მთავარი,სიახლეები

მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე ბრალდებულებს სკაიპით ჩართავენ

13.04.2018 • 1581
მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე ბრალდებულებს სკაიპით ჩართავენ

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე ბრალდებულებს დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართავენ. გადაწყვეტილება ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა დღევანდელ პროცესზე მიიღო. ეს პირველი პროცესი იქნება, სადაც ბრალდებულები პროცესს დისტანციური წესით  დაესწრებიან და ჩვენებებსაც მისცემენ.

გიორგი მიქაუტაძე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

„ეს პრეცედენტია, როცა სკაიპით ჩაერთვებიან ბრალდებულები. მორიგი პროცესი 30 აპრილს დაინიშნა,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ბრალდებულების ინტერესებს იცავს.

გამოძიება მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავება ცოლ-ქმარს  – თამარ ხაჭაპურიძესა და კახაბერ ხაჩიძეს. ისინი ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და სასამართლოს სამედიცინო კლინიკის ცნობა წარმოუდგინეს, რითაც დასტურდება, რომ ისინი რეაბილიტაციის კურსს გადიან.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა, ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხულია, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა.

ამ საქმემ ყურადღება მიიქცია იმითაც, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ გამწესებაში მონაწილეობაში გიორგი მიქაუტაძეც მონაწილეობდა.  მან აცილების საკითხი მას შემდეგ დააყენა, როცა საჯაროდ უთხრეს, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს, 22 თებერვალს უვადოდ დანიშნეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: