როგორ იმუშავებს ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი – ცხელი ხაზი: 595 10 23 97

დღეს, 13 აპრილს, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბმა აჭარაში მუშაობა დაიწყო. რეგიონალური საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ადგილზე გიორგი მახარაძე  უხელმძღვანელებს, დაბა ჩაქვში, შპს „მექანიზაციის“ ადმინისტრაციულ შენობაში იმუშავებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, შტაბში იქნებიან სპეციალისტები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გარემოს დაცვისა და სატყეო სააგენტოდან, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის  სამსახურიდან.

„შტაბი აღიჭურვა ინტერნეტტექნოლოგიებითა და 2 000 ცალი სპეციალური, ჩიპიანი ფერომონით, რომელსაც სპეციალისტები მუნიციპალიტეტებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში დაამონტაჟებენ. გარდა ამისა, ტყისა და  სოფლების ბუფერულ ზონაში, დამატებით, სატყეო სააგენტო დაამონტაჟებს 1 500 ცალ ფერომონს. ყველა მათგანი აისახება აჭარის ელექტრონულ რუკაზე და ფერომონები ყოველდღიურად გაკონტროლდება. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ მაღალი და დაბალი რისკის ზონები, სოფლისა და ტყის ბუფერულ ზონაში შიმშილის ფერომონები დამონტაჟდება, რომლებიც მშიერ ფაროსანას სოფლებიდან და ტყის მასივებიდან მოიზიდავს, შტაბი კი მას მუდმივად დაამუშავებს.  გარდა ამისა, შტაბი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მისივე თქმით, შტაბს მუდმივი კავშირი ექნება ფერმერებთან მუნიციპალიტეტებში.  მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ მაღალი რისკის გამოვლენისა და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს, სოფლებსა და ტყის მასივებს დაამუშავებს, საკარმიდამო ნაკვეთები კი თავად მესაკუთრეებმა უნდა შეწამლონ.

„შტაბი 26 ტრაქტორითა და ექვსი, პიკაპის ტიპის ავტომობილითაა აღჭურვილი. ტექნიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით გადანაწილდება და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ნაკვეთებს, ტყისა და სოფლის ბუფერულ ზონებს დაამუშავებს. რაც შეეხება საკარმიდამო ნაკვეთებს, ფერმერმა საკუთარი რესურსებით უნდა დაამუშაოს,“ – აღიშნავს ის.

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის სათავო ოფისი აბაშის მუნიციპალიტეტშია, აჭარაში კი რეგიონალური ცენტრი იფუნქციონირებს.

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო  აჭარის რეგიონალური შტაბის  ცხელი ხაზის ნომერია: 595 10 23 97

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი