„მოგეხსენებათ, 15 აპრილი სიყვარულის დღეა“ – პოლიციელის ჩვენება ორი პირის დაკავებაზე

„ეს შემთხვევა 2016 წლის 15 აპრილს მოხდა. 15 აპრილი სიყვარულის დღეა, მოგეხსენებათ, ბატონო მოსამართლევ…“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენების მიცემა ბათუმის მე-3 განყოფილების პოლიციელმა, ზაურ კეკელიძემ. მან აღწერა, როგორ გაუწია წინააღმდეგობა და თავს დაესხა 2 ნასვამი პირი 9 პოლიციელს.

ირაკლი ჯაში და ირაკლი ბჟალავა 2016 წლის 15 აპრილის ღამეს ყოფილი სასტუმრო „ლეო გრანდის“ წინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს. რამდენიმე დღეში მათ სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი სსკ-ის 353-ე მუხლის შესაბამისად. ეს გულისხმობს „წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ“.

ეს დაკავება საზოგადოებისთვის აქტუალური მას შემდეგ გახდა, როცა ადვოკატებმა სასტუმროს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მოიპოვეს. კადრებში ჩანს, რომ ბრალდებულები მხოლოდ სიტყვიერად უპირისპირდებიან პოლიციელებს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში კი პოლიციელებმა თქვეს, რომ ჯაშმა და ბჟალავამ მათ აგინეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

ფიზიკური დაზიანებები ჰქონდათ დაკავებულებსაც – ირაკლი ჯაშს და ირაკლი ბჟალავას. ორივე მათგანის სხეულზე, რამდენიმე ადგილას, ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა.

„მე გეტყვით, საიდან მიიღეს დაზიანებები,“ – თქვა პოლიციელმა ზაურ კეკელიძემ, – „პოლიციის განყოფილებაში რომ მივიყვანეთ, გამოკითხვის დროს ირაკლი ჯაშმა მოულოდნელად მაგიდას შეგნებულად თავი დაარტყა. ირაკლი ბჟალავამ კი ტუალეტში გასვლა ითხოვა. მე გავყევი. ტუალეტში მისვლამდე სამზარეულოა. სამზარეულოს მინას მიარტყა თავი ბჟალავამ. ის მინა ახლაც გატეხილია…“ – თქვა მოწმემ.

„ეს თუ ასე იყო, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში რატომ არ აღნიშნეთ?“ – მიმართა პოლიციელს ბრალდებულმა ირაკლი ბჟალავამ.

„აღარ მახსოვს ახლა, აღვნიშნე თუ არა, მას მერე ორი წელი გავიდა,“ – უპასუხა ბრალდებულს მოწმემ.

დაცვის მხარის ვერსიით, ყოფილ სასტუმრო „ლეო გრანდიდან“ რამდენიმე ახალგაზრდა ხმამაღალი შეძახილით გამოვიდა გარეთ. პოლიციელებმა მათ „სახლში წასვლისკენ მოუწოდეს“, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ადვოკატ რამინ პაპიძის თქმით, სიტყვიერი შეპასუხებისთვის დააკავეს ირაკლი ბჟალავა და ირაკლი ჯაში, რომლებსაც იმავე ღამეს პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

პოლიციელის თქმით კი, სასტუმროდან გამოსული ახალგაზრდები თავდაპირველად ერთმანეთს აგინებდნენ, მოგვიანებით კი პოლიციელებს დაუწყეს გინება, როცა სამართალდამცველებმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდეს. პოლიციელ ზაურ კეკელიძის თქმით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მისი კოლეგა დავით გოხიძე ფიზიკურად შეურაცხყო. „დავინახე, როგორ სდიოდა სისხლი… რუსლან თებიძეს კი მაისური ჩამოახიეს“, – თქვა მან.

„თქვენ ნორმატივებს ხომ აბარებთ?… ახლა 9 პოლიციელი ჩამოთვალეთ, ვინც იქ იყო. ცხრა პოლიციელს გაუჭირდა ორი ბიჭის დაკავება?“ – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი.

„გაგვიჭირდა, ჰო… მაგრამ საბოლოოდ რომ არ დაგვეკავებია, გაიქცეოდნენ. მე მოვკიდე ხელი ირაკლი ჯაშს, მაგრამ ხელბორკილის დადება ვერ მოვახერხეთ, გვეჭიდავებოდა, საკმაოდ ტანადი იყო,“ – თქვა პოლიციელმა ზაურ კეკელიძემ.

მოწმე პოლიციელის თქმით, ადგილზე განყოფილების ხელმძღვანელი – ჯონი ტაკიძეც იმყოფებოდა. „იმ საღამოს, სიყვარულის დღეს რაღაც ღონისძიება იყო სასტუმროში, ხალხის მოძრაობა და სამი პოლიციელი ვიყავით, რომ წესრიგი არ დარღვეულიყო, ვაკონტროლებდით სიტუაციას… ღამის საათებში მანქანით გამოგვიარა ბატონმა ჯონიმ. აინტერესებდა, თუ ვიყავით ადგილებზე და რამე ხომ არ ხდებოდა. ამ დროს გამოვიდნენ სასტუმროდან ეს ახალგაზრდები…“, – თქვა ზაურ კეკელიძემ. მისივე თქმით, თავდაპირველად სასტუმროდან 20-მდე პირი გამოვიდა ერთდროულად, ისინი ერთმანეთს აგინებდნენ, მაგრამ თანდათან დაიშალნენ და ტაქსებით წავიდნენ.

„როცა ირაკლი ჯაში და ირაკლი ბჟალავა ჩვენს მოთხოვნას არ დაემორჩილა, არ ჩუმდებოდნენ, დამატებითი ჯგუფი გამოვიძახეთ. დაახლოებით 5 კაცი მოვიდა კიდევ. ვუთხარით, რომ ადმინისტრაციული წესით ვაკავებდით, მაგრამ გაგვიჭირდა…“ – დასძინა პოლიციელმა.

„ოთხმა კაცმა თუ ერთ ადამიანს ხელები გაუკავეთ, როგორ გაგიჭირდათ მისი დაკავება?“ – ჩაეკითხა პოლიციელს ადვოკატი.

„თუ გინდა, ინსცენირება მოვაწყოთ,“ – მიმართა ადვოკატს პოლიციელმა. -„გამიკავონ ხელები და ნახეთ, თავს ვამოძრავებ… ისიც ასე იყო, ხან თავი დაარტყა პოლიციელს, ხან – ხელი გაითავისუფლა და დაარტყა,“ – უპასუხა ადვოკატს პოლიციელმა.

„სახეზე, თვალის ბუდეში ჰქონდა სისხლჩაქცევები და ჩალურჯებები ირაკლი ჯაშს. საიდან მიიღო მან ეს დაზიანებები?“ – იკითხა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ.

პოლიციელი, ზაურ კეკელიძე: „მაგი იმდენს დახტოდა, რა ვიცი…“

ადვოკატი დავით ჯაფარიძე: „პოლიციის განყოფილების უფროსმა, ჯონი ტაკიძემ მიმართა თუ არა უხეშად, სახლში წადითო?“

პოლიციელი, ზაურ კეკელიძე: „არ მახოვს, რომ ასეთი რამ ეთქვას…“

პოლიციელებზე თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევის საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. შემდეგ სხდომაზე პროკურატურა კიდევ რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს და ამით ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები. მათგან ერთ-ერთი, ირაკლი ჯაში მეზღვაურია და იგი სასამართლო პროცესს არ ესწრება.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იკითხა, ხომ არ მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება. ორივე მხარემ მოსამართლეს უთხრა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ადვოკატ რამინ პაპიძის თქმით, ირაკლი ჯაში იმ შემთხვევაში დასთანხმდება საპროცესო შეთანხმებას, თუკი სასჯელის სახით მას მხოლოდ ჯარიმას შეუფარდებენ.

„ის არის მეზღვაური და პირობითი მსჯავრი არ აწყობს, რადგან ქვეყნიდან გასვლის უფლება არ ექნება. პროკურატურის შეთავაზებაა, ერთწლიანი პირობითი მსჯავრი და 2000 ლარი ჯარიმა,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ბრალდებულებმა ბრალი უნდა აღიარონ.

რა გაირკვა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კუთხით? – ადვოკატების თქმით, ირაკლი ჯაშის და ირაკლი ბჟალავას ცემის ფაქტზე აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა რამდენიმე თვის წინ გამოძიება დაიწყო, თუმცა კონკრეტული შედეგი არ ჩანს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ირაკლი ჯაშსა და ირაკლი ბჟალავას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი