მე-19 საუკუნის მეჩეთი ნადგურდება, მას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შეისწავლის [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კანტაურში არსებული უძველესი მეჩეთი ნადგურდება. სალოცავი, რომელიც ადგილობრივების თქმით, მე-19 საუკუნეში სოფლის მოსახლეობას აუშენებია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს.

კრამიტით გადახურული ორსართულიანი მეჩეთის სახურავი ალაგ-ალაგ ჩამოშლილი და ჩამოტეხილია. ჩატეხილია ფანჯრები, მთლიანად ჩამოშლილია მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის ორნამენტიანი კიბეები და იატაკი.

მე-19 საუკუნეში აგებული მეჩეთი, სოფელი კანტაური. ფოტო: ეკა ბარამიძე

შენობის მეორე სართულზე დღემდე შემორჩენილია ხეზე ამოკვეთილი ძველი ორნამენტები, აქვე ინახება უძველესი ხის აკვანიც. შენობის კედლებზე კი ძაფზე აკინძული თამბაქოს ფოთლებია დაკიდული.

მე-19 საუკუნეში აგებული მეჩეთი, სოფელი კანტაური. ფოტო: ეკა ბარამიძე

ადგილობრივი ამირან ხიმშიაშვილი ამბობს, რომ სოფლის უძველესი მეჩეთის რეაბილიტაციით დაახლოებით 6-7 წლის წინ თურქეთის მოქალაქე დაინტერესდა – მას მეჩეთის შეკეთება უნდოდა. ხიმშიაშვილის თქმით, აქაურებმა არ მოისურვეს, სოფლის სალოცავი უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომ შეეკეთებინა.

„ჩვენ მეჩეთის გარემონტების წინააღმდეგი მხოლოდ ერთი მიზეზით წავედით – მას რომ გაეკეთებინა, მიისაკუთრებდა. ჩვენ ვთქვით, თუ გაკეთდებოდა, მხოლოდ ადგილობრივი თანხებით უნდა გაკეთებულიყო.

გადმოცემით ვიცი, რომ მეჩეთი მე-19 საუკუნეში აუშენებიათ, თუმცა ამ მეჩეთისთვის ადგილი რამდენჯერმე შეუცვლიათ. ადრე სოფლის ზევით ყოფილა, მაგრამ რადგანაც მინარეთიდან ლოცვის ხმა სხვა სოფლებში არ გადიოდა, მეჩეთს ადგილი უცვალეს და არსებული სახით ამ ადგილზე გადმოუტანიათ. აქედან მოლას ხმა სოფელ ტიბეთაში, კვაშტასა და ვაიოშიც ისმოდა თურმე,“- ამბობს ამირან ხიმშიაშვილი.

მეჩეთს ახლა მინარეთი არ აქვს, ადგილობრივებს არ ახსოვთ, როდის ჩამოიშალა მინარეთი, რომლის გამოც მეჩეთისთვის ადგილი შეუცვლიათ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამ მეჩეთის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. აქ ამბობენ, რომ „ბათუმელებისგან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სალოცავს შეისწავლიან და იმ შემთხვევაში, თუ საკულტო ნაგებობა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად მოთხოვნასაც გააგზავნიან.

მე-19 საუკუნეში აგებული მეჩეთი, სოფელი კანტაური. ფოტო: ეკა ბარამიძე

„სოფელ კანტაურში ჩვენ ძეგლის სტატუსის მქონე ჯამე არ გვაქვს. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ყველა იმ ობიექტს ვსწავლობთ, რომელსაც, სავარაუდოდ, ძეგლის სტატუსის ნიშები შეიძლება ჰქონდეს, აღნიშნულ ჯამეს ადგილზე დათვალიერებთ, შევაფასებთ, თუ რამდენად არის ძეგლის ნიშნის მატარებელი ეს ჯამე. ამის შემდეგ განვსაზღვრავთ მის ღირებულებას“, – ამბობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის  განყოფილების უფროსი, მირზა ცეცხლაძე.

კითხვაზე, ჩაუტარდება თუ არა მეჩეთს რეაბილიტაცია ან რა სახით? მირზა ცეცხლაძე ამბობს, რომ ეს შენობის სტატუსზე იქნება დამოკიდებული.

„თუ შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭება, შემდეგ დავადგენთ, რა ტიპის ჩარევა სჭირდება, დაუყოვნებლივ, თუ დროის რაღაც მონაკვეთში. ასევე, სტატუსის შესაბამისად განისაზღვრება ჩარევის მეთოდოლოგია და დრო“.

მე-19 საუკუნეში აგებული მეჩეთი, სოფელი კანტაური. ფოტო: ეკა ბარამიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი