მთავარი,სიახლეები

„ჰიგიენა 2009“-დან 5 მილიონის მითვისების შემდეგ დირექტორი მეორედ შეცვალეს

13.04.2018 • 3573
„ჰიგიენა 2009“-დან 5 მილიონის მითვისების შემდეგ დირექტორი მეორედ შეცვალეს

ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარის მოპარვის შემდეგ შპს „ჰიგიენა 2009“-მ დირექტორი კიდევ ერთხელ შეიცვალა. 2018 წლის თებერვლიდან ორგანიზაციას, რომელმაც ბათუმში სტანდარტული ნაგავსაყრის მშენებლობა უნდა უზრუნველყოს, აღარ ხელმძღვანელობს გიორგი ლომთათიძე. ის ამ თანამდებობაზე გასული წლის თებერვალში დანიშნეს, მას შემდეგ, რაც ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ცეცხლაძე, 5 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს.

დაახლოებით ორი თვეა „ჰიგიენა 2009“-ს გია ხალვაში ხელმძღვანელობს. მანამდე ის საბანკო სექტორში მუშაობდა.

გიორგი ლომთათიძე ტელეფონს არ პასუხობს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მან თანამდებობა ახალი, უფრო საინტერესო შეთავაზების გამო დატოვა და კერძო სექტორში გადავიდა.

პროექტის დამტკიცებიდან ათი და ამ პროექტისთვის გათვალისწინებული ხუთი მილიონის დაკარგვიდან ერთი წლის შემდეგ ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, ნაგავსაყრის მშენებლობა ჯერ ჯიდევ არ დაწყებულა.

„ჰიგიენა 2009“ საერთაშორისო ტენდერის დასრულებას ელოდება. მშენებლობის შემდეგ კი გაირკვევა, რომელი კომპანია აიღებს პასუხისმგებლობას გონიოში არსებული ნაგავსაყრის დახურვაზე.

გია ხალვაშის ინფორმაციით, ტენდერში რვა პრეტენდენტი მონაწილეობს, მათი შეფასების ანგარიში უკვე გაგზავნილია, ახლა ველოდებით ტენდერის მეორე ეტაპის დასრულებას. პროექტის მიმდინარეობას  მონიტორინგს უწევს ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელია.

გია ხალვაშის ინფორმაციით, მთავრობამ უკვე გამოისყიდა იმ ორი ოჯახის საკუთრება, რომლებიც დაგეგმილი მშენებლობის მომიჯნავედ ცხოვრობდნენ. პროექტის მიხედვით, ამ მონაკვეთში სანიტარული ზონის მოწყობაა დაგეგმილი.

რა თანხა გადაუხადა მთავრობამ მესაკუთრეებს, ამას „ჰიგიენა 2009„-ს ხელმძღვანელი ვერ აკონკრეტებს.

შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

ირაკლი ცეცხლაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე უკვე მსჯავრდებულია.

შპს „ჰიგიენა 2009“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს-ეა.

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი EBRD-ისა და SIDA-ს მხარდაჭერით ხორციელდება და საერთო ინვესტიცია 7 მილიონი ევროა. ნაგავსაყრის პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნაგავსაყრის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის მოქმედი ნაგავსაყრების ეტაპობრივ დახურვას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: