დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

ბათუმში მშენებარე სტადიონისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა წლიდან წლამდე იზრდება. პროექტი 2020 წელს უნდა დასრულდეს. აჭარის მთავრობას კი ამ ეტაპზე არ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და ვინ უნდა გამოიყენოს 157 მილიონ ლარად ღირებული ნაგებობა.

12 წლის წინ ბათუმის ერთადერთი დიდი საფეხბურთო მოედანი ბათუმის ბულვარში სასტუმროს მშენებლობას შეეწირა. მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმელებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების სტადიონს დაჰპირდა.

2012 წელს ბათუმის მთავრობამ სტადიონის მშენებლობისთვის 1 მილიონი ლარი მიიღო ცენტრალური ბიუჯეტიდან. სააკაშვილის მთავრობის შეცვლამ კი პროექტიც შეაჩერა.  

ბათუმის საფეხბურთო მოედნის მაკეტი, რომლის მშენებლობაც შეჩერდა / 2012 წელი /

დღემდე საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმს“ მატჩების ჩატარება სხვა ქალაქების მოედნებზე უწევს. კლუბი მთელი წლის მანძილზე, საკუთარ მოედანზე, საშუალოდ, 35 შეხვედრას მართავს. მათ თამაშებს, საშუალოდ, 3 000 მაყურებელი ესწრება.

ორ წელიწადში ბათუმს 20 000 ადამიანზე გათვლილი ახალი სტადიონი უნდა ჰქონდეს. პროექტს შპს „სტადიონი“ ახორციელებს, რომელიც აჭარის მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წელს ბათუმში საავადმყოფოს და სტადიონის მშნებლობისთვის შექმნა. მშენებელი შპს „ანაგია“, რომელმაც სამუშაოები 2018 წლის იანვარში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარ მიწაზე დაიწყო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აჭარის მთავრობამ სტადიონის ადგილმდებარეობაც შეცვალა, მისი პროექტიც და ბიუჯეტიც. რეგიონის ახალმა ხელისუფლებამ თავდაპირველად სტადიონის ასაშენებლად [2015-17 წლებში] 38 მილიონი ლარი გათვალა. დღეს კი ამბობს, რომ პროექტისთვის 157 მილიონზე მატი ლარი უნდა დაიხარჯოს. მშენებლობის დასრულებამდე 2 წელია დარჩენილი და შესაძლოა, ეს თანხა კიდევ გაიზარდოს.

სტადიონის პროექტის შექმნაზე პირველად კონკურსი 2014 წელს გამოცხადდა, რომელიც ესპანურმა კომპანიამ IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L.-მა მოიგო. თუმცა, 2015 წელს ხელშეკრულება გაუქმდა. სამინისტრო ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების ოფიციალურ მიზეზად კონტრაქტორის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.

ესპანური კომპანია კი „ბათუმელებთან“ ანტიკორუფციული სააგენტოს მხრიდან ზეწოლასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობდა. კომპანიის თქმით, ამან შეთანხმებულ ვადებში სამუშაოების შესრულება შეუძლებელი გახადა. კომპანიასა და აჭარის მთავრობას შორის, ხელშეკრულების მოშლის გამო, სასამართლოში დავა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

2015 წლის 5 აგვისტოს აჭარის მთავრობამ განაცხადა, რომ ოლიმპიური სტადიონის ნაცვლად საფეხბურთო მოედანს ააშენებდა. მიზეზად ნაგებობისთვის განკუთვნილი ტერიტორიის სიმცირე დააახელა. სტადიონის პროექტზე ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად თურქული კომპანია BAHADUR KUL ARCHITECTS გამოვლინდა. შპს „ანაგი“ საფეხბურთო მოედანს სწორედ მათ მიერ მომზადებული პროექტით აშენებს.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით შენდება.

მიხეილ სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის, „ევრო-2020“-ის აზერბაიჯანთან ერთად მასპინძლობის სურვილი რომ გამოთქვა, „უეფამ“ მაშინ უარი ქვეყანაში სტადიონების არქონის გამო გვითხრა. მათი სტანდარტით, ჩემპიონატის მასპინძელ თითოეულ ქვეყანას თბილისის „დინამოს“ მსგავსი 4 სტადიონი მაინც უნდა ჰქონოდა.

ბათუმში მშენებარე სტადიონი კი სწორედ „უეფას“ მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კატეგორიის მოედნებზე, სულ მცირე, 8 000 ადამიანი უნდა ეტეოდეს. „დინამო ბათუმის“ თამაშებს, მაქსიმუმ, 3 000 მაყურებელი ესწრება. ანუ, 8 000- ადგილიანი სტადიონი ბათუმის მოსახლეობის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებდა, ბიუჯეტიდან კი მისთვის ნაკლები თანხა დაიხარჯებოდა. მაშინ რატომ აშენებს მთავრობა სტადიონს, რომელიც ვერ დაგვეხმარება საერთაშორისო შეჯიბრებების გამასპინძლებაში და სადაც „დინამო ბათუმის“ თამაშებზე 17 000 ადგილი ცარიელი დარჩება? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროში ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხეს.

საქართველოში საბჭოთა პერიოდის შემდეგ დიდი სტადიონი არ აშენებულა. შესაძლოა, სწორედ გამოცდილების ნაკლებობა იყოს პრობლემის ნაწილი, ამბობს  ბელგიური კომპანია EUROPEAN CONNECTION BVBA-ს ქართველი დამფუძნებელი ნიკოლოზ გაბრიჩიძე.

მისი კომპანია, ძირითადად, ჰოლანდიისა და ბელგიის პირველი ლიგის გუნდებისთვის 20,000-მდე ტევადობის „უეფას“ სტანდარტის სტადიონებს აშენებს. ტენდერის შესახებ იცოდნენ, თუმცა მონაწილეობაზე თავიდანვე თქვეს უარი. გაბრიჩიძის თქმით, უფრო რთულია სახელმწიფო სტრუქტურებთან და მთავრობის ბიუჯეტზე გათვლილ მშენებლობაზე მუშაობა, ვიდრე კერძო დამკვეთთან.

გაბრიჩიძის განცხადებით, საქართველოში ყოველთვის იყო ემოციური მიდგომა მშენებლობის მიმართ და, ძირითადად, არ ხდება გათვლები მიზნობრიობაზე. მისთვის გაუგებარია, რატომ აშენებს ქვეყანა 20 000 ტევადობის სტადიონს და იხდის მილიონებს მხოლოდ იმიტომ, რომ დააკმაყოფილოს „უეფას“ ტოპ კატეგორია, მაშინ როცა იგივე კატეგორიის 8 000-იანი სტადიონის აშენება ბევრად იაფი დაჯდება.

„ნანახი მაქვს ბათუმის სტადიონის პროექტი,“ – გვითხრა გაბრიჩიძემ, – „არის ეფექტური, ლამაზი და შეიძლება საფოსტო ბარათზეც კარგად გამოიყურებოდეს და რამდენიც ეტევა, ეტევა. ასეთი მიდგომით განისაზღვრა ტევადობა, ჩემი აზრით და არა გათვლებით. ან უნდა ააშენო 8-10 ათასიანი, მინიმუმ და სტადიონი დააკმაყოფილებს მეოთხე კატეგორიას და იქ შეიძლება ევროპის ჩემპიონატის ფინალის გარდა ყველა მატჩის, ჯგუფური თამაშების და შესარჩევი თამაშების ჩატარება ან უნდა ააშენო, რა თქმა უნდა, 30-35 ათასიანი და მერე იქ ფინალიც ჩატარდება  და „დინამოს“ გარდა [54 000 ტევადობა], კიდევ ერთი სტადიონი იქნება საქართველოში მსოფლიო კლასის.“

სპეციალისტები ამბობენ, რომ დახარჯული მილიონების უკან დასაბრუნებლად და მომავალში მოგების მისაღებად, სტადიონის ფუნქციონირების დეტალური გეგმა მის მშენებლობამდე უნდა არსებობდეს. ასევე გარკვეული უნდა იყოს, თუ ვინ გაუწევს მენეჯმენტს ახლადაშენებულ სტადიონს. აჭარის მთავრობას ჯერ არ უფიქრია ამ საკითხზე და გვიპასუხეს, რომ „ამ დროისთვის მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი, რაც არ საჭიროებს ოპერატორი კომპანიის არსებობას.“

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა / 16.04.2018 / ვინ ზედამხედველობს სტადიონის მშენებლობას? – აჭარის მთავრობა ინფორმაციას ასაიდუმლოებს.

დიდი ზომის სტადიონებზე, სპორტული მატჩების გარდა, კონცერტების გამართვაც შესაძლებელია. სწორედ მისი მრავალმხრივი დატვირთულობა ხდის სტადიონს შემოსავლიანს ისე, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვეს რეგიონის ბიუჯეტს. სტადიონზე ღონისძიებების დაგეგმვა კი სწორედ ოპერატორი კომპანიის მოვალეობაა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კახა კანდელაკი წარსულში კომპანია Eastern Promotion-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელსაც წლების განმვალობაში ცნობილი მუსიკოსები ჩამოჰყავდა საქართველოში. კანდელაკი თვლის, რომ ოპერატორი კომპანიის გამოცდილება სტადიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც „როცა სტადიონზე „ა“ კლასის კონცერტს აკეთებ, ფული მეათეხარისხოვანია, პირველ რიგში გეკითხებიან, რომელ საერთაშორისო პროდაქშენ კომპანიასთან გიმუშავია“.

კანდელაკი მიიჩნევს, რომ კარგად გათვლის შემთხვევაში, სტადიონი  ქალაქისთვისაც მომგებიანი იქნება. მისი თქმით, კონცერტების პერიოდში, ქალაქის შემოსავალი იზრდება. მაგალითად, თუ ნიუ ორლეანის ჯაზ ფესტივალზე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 70 მილიონი დახარჯა, რამდენიმე დღეში, მოგების სახით, 300 მილიონს იღებს. გარდა ამისა, რესტორნები, მაღაზიები და სასტუმროები, ფესტივალის მხარდასაჭერად, დამატებით გადასახადს იხდიან, რადგან ამ დროს სწორედ ფესტივალი ხდის მათ ბიზნეს შემოსავლიანს.

ამიტომაც კანდელაკი თვლის, რომ სტადიონის ინფრასტრუქტურის კონცერტებზე მორგება დღესვე უნდა დაიწყოს. მისი თქით, უამრავი ნიუანსია, რომელზეც ახლაა საჭირო ფიქრი, ძალიან მაღალ დონეზეა გასათვლელი ყველა დეტალი. მაგალითად, როცა 25 ტონა აპარატურა შემოდის სტადიონზე, უნდა გავითვალიწინოთ, არის თუ არა შესასვლელი გათვლილი ამ ზომის ტრაილერებზე, პარკინგი როგორ არის მოწყობილი, როგორია ბალახის საფარი. შესაძლოა 10 დღე დასჭირდეს მოედნის დაფარვა-აღებას, და თუ არ არსებობს სპეციალური მოწყობილობა, ბალახი შეიძლება გახმეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონცერტების დროულად დაგეგმვაა, რადგანაც მსოფლიო დონის მუსიკოსები ტურებს მინიმუმ 2 წლით ადრე ადგენენ.  „განრიგში უნდა ჩაჯდე. ცოტა ხნის წინ Cirque de Soleil-ის პრეზიდენტს შევხვდი ლონდონში, რომელსაც 2021  წლამდე აქვს გაწერილი მუსიკოსების ტური. Coldplay დღეს მეუბნება, რომ 2020-ში მივცე დაკვეთა. ეს ყველაფერი ახლა თუ არ დაგეგმე, არანაირი კონცერტი არ გექნება,“ – ამბობს კანდელაკი.

ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონის დირექტორმა, ვიტალი გულორდოვამ გვითხრა, რომ 2017 წელს ადმინისტრაციულმა და კომუნალურმა ხარჯებმა 1.8 მილიონი ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს გულორდავა, ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის გამო, 2.2 მილიონი ლარის ხარჯს  პროგნოზირებს. თუკი თბილისის „დინამო“ 2.2 მილიონ ლარს გადაიხდის, სავარაუდოდ, ბათუმის სტადიონს 800 ათასზე მეტი დასჭირდება. ეს თანხა კი ისევ გადასახადების გადამხდელებს დააწვება, რადგან აჭარის მთავრობას ამ დრომდე არ აქვს გათვლილი, როგორ გახადოს სტადიონი მომგებიანი.

თედო ჯორბენაძე, „ბათუმელები“
ნინო შონია, „აი, ფაქტი“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


თედო ჯორბენაძე, ნინო შონია