მთავარი,სიახლეები

სტადიონის მშენებლობა ტექნიკური ზედამხედველის გარეშე გრძელდება – ტენდერი შეჩერებულია

18.04.2018 • 3133
სტადიონის მშენებლობა ტექნიკური ზედამხედველის გარეშე გრძელდება – ტენდერი შეჩერებულია

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მეოთხე თვეა ზედამხედველი კომპანიის გარეშე მიმდინარეობს. ტექნიკური ზედამხედველის გამოსავლენად გამოცხადებული მორიგი ტენდერი ამჯერად ერთდროულად გაასაჩივრა სამმა კომპანიამ, რომლებიც აცხადებენ, რომ სათანადო გამოცდილების მქონე ტექნიკური ზედამხედველის გარეშე აშენებული სტადიონი ექსპლუატაციისას სხვადასხვა პრობლემის გაჩენის რისკებს შეიცავს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი ასეთი გამოცდილება არ აქვს.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „სტადიონს“ 2 მილიონ 847 ათას ლარად სთავაზობს კომპანია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“, რომელიც ხელშეკრულების გასაფორმებლად შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ მიმდინარე წლის 16 აპრილს მიიწვია.

კომისიის შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ 2018 წლის პირველ მაისამდე უნდა წარადგინოს შესაბამისი გარანტია და გააფორმოს ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის შეტყობინებიდან

ამ შეტყობინების გაგზავნის დღესვე, ანუ 16 აპრილს, შპს „სტადიონს“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სამმა კომპანიამ [შპს „მშენტექზედამხედველი – ნიკოლოზ ბოკუჩავა“, შპს „ოიკო-ჯგუფი“ და შპს „ტრიჯიტი“], რომლებმაც სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმის გაუქმება და ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეული კომპანიის დისკვალიფიკაცია მოითხოვეს.

მომჩივანი კომპანიები აღნიშნულ ტენდერში არ მონაწილეობდნენ. ისინი აცხადებენ, რომ „მიუხედავად იმისა, აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ტექნიკური ზედამხედველობის ბაზარზე, ტენდერში მონაწილეობა არ მიიღეს, ვინაიდან ჩათვალეს, რომ სრულად არ აკმაყოფილებდნენ გამოცდილებასთან დაკავშირებულ გარკვეულ სატენდერო პირობებს“.

საჩივრის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ „მათ შეისწავლეს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დაზუსტებული დოკუმენტაცია, საიდანაც ვერ დასტურდება ვერც პრეტენდენტის და ვერც სპეციალისტების გამოცდილება, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო პირობებით“.

ამონარიდი ადმინისტრაციული საჩივრიდან:

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ გუშინ, 17 აპრილს, ტექნიკურ ზედამხედველის შესარჩევი ტენდერის პროცედურები, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა.

იმავე დღეს, 17 აპრილს, შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა წერილით მიმართა საჩივრის ავტორ კომპანიებს.

„…თქვენს მიერ აღნიშნულია, რომ მოცემულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა არ მიგიღიათ და შესაბამისად, არ წარმოადგენთ პრეტენდენტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სტადიონი“-ს სატენდერო კომისიის გასაჩივრებული ოქმი ვერანაირად ვერ დაარღვევდა თქვენს რომელიმე უფლებას, ვინაიდან, ის თქვენს მიმართ არ არის გამოცემული.

ამასთან, იკვეთება, რომ არ გაგაჩნიათ კანონიერი ინტერესი ელექტრონულ ტენდერში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიღებული გადაწყვეტილება არავითარ პირდაპირ და უშუალო გავლენას არ ახდენს თქვენს კანონიერ ინტერსებზე და წარმოადგენთ არაუფლებამოსილ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე არსებობს ადმინისტრაციული საჩივარის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები“, – აღნიშნულია სულხან ხალვაშის წერილში.

„სტადიონის“ დირექტორი მიმართავს საჩივრის ავტორებს, 2018 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, წერილობითი სახით მიაწოდონ მოსაზრება, თუ რამდენად და რის საფუძველზე წარმოადგენენ ისინი დაინტერესებულ მხარეს/უფლებამოსილ პირებს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებაში.

„ოიკო ჯგუფიმ“ საფეხბურთო სტადიონის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერი 2016 წელსაც გაასაჩივრა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში, თუმცა საბჭომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. 2016 წელს ტენდერი სხვა პირებმაც გაასაჩივრეს, რის გამოც „სტადიონი“ იძულებული გახდა ტენდერი მაშინაც შეეჩერებინა.

უკვე მესამე წელია სტადიონის ტექნიკური ზედამხედველი ვერ გამოავლინეს, სტადიონის მშენებლობა კი მეოთხე თვეა დაწყებულია.

„ბათუმელები“ დაახლოებით ერთი თვის წინ წერდა, რომ სტადიონი ტექნიკური ზედამხედველის გარეშე შენდებოდა, თუმცა აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ მშენებლობას, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, სამინისტროს მიერ გამოყოფილი 2 სპეციალისტი უწევდა ზედამხედველობას.

კონკრეტულად ვინ, რა კვალიფიკაციის სპეციალისტი უწევს ტექნიკურ ზედამხედველობას ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას და რას გულისხმობს ეს ზედამხედველობა – ამ ინფორმაციას აჭარის მთავრობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ამ სამინისტროს შპს „სტადიონი“ ასაიდუმლოებენ.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება კი 157 344 846 ლარია [დღგ-ს ჩათვლით].
მათ შორის:

[checklist]

  • სტადიონის ნაგებობის მშენებლობა, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, განათება – 149 636 790 ლარი;
  • მინდვრის საფარის მოწყობის სამუშაოები – 2 158 056 ლარი;
  • სამშენებლო სამუშაოების საავტორო, ტექნიკური და საექსპერტო ზედამხედველობა – 5 550 000 ლარი.

[/checklist]

ზედამხედველობისთვის გათვლილი 5 550 000 ლარიდან:

  • ტექნიკური ზედამხედველობისთვის 3 520 474 ლარია გათვალისწინებული. „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ კი „სტადიონს“ ზედამხედველობას 2 847 000 ლარად სთავაზობს;
  • საექსპერტო ზედამხედველობისთვის 25 424 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა, შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ რევაზ კახიძესთან 13 650 ლარზე გაფორმდა;
  • საავტორო ზედამხედველობაზე შპს „სტადიონი“ მოლაპარაკებას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან აწარმოებს და მასთან ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს, თუმცა რა თანხაზე, „სტადიონში“ არ დაგვიკონკრეტეს. კომპანიაში გვითხრეს, რომ „თურქულმა პროექტმა, რომლის მიხედვითაც შენდება საფეხბურთო სტადიონი, სწორედ „სამხარაულში“ გაიარა ექსპერტიზა და ამიტომ „სამხარაული“ პროექტის ერთგვარი თანაავტორი გამოდის“. 

სტადიონის ნაგებობის მშენებლობაზე შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია, თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით: „ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ჩემპიონთა ლიგის და უეფას ლიგის თამაშებს უმასპინძლებს [გარდა ფინალური თამაშებისა]. ევროპის ჩემპიონატის ფინალის და გახსნა-დახურვის ცერემონიის ჩატარება ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე არ არის შესაძლებელი“.

ბათუმის სტადიონზე აღნიშნული ფინალური თამაშები და გახსნა-დახურვის ცერემონიის ჩატარება იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ სტადიონი 30-35 ათას მაყურებელზე იქნებოდა გათვლილი. აჭარის მთავრობამ კი გადაწყვიტა, 157 მილიონ ლარად [ეს, მათ მიერ დასახელებული სავარაუდო თანხაა] ააშენოს 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც UEFA-ს იგივე სტანდარტებს დააკმაყოფილებს, რასაც აკმაყოფილებს 8-10 ათას ადამიანზე გათვლილი სტადიონი.

სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ დახარჯული მილიონების უკან დასაბრუნებლად და მომავალში მოგების მისაღებად, სტადიონის ფუნქციონირების დეტალური გეგმა მის მშენებლობამდე უნდა არსებობდეს. ასევე გარკვეული უნდა იყოს, თუ ვინ გაუწევს მენეჯმენტს ახლადაშენებულ სტადიონს, ანუ ოპერატორი კომპანია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „ამ დროისთვის მიმდინარეობს ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი, რაც არ საჭიროებს ოპერატორი კომპანიის არსებობას. პროექტის განხორციელების ფარგლებში მიღებული იქნება გადაწყვეტილება ოპერატორი კომპანიის თაობაზე“.

შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: