მთავარი,სიახლეები

სარჩელი საპოლიციო კონტროლის წესების შესაცვლელად

19.04.2018 • 1481
სარჩელი საპოლიციო კონტროლის წესების შესაცვლელად

სარჩელი საპოლიციო კონტროლის წესების შესაცვლელად საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეებმა მარიამ ბეგაძემ და გურამ იმნაძემ შეიტანეს. ისინი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ სამართლებრივი ნორმების არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვენ, რომლებიც ქვეყანაში პოლიციურ კონტროლს ადგენს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არსებული მოდელი სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას უშვებს.

„პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია, ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა“; „სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად განხორციელებული შემოწმება…“ – ეს კანონის ის მუხლია, რომელსაც მოსარჩელეები სადავოდ ხდიან.

საკონსტიტუციო სარჩელში გურამ იმნაძე და მარიამ ბეგაძე აღნიშნავენ, რომ „ამ ღონისძიების გამოყენება ქმნის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის გადამეტების საფრთხეს.“

„სადავო ნორმები პრობლემურია, რადგან ის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას უშვებს თანაზომიერების პრინციპის უგულებელყოფით, კერძოდ, არ ითვალისწინებს საპოლიციო უფლებამოსილების შეზღუდვის რაიმე ფორმას სამართლებრივი საფუძვლით, საფრთხის სერიოზულობით, სივრცით, დროით,“ – წერენ მოსარჩელეები.

სარჩელში მითითებულია, რომ 2016-2017 წლებში სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიება ცხრაჯერ განხორციელდა და ცხრავე შემთხვევაში ღონისძიება გავრცელდა მთლიანად საქართველოში. ორი წლის განმავლობაში გამოყენებული საპოლიციო კონტროლის ღონისძიებების ხანგრძლივობა 2-3 დღემდე მერყეობდა.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან გარემოებას, რომ საპოლიციო კონტროლის დასაწყებად საკმარისია იმის ვარაუდი, რომ ჩადენილია, ან ვინმე დანაშაულის ჩადენას აპირებს.

„სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწყების საფუძველს წარმოადგენს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. თავად ამ სტანდარტის განმარტება მოცემულია ამავე კანონში: „საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად“.

ეს ნიშნავს, რომ დანაშაულთან/სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის ვრცელდება არა კონკრეტული პირების, არამედ ტერიტორიის მიმართ. კერძოდ, რომელიმე ტერიტორიაზე შესაბამისი ვარაუდის შემთხვევაში, ამ ადგილას მოხვედრილი თითოეული პირი დაექვემდებარება განსაკუთრებული რეჟიმს. საკმარისი საფუძვლის ეს განმარტება გულისხმობს ობიექტური დამკვირვებლის დაკმაყოფილებას, ნებისმიერი დანაშაულის ან სამართალდარღვევის ჩადენის/საფრთხის შესახებ. ამდენად, სპეციალური საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს არა კონკრეტული პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის, არამედ ზოგადად დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ვარაუდი რომელიმე ტერიტორიასთან მიმართებით,“  – ვკითხულობთ  კონსტიტუციურ სარჩელში.

მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ ევროპულ პრაქტიკაზე, სადაც მიჩნეულია, რომ „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ისე არ უნდა იყოს გამოყენებული, რომ საგამოძიებო ორგანოების საქმიანობა „თევზაობას“ დაემსგავსოს.“

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Shimovolos v. Russia, პირის თავისუფლების უფლებაზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ სასამართლო ვერ დაუშვებს ზოგადი პრევენციის პოლიტიკას პირის ან პირთა კატეგორიის მიმართ, რომელთაც ხელისუფლება, სწორად თუ არასწორად, საფრთხის შემცველად, ან დანაშაულისადმი მიდრეკილად აღიქვამს. სასამართლოს განმარტებით, პრევენციული მოქმედებები, როგორიცაა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შემოწმება, გასაუბრება და პოლიციის განყოფილებაში ერთი საათით დაყოვნება, კონვენციით დაშვებულია მხოლოდ კონკრეტული, სპეციფიკური დანაშაულის აღსაკვეთად.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: