განათლება,მთავარი,სიახლეები

აინტერესებთ თუ არა მასწავლებლების აზრი სამინისტროში – ლია გიგაური რეფორმაზე

19.04.2018 • 6806
აინტერესებთ თუ არა მასწავლებლების აზრი სამინისტროში –  ლია გიგაური რეფორმაზე

იღებს თუ არა გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მასწავლებელთა უშუალო მონაწილეობის, მათი აზრის გათვალისწინების გარეშე და რა შეუძლია სკოლას გადაწყვიტოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საუბრობს.

ქალბატონო ლია, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე „ბათუმელებთანაც“ ხშირად აღნიშნავენ პედაგოგები, განათლების სფეროს სპეციალისტები, რომ სამინისტრო მათ სიახლეებს პოსტფაქტუმ, მათი ჩართულობისა და პროცესის გაანალიზების გარეშე სთავაზობს. რატომ ხდება ასე?

მე, პირადად, ბევრ სკოლაში დავდივარ, სხვადასხვა ჯგუფთან, – იქნება ეს სქემის ჯგუფი თუ სასწავლო გეგმის ჯგუფი და ვისმენ მასწავლებლების მოსაზრებებს. როცა რაიმე სიახლე ხორციელდება, ყველა სკოლას ერთდროულად ეგზავნება პროექტები და ეძლევათ გარკვეული დრო უკუკავშირისთვის.

თუ სკოლაში არ ხდება მათი ჩართულობა, ეს უკვე კონკრეტული სკოლის პრობლემაა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სკოლის დირექტორმა, ვთქვათ, არ მიაწოდა ინფორმაცია, პედაგოგი ხომ უნდა იყოს დაინტერესებული მიმდინარე მოვლენებით. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ხომ უნდა ნახულობდეს სიახლეებს. ვებგვერდზე გვიდევს განსახილველად ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. თუკი მშობელი შემოდის და გამოხატავს თავის პოზიციას, ახერხებს დაკავშირებას, მასწავლებელსაც შეუძლია გააკეთოს იგივე. თუკი რომელიმე დირექტორი მასწავლებლების გარეშე გვაწვდის უკუკავშირს, ესეც იმ კონკრეტული სკოლის პრობლემაა.

გარდა ვებგვერდზე დაკომენტარებისა, არსებობს სხვა ფორმატი, სადაც შეუძლიათ პედაგოგებს დისკუსიაში ჩართვა, თავიანთი პოზიციის უფრო სიღრმისეულად გამოხატვა?

რა თქმა უნდა. ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა ფოკუსჯგუფს და ვისმენთ მათ მოსაზრებებს. ეროვნული სასწავლო გეგმის განხილვის დროს, ვერ ვიტყვი, რომ 66 ათასი მასწავლებელი შემოვიდა საკუთარი აზრის გამოსახატად, მაგრამ გამოხმაურება იყო მაღალი. განსაკუთრებით ადმინისტრაციულ საკითხებზე 20 ათასამდე გამოხმაურება გვქონდა. ახალი საათობრივი ბადის პროექტი როცა დავდეთ, 120 კომენტარი და 100-მდე შეკითხვა შემოვიდა.

ამაზე როგორ რეაგირებს სამინისტრო. შეგიძლიათ დაგვისახელოთ საკითხი, სადაც პედაგოგების რეკომენდაციები გაითვალისწინეთ?

ყველაზე მეტი კრიტიკა გამოითქვა მე-7 და მე-8 კლასებში არჩევითი საგნების დამატებასთან დაკავშირებით. პედაგოგები გვწერდნენ, რომ ეს გამოიწვევდა საათობრივი ბადის კიდევ უფრო გადატვირთვას და აზრი არ ჰქონდა ამ საგნების დამატებას, რადგან მოსწავლეები არ დარჩებოდნენ ამ გაკვეთილებზე. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოსაზრებები და ეს გაკვეთილები ამოვიღეთ საათობრივი ბადედან.

რატომ არ განიტვირთა ახალი საათობრივი ბადე? ახლის მიზანი ხომ სწორედ ეს იყო. პედაგოგები, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ ბადე  გართულებულია.

ალბათ იშვიათია პედაგოგი, რომელიც ამბობს, რომ ბადე არ გამარტივდა. ვინც წაიკითხა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის როგორც სტანდარტების, ასევე რეკომენდებული პროგრამები, ამას ვერ იტყვის. შესრულებულია დაპირება, რომელიც იყო პროგრამების განტვირთვაზე. ეს პრობლემა ჰქონდა აქამდე არსებულ სასწავლო გეგმას. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ისინი ვერ ასწრებდნენ ახსნილი მასალის განმტკიცებას, ვერც მოსწავლეები ასწრებდნენ ახალი ცოდნის გააზრებას და მათ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში გადატანას, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემა პროგრამულ დონეზე გადაჭრილია.

გარდა შინაარსობრივ დონეზე გამარტივებისა, აქ საუბარი იყო იმაზეც, რომ მე-6 და მე-7 გაკვეთილები არაეფექტური, არაპროდუქტიულია, რადგან ამ დროისთვის მოსწავლეები გადაღლილები არიან და ინტერაქტივი თითქმის არ არსებობს. ამ თვალსაზრისით რამე გამარტივდა?

სკოლამ უნდა დაალაგოს ცხრილი ისე, რომ მოსწავლეს არ ჰქონდეს გადაღლილობის განცდა. თუ ყველა გაკვეთილი იქნება ინტერაქტიული და სახალისო, ეს პრობლემაც აღარ იქნება.

როგორ უნდა დალაგდეს, შეგიძლიათ მაგალითი დაგვისახელოთ?

შეიძლება დავალაგოთ ისე, რომ მხოლოდ ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების საგნები არ იყოს მოქცეული პირველ ნაწილში. საგნების მონაცვლეობა საინტერესო უნდა იყოს.

ქართულსა და მათემატიკაში რამ გამოიწვია საათების გაზრდა?

ეს არ მომხდარა ერთბაშად, სწორედ ამიტომ დასჭირდა სასწავლო გეგმის შემუშავებას ორი წელი, რომ იყო მსჯელობა მასწავლებლებთან, საგნობრივ ასოციაციებთან და ამის შემდეგ შევჯერდით. ყველა საგნის პედაგოგებისგან იყო მოთხოვნა, რომ მათ მიმართულებას უფრო მეტი საათი სჭირდებოდა.

პედაგოგს შეიძლება სჭირდება საათები, რადგან მისი ანაზღაურება ამაზეა დამოკიდებული, მაგრამ აქ ხომ ბავშვის ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია?

დიახ, ბავშვის ინტერესი უნდა იყოს მთავარი და მათ არ უნდა ჰქონდეთ დაძაბულობის განცდა. ვიღაც არ უნდა გრძნობდეს თავს იგნორირებულად, არ უნდა ფიქრობდეს, რომ მას არასდროს ეკითხებიან და მასთან ინდივიდუალურად არ მუშაობს მასწავლებელი. სწორედ ამიტომ, ყველა მიღებული ინფორმაცია გადავამუშავეთ და შევაჯერეთ.

მოვისმინე მოსაზრება, რომ „ინფორმაციული ტექნოლოგიების“  დამატება ცალკე საგნად არ არის სწორი და ამ უნარების შესწავლა სხვა ფორმატშიც შეიძლება. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

სამინისტრო გადაწყვეტილებას მხოლოდ 1-2 სკოლაზე და იქ დასაქმებული ადამიანების შესაძლებლობებზე დაყრდნობით არ იღებს. გავითვალისწინეთ ის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან თუნდაც მაღალმთიანი რეგიონების მოსწავლეები, ის ბავშვები, ვისაც არ აქვთ ტექნოლოგიებთან წვდომა, სახელმწიფომ არ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ასწავლოს? თუკი რომელიმე სკოლა ფიქრობს, რომ მის მოსწავლეებს არ სჭირდებათ ამ საგნის სწავლება, შეუძლია სასკოლო-სასწავლო გეგმის ფარგლებში დააზუსტოს ეს საკითხი და 25-პროცენტიანი გადაადგილების ფარგლებში, ეს საგანი არ დაამატოს.

მეორე საგანი, რომელიც დაემატა, ეს არის „მოქალაქეობა“, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებში გაწერილია მკაფიოდ, რომ მიზანი არის 21-ე საუკუნის მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ასეთ ცვალებად სამყაროში.

ქიმია მე-7 კლასში საერთოდ აღარ ისწავლება, რატომ?

მანამდე არ ისწავლებოდა ფიზიკა. იყო მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ორჯერ ისწავლებოდა. მაგალითად, სითბური მოძრაობა, ნივთიერების აგებულება, ნივთიერების მდგომარეობა და ა.შ. ისწავლებოდა ქიმიაშიც და ფიზიკაშიც. ამიტომ სპეციალსიტები შეჯერდნენ, რომ ის ნაწილი, რომელიც საერთოა ქიმიისა და ფიზიკისთვის, მოსწავლეები ფიზიკით ისწავლიან.

შემცირდა ისტორიაც, რადგან სამოქალაქო განათლების საკითხები ამოვიდა იქედან. მე-7, მე-9 კლასებში ისწავლება საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან დღემდე, ოღონდ მსოფლიო ისტორიის კონტექსტში. ექსპერტების შეფასებით, ყველა საგანს ზუსტად იმდენი საათი აქვს დათმობილი, რამდენიც სჭირდება.

თქვენ ამბობთ, რომ სკოლებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რა და როგორ დაალაგონ შიგნით. მაგრამ როცა საგაკვეთილო ბადის განტვირთვაზე იყო საუბარი, აქ იგულისხმებოდა ისიც, რომ მოსწავლეს არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს დიდი დასვენებით, მიიღოს ჯანსაღი საკვები სკოლაში ან თუნდაც ჰქონდეს სრულფასოვანი სპორტის გაკვეთილი, სადაც ის ძალების აღდგენას ან განტვირთვას მოახერხებს. ამ მიმართულებით რას ცვლის სამინისტრო?

დიდი დასვენება არის სკოლებში, განსაზღვრულია მინიმუმ 10-წუთიანი დასვენება. გარდა იმ სკოლებისა, სადაც რამდენიმეცვლიანი სასწავლო პროცესია.

ასეთ სკოლებში მინიმუმ ათასი-ათასხუთასი ბავშვი სწავლობს. მათაც ხომ სჭირდებათ ნორმალური რეჟიმი?

დიახ, მაგრამ რომელი მშობელი იტყვის, რომ ამ სკოლიდან ბავშვი უნდა გადაიყვანოს გარეუბანში? ყველას უნდა, რომ სახლთან ახლოს იაროს სკოლაში. თუმცა, გეთანხმებით, რომ სკოლის შენობების გადატვირთულობა ჩვენთვის გამოწვევაა და უნდა ვიფიქროთ ახალი სკოლების აშენებაზე. რაც შეეხება კვებას, სამინისტრო არ არის სკოლებში კვების პროვაიდერი, მაგრამ არის ჯანსაღი ცხოვრების პოლიტიკის მომხრე, ამიტომ მივეცით სკოლებს რეკომენდაციები.

რაც შეეხება სპორტს, ჩვენ ვერ დაველოდებით, რომ 3 400 შენობაში საშხაპე და გამოსაცვლელები გვქონდეს, ამის გამო უარს ვერ ვიტყვით სპორტზე. სწორედ ამიტომ დავამატეთ ახალი სასწავლო გეგმით ფიზიკური აღზრდა. გეგმაში ხაზგასმულია, რომ თუკი მაღალკლასებში სკოლებს შეუძლიათ 25-პროცენტიანი გადაადგილების ფარგლებში რაღაც საგანი შეამცირონ, ახალი სასწავლო გეგმით, ფიზიკურ აღზრდას და  ხელოვნებას, ვერც ერთ საათს ვერ მოაკლებენ. არასწორი იყო, როცა ამ კლასებში ისწავლებოდა სპორტი და არა ფიზიკური აღზრდა, აქამდე სკოლები ერთ რომელიმე მიმართულებას ირჩევდნენ, ამიტომ იყო, რომ მოსწავლეების ნაწილი არ ესწრებოდა ამ გაკვეთილებს, ამ შემთხვევაში კი ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები იქნება სხვადასხვა აქტივობაზე მორგებული, მხიარული სტარტების მსგავსი და ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება პროცესში ჩაერთოს.

ხშირია კრიტიკა იმას გამოც, რომ განათლების რეფორმა არათანმიმდევრულია, ცვლილებების მიზანი კი – ბუნდოვანი. რას უპასუხებთ ამაზე?

არ ვიცი, რომელ ცვლილებებს გულისხმობენ. თუ სქემაზეა საუბარი, ვფიქრობ, სქემას არ დაუკარგავს თავისი მიზანი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი რომელიმე კოლეგა სკოლაში ყოფნას არ იმსახურებს, ამისთვის არსებობს შეფასების ინსტრუმენტები და სუბიექტურ მოსაზრებას არ უნდა დავეყრდნოთ. ჩვენ ვგეგმავთ ბარიერების მოხსნას მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელად და გვაქვს ბევრი სხვა ცვლილება, სადაც გათვალისწინებულია სპეცილისტების აზრი.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: