განათლება,მთავარი,სიახლეები

„განცალკევება“ – მოსწავლის უსაფრთხოების ახალი მექანიზმი კანონში

13.04.2018 • 2033
„განცალკევება“ – მოსწავლის უსაფრთხოების ახალი მექანიზმი კანონში

დღეს, 13 აპრილს, „ქორთიართ მერიოტში“ „უსაფრთხო სკოლის“ შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც ესწრებოდა.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ახალი ვებპორტალი – „იყავი მეგობარი“, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, ფართო საზოგადოებას მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ოფიციალური ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და კონფლიქტური სიტუაციების დეესკალაციის მიზნით, კანონში გაჩნდება უსაფრთხოების დაცვის ახალი მექანიზმი – „განცალკევება“. როგორც სამინისტროში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ სკოლიდან გასვლის შემდეგ მოსწავლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდება, მანდატურს უფლება აქვს, მოზარდი განაცალკეოს მშობლის ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრის მოსვლამდე.

„ამ პერიოდში მოსწავლე ჩართული იქნება სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში და მას მეთვალყურეობას გაუწევს სკოლის წარმომადგენელი“, – განმარტავენ სამინისტროში.

განათლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სკოლებში ძალადობის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური ბერკეტი მოზარდთა ფიზიკური განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.

„ამიტომ, სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაძლიერება, მოზარდთა სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სრულყოფა იქნება სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“.

სამინისტროს განმარტებით, „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელსაც ჰქვია „კრიზისული ინტერვენციის ჯგუფის“, სადაც ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და სხვა სპეციალისტები იქნებიან გაერთიანებული. მათი ფუნქცია, როგორც სამინისტროში განმარტავენ, „სკოლებში სწრაფი რეაგირების აუცილებლობისას ადგილზე შეისწავლიან მდგომარეობას, გაერკვევიან საჭიროებებში და შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ სკოლას და ყველა მხარეს“.

უსაფრთხო სკოლის პროექტი ასევე ითვალისწინებს მკაფიო თანამშრომლობას მანდატურებს, სკოლის ადმინისტრაციასა და პატრულს შორის. თუმცა კონკრეტულად როგორი იქნება ამ ურთიერთობის სქემა, ამ დეტალებზე, ჯერჯერობით, მანდატურის სამსახურში არ საუბრობენ.

კონფერენცია თემაზე – „უსაფრთხო სკოლა“

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: