მთავარი,სიახლეები

„სამურაის ხმალი ამილესავს”- ბათუმელი მლესავები თბილისის მოედნიდან

17.04.2018 • 3585
„სამურაის ხმალი ამილესავს”- ბათუმელი მლესავები თბილისის მოედნიდან

თბილისის მოედანზე, საცხობების რიგსა და სამარშრუტო ტაქსების გაჩერებას შორის სახელდახელოდ მოწყობილი ორი დახლია: ერთი ღია, ერთიც ფარდულის მსგავსი, ბრეზენტით შეფუთული. ამ მიდამოებში 28 წელია თითქმის ყოველდღე ჩარხის ხმა ისმის და ორი კაცი თავჩახრილი ლესავს ბათუმელების დაბლაგვულ დანებს, მაკრატლებს, ხორცსაკეპი მანქანების ნაწილებს, ძველებურ ხანჯლებს და ხანდახან სამურაის ხმალსაც კი.

პატარა დანებს, მაკრატლებს აქ 20 თეთრად ლესავენ, დიდებს – 50 თეთრად. ცულის ალესვა 1 ლარი ღირს, ხერხის – 2 ლარი. ხმალ-ხანჯლის ალსვა-გაპრიალების ფასი კი 3-5 ლარია.

ავთანდილ კონცელიძე და ასლან ჯაფარიძე მეზობლები და მეგობრები არიან, თბილისის მოედანზე უკვე 28 წელია მლესავად ერთად მუშაობენ.

ავთანდილ კონცელიძე: „ადრე ზუსტად ამ ადგილას, გვარად ჩუვატკინები მუშაობდნენ მლესავებად,  წავიდნენ იმ ქვეყნად და დავრჩით ჩვენ. არაფერს არ გვასწავლიდენ, ჩვენ თვითონ ვისწავლეთ ყველაფერი, ყველას სჭირდება მლესავი, პარლამენტის თავმჯდომარეს თუ გლეხს, არ მგონია, ამ პროფესიას გაქრობა ემუქრებოდეს.

ასალესად მოაქვთ ხერხი, ცული, დანები, მაკრატლები და რა ვიცი… შემოსავალი მეტ-ნაკლებად გვყოფნის.

აქვე ვცხოვრობ, მეორეზე. ჩამოვდივარ და ვმუშაობ.

ერთხელ სამურაის ხმალიც მომიტანეს ასალესად, უცხოეთში მაჩუქესო, კლიენტი ამბობდა. ერთადერთხელ ავლესე 28 წლის განმავლობაში სამურაის ხმალი, რომ გაიქნევდი, ხმა ჰქონდა ჰაერის გაჭრის“.

ფოტოზე: ავთანდილ კონცელიძე, მლესავი

სანამ მლესავი გახდებოდა, # 55 ავტობუსის მძღოლი იყო. ამბობს, რომ მძღოლობა უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, არავინ არ უნდა დაამტვრიო, აქ კი ერთ ადგილას ზიხარ, ჩარხი ან ძრავი თუ გაგიფუჭდება – გამოცვლი.

ზამთარში ღია ცის ქვეშ მუშაობა უჭირთ, ბრეზენტით ფუთავენ დახლს, მაგრამ სუსხს და ქარს ეს საფარველი ვერ უმკლავდება, ვერც წვიმაში გამოდიან სამუშაოდ: წყალი დგება და შეუძლებელია სალესთან დგომა ან ჯდომა – წყალი წაგიღებს.

ძრავიანი სალესი და ქვა – სულ ეს ეს არის, რაც მლესავს სჭირდება სამუშაო პროცესისთვის. ბასრი ნივთების ლესვა, თუ მუდმივად ფხიზლად არ იქნები, სახიფათო საქმეა. ავთანდილ კონცელიძემ 28 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაიჭრა ხელი და 9 ნაკერიც დასჭირდა, თუმცა ერთადერთ შემთხვევას სათვალავში არც აგდებს.

ბევრი მიადგება ხოლმე – „ფული არ მაქ, გამიკეთე ისეო“, მაგრამ მლესავს ეს არ უკვირს:  გავუკეთე ისე, სამუშაო არ აქვს ხალხს და არც მიკვირს, როცა მომიტანს – მომიტანს, თუ არა და კარგად იყოს, კაცოო – ამბობს ავთანდილი.

ასლან ჯაფარიძის დახლიც იქვეა. ასლანი ყვება, როგორ შეუდგა მლესავობას, „როცა ქვეყანა გადატრიალდა“:

„ახალგაზრდა ამ პროფესიას არ კადრულობს. ქვეყანა გადატრიალდა, სხვა საშუალება რამე რომ არ მქონდა, ხელით დავიწყე მაშინ, „მატორები“ არ იყო, ორი კაპიკი რომ ვიშოვე, შევრჩი, მეზობელთან ერთად დავიწყეთ ერთად ლესვა და 25 წელია ვართ ასე. ვერ გამდიდრდები ამ საქმით, მაგრამ მშიერი არ დარჩები. სანამ მოგვცემს საშუალებას მერია, ვიქნები. ოჯახი მყავს, შვილები, 6 შვილიშვილი,  ერთად ვერ ვეტეოდით და ზოგი შვილი და შვილიშვილი ქირით მყავს, შვილიშვილები სწავლობენ, მშობლები ხანდახან თუ გადავლენ თურქეთში, თორემ ყოველდღიური შემოსავალი და პურის ფული ჩემზეა.

დახაზეს მოედანი და გვეუბნებიან გადადითო, მე ვუთხარი: მე ახლა რა უნდა მოვძებნო, შუქი აგერ მაქვს გამოყვანილი, ამას თან ვერ წავიღებ, თუ ცოტა ხანს შეგვინახავენ, ვიქნებით, თუ არა და რა ვიცი.

ფოტოზე: ასლან ჯაფარიძე, მლესავი

ერთი-ორი კვადრატული მეტრი გვიკავია, მერია გვეუბნება, თქვენ თვითონ მოძებნეთ რამე სხვა ადგილიო, ღია ცის ქვეშ. ტერიტორია აქ რომ ვიქირავო, ერთი კვადრატული მეტრი 200 დოლარი  ღირს, ერთ თვეში ქირის ფულსაც ვერ გავაკეთებ,“- ასრულებს საუბარს მლესავი ასლან ჯაფარიძე და საქმეს უბრუნდება. ამ ფოტოს ვუღებთ, კიდევ სხვებსაც და ვტოვებთ თბილისის მოედანს. აქაურობას კარგა ხანს არ დატოვებს ორი დიდი სალესის ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ახლომახლო საცხობების მცხობელ-გამყიდველები ხმაურით დიდად ბედნიერები და კმაყოფილები არ ჩანან.

გადაბეჭდვის წესი