მთავარი,სიახლეები

სესხის დამტკიცებაზე SMS შეტყობინებაში საპროცენტო განაკვეთის მითითება სავალდებულო იქნება

19.04.2018 • 3053
სესხის დამტკიცებაზე SMS შეტყობინებაში საპროცენტო განაკვეთის მითითება სავალდებულო იქნება

მიმდინარე წლის 14 მაისიდან თუ თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დაგიმტკიცდათ სესხი, სავალდებულოა, რომ ამ შეტყობინებაში ასევე იყოს მითითებული ამ შეთავაზების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დაგიმტკიცდათ 1000 ლარი სესხი:

ამ შეტყობინებას 14 მაისიდან აუცილებლად უნდა ახლდეს ასევე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაცია.

მაგალითად:

თქვენ იღებთ სესხს 1000 ლარის ოდენობით ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 20%, ყოველთვიური შენატანი – 92,63 ლარი, სესხის გაცემის საკომისიო – 2% [20 ლარი]. ამ შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის – 26,9%.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის სხვა მაგალითები იხილეთ ბმულზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსური მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით მომზადდა ცვლილებები „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“, რომელთა გათვალისწინებაც ფინანსურ ორგანიზაციებს 2018 წლის 14 მაისიდან მოუწევთ.

ამ ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდა მომხმარებლის ინფორმირების მოთხოვნები სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზებისას. კერძოდ, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებლისთვის სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას მას მიაწოდოს ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ.

აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება, მათ შორის, ისეთი დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით პროდუქტის შეთავაზებაზე, როგორიცაა, მაგალითად, ინტერნეტ-ბანკი, გადახდის თვითმომსახურების კიოსკები და ბანკომატები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ა.შ.

„ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, ამგვარი ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუ შეთავაზებაში პროდუქტის ფასის განმსაზღვრელ ნებისმიერ პარამეტრს მიუთითებდნენ“ – აცხადებს ეროვნული ბანკი – „ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით ხელშეკრულებების დადების წესი, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და შეთავაზების პირობების წინასწარ მიწოდებასა და ამ ინფორმაციის შემდგომ ხელმისაწვდომობას, ასევე მომხმარებელთან ზეპირი კომუნიკაციის სტანდარტებს“.

ბანკის ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად ასევე, დაზუსტდა ხელშეკრულების ფორმების ნიმუშები მათი შინაარსის უფრო ცხადად გამოხატვისა და მომხმარებლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: