მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

საკუთრებად ყველაზე მეტი მიწა სახელმწიფო პროგრამით ხელვაჩაურში დარეგისტრირდა

19.04.2018 • 2433
საკუთრებად ყველაზე მეტი მიწა სახელმწიფო პროგრამით ხელვაჩაურში დარეგისტრირდა

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის მასშტაბით, ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით 2016 წლის აგვისტოდან დღემდე აქ სულ 2 994 საკუთრებაა დარეგისტრირებული. საკუთრების რეგისტრაციის ოდენობით, ხელვაჩაურის შემდეგ ქობულეთისა და ბათუმის  მუნიციპალიტეტები მოდის. 19 აპრილის მონაცემებით, ქობულეთში – 2 952,  ბათუმში კი 1847 საკუთრებაა დარეგისტრირებული.

რაც შეეხება მთიან აჭარას, აქ სახელმწიფო სპორადულ რეგისტრაციასთან [როდესაც სახელმწიფო მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე არეგისტრირებს საკუთრებას] ერთად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სისტემურად უნდა დაარეგისტრიროს. სისტემურად მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცეული ნაკვეთები დარეგისტრირდება, თუმცა ვიდრე სახელმწიფო მოსახლეობის სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებდა, ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტომ სულ 922 საკუთრება დაარეგისტრირა.

აჭარის მთიანეთში ყველაზე მეტი საკუთრება ამ დროისთვის პროგრამულად ქედაშია დარეგისტრირებული, სულ – 1 312, ხულოში კი მხოლოდ – 965.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2018 წლის პირველ ივლისს დასრულდება, შესაბამისად, სახელმწიფო მანამდე მოქალაქეებს, მიმართვის საფუძველზე, საკუთრებას გამარტივებული წესით დაურეგისტრირებს – მოქალაქე არ არის ვალდებული რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები თვითონ მოიძიოს, თუმცა, თუ 2018 წლამდე აზომვითი ნახაზები ფინანსდებოდა, 2018 წლიდან ნახაზების დაფინანსება შეწყდა.

აზომვითი ნახაზების სუბსიდირებას ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო ახორციელებდა. სააგენტოში განმარტავენ, რომ დაფინანსების პერიოდი წინასწარ იყო განსაზღვრული. აქვე იმასაც დასძენენ, რომ ის ნახაზებიც დაფინანსდება, რომლებიც დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში 2018 წლამდე შევიდა.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წლის 3 აგვისტოდან 2017 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ  490 ამზომველის მიერ შესრულებული 259 540  ნახაზი დაფინანსდა, ნახაზების სუბსიდირებამ კი  20 მილიონ 660 ათას 638 ლარი შეადგინა.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/122917/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: