს რეორგანიზაცია, საბჭოში წარმოდგენილია ახალი სახეები.  შეუძლიათ არ ინერვიულონ ,,ბათომის“ წევრებმა, შეირჩევა პროფესიონალი ადამიანი, ვისაც მართლა უყვარს თავისი ქალაქი და ფიქრობს ქალაქის სწორ განვითარებას”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, ლაშა ასლანიშვილმა თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაწერა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი