მთავარი,სიახლეები

რა შესთავაზა მერმა მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ

17.04.2018 • 5813
რა შესთავაზა მერმა მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი 2018 წლის მარტის ბოლოს მეჩეთის მშენებლობის საკითხზე შეხვდნენ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს. მორიგი შეხვედრა მერთან 12 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ „მუსლიმთა მეჯლისის“ წევრები ხულოში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობი მიზეზის გამო შეხვედრა არ შედგა. მოლაპარაკებას რომ გამართავდნენ, ამაზე მხარეები სასამართლოში შეთანხმდნენ.

დღეს „ხულოს მუსლიმთა მეჯლისის“ სახელით სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომელსაც გამგეობის ექვსი წევრი აწერს ხელს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მერმა ლაშა კომახიძემ შეხვედრაზე „ა(ა)იპ-ი ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს“ შესთავაზა, ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მრევლის მიერ შეძენილი მიწა, „მუსლიმთა სამმართველოს“ გადაეცეს.

„გადაცემის შემთხვევაში გამოხატა მერიის მზადყოფნა მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მუსლიმთა მეჯლისის“ წევრები ხულოში, თავის მხრივ, დღეს გავრცელებული განცხადებით მიმართავენ „ა(ა)იპ-ი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“, რომ მრევლის მიერ ნაყიდი მიწა „მუსლიმთა სამმართველოს“ არ გადაეცეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მეჩეთი, ისე როგორც მის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა. სახელმწიფომ ეს ქონება სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ 2011 წლის აგვისტოდან გადასცა სარგებლობის უფლებით.

დათანხმდება თუ არა ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“ სახელმწიფოს გადასცეს მის მიერ ნაყიდი მიწის ნაკვეთი? – გვინდოდა გვეკითხა ამ ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ტარიელ ნაკაიძისთვის. თუმცა, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

„ბათუმელები“ მეჩეთის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარეს, ნოდარ პაქსაძეს ესაუბრა. მას მერთან შეხვედრის დეტალებზე ვკითხეთ, რომელიც დღემდე არ გასაჯაროებულა. მან დაადასტურა, რომ მერთან შეხვედრის დროს საუბარი მართლაც იყო „მუსლიმთა სამმართველოსთვის“ მიწის გადაცემაზე.

„გიდასტურებთ, რომ ასეთი საუბარი იყო ლაშა კომახიძის მხრიდან, რომ თუ გადასცემთ მიწას, შემდგომ პროცედურები გაგრძელდება და მივცემთ მშენებლობის ნებართვასო. რატომ „მუსლიმთა სამმართველოს“? ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. სამართლებრივად ფონდს აქვს უფლება, რომ ააშენოს მეჩეთი“, – გვითხრა მან.

ნოდარ პაქსაძის აზრით, „მუსლიმთა სამმართველოსთვის“ მიწის გადაცემას იმიტომ ითხოვენ, რომ არ სურთ მეჩეთის მშენებლობა. „მუსლიმთა სამმართველო“ რას გააკეთებს, მათი მოსაზრება არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ხედვა და ვიცით, რომ ვიღაცას არ სურს აშენდეს ბათუმში მეჩეთი…“ – ამბობს ნოდარ პაქსაძე.

ნოდარ პაქსაძეს ამის არგუმენტად მოჰყავს 2014 წელს „მუსლიმთა სამმართველოს“ მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომლითაც მუფტები ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საჭიროებას ვერ ხედავდნენ.

„ბათუმელები“ ხულოს „მუსლიმთა მეჯლისის“ გამგეობის კიდევ ერთ წევრს, ნოდარ ბერიძესაც ესაუბრა, რომელიც ასევე აწერს ხელს დღეს გავრცელებულ განცხადებას. 

„ჩვენ მიწვეული ვიყავით მასთან [ლაშა კომახიძესთან] და მაშინ მოვისმინეთ ეს შემოთავაზება. მაგრამ როცა ვიკითხეთ რა მნიშვნელობა ჰქონდა თუ ვის სახელზე გაიცემოდა მშენებლობის ნებართვა, პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომ დაინიშნა განმეორებითი შეხვედრა. 12 აპრილს უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ ეს შეხვედრაც არ შედგა“, – ამბობს ნოდარ ბერიძე.

ნოდარ ბერიძის თქმით, მერმა ისაუბრა იმაზე, რომ ტერიტორიაზე, სადაც მუსლიმებმა ახალი მეჩეთისთვის მიწა იყიდეს და მშენებლობა სურთ, გზა უნდა გავიდეს. „სულ სამი მიზეზი დაასახელა, რის გამოც მშენებლობის ნებართვაზე გვეთქვა უარი. იყო საუბარი იმაზე, რომ ქალაქს აქვს განვითარების გეგმა და ამ ხედვაში ეს პროექტი ვერ ჯდებაო“, – გვეუბნება ნოდარ ბერიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა მერის მხრიდან იმაზე საუბარი, მიწის მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემის შემთხვევაში როგორ აშენდებოდა მეჩეთი, თუკი მშენებლობა არ ჯდება ქალაქის განვითარების გეგმაში? – ნოდარ პაქსაძე გვპასუხობს:

„ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა ეს, რომ თუკი ჩვენ „მუსულიმთა სამმართველოს“ მიწას გადავაბარებდით, მშენებლობაზე პრობლემა არ იქნებოდა. ჩვენც ვიკითხეთ, რომ თუკი სამმართველოს შეეძლო მშენებლობა, ჩვენს ორგანიზაციას რატომ არ შეუძლია. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის სამმართველო უფრო ადვილად სამართავია“, -გვეუბნება ის.

ნოდარ ბერიძის აზრით, თუკი ქალაქის განვითარებას მართლაც შეუშლის ხელს მეჩეთის მშენებლობა, მერიას შეუძლია მათ ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზოს.

„ალბათ ამას ფიქრობს ხელისუფლება. თუმცა ყველაფრის პასუხი ამ შეხვედრაზე მერს არ ჰქონდა. ამიტომ დავნიშნეთ მორიგი შეხვედრა“, -გვეუბნება ის. – „ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე გამგეობაშიც, იმ ადამიანებთან, ვისაც ჭკუა მოეკითხება და სწორედ მათთან საუბრის შემდეგ გამოვაქვეყნეთ ეს განცხადება“.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიასაც დაუკავშირდა კომენტარისთვის. თუმცა, როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს „მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფთან“ და „შეხვედრების დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებენ“.

ხულოს მუსლიმთა მეჯლისის განცხადება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: