411 ინდოელი სტუდენტი – რატომ ირჩევენ ისინი სამედიცინო განათლების მისაღებად ბათუმს

სამედიცინო განათლების ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა დიპლომირებული მედიკოსი – ეს არის ბსუ-ს ერთადერთი უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც განათლების მიღება სტუდენტებს ინგლისურ ენაზე შეუძლიათ.

უნივერსიტეტში ამ პროგრამაზე 411 სტუდენტი სწავლობს ინდოეთიდან. სწავლის საფასური წელიწადში 3300 დოლარია. ცხოვრება და სწავლა ერთ სტუდენტს წლიურად დაახლოებით 7 ათასი დოლარი უჯდება. თანხას მათი ოჯახები იხდიან. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ირჩევენ ინდოელი სტუდენტები მედიცინის შესასწავლად ბათუმს, რა გარემო ხვდებათ საქართველოში და როგორია მათი აზრი ქართული განათლების სისტემის შესახებ.

რაჰულ სეერვი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ბათუმში რაჯასტანის შტატიდან, ქალაქ ჯოდჰპურიდან ჩამოვიდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაციას მიიღებს. აპირებს ქართული დიპლომით რეზიდენტურა გერმანიაში გაიაროს, სწავლის დასრულების შემდეგ კი ინდოეთში დაბრუნდეს. რაჰული სამი წელია საქართველოში ცხოვრობს და სწავლობს. ამ ხნის მანძილზე ქართული კარგად ისწავლა.

რაჰულ სეერვი

„ბავშვობიდან მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი და სხვა ქვეყანაში მესწავლა. კარდიოქირურგობა მინდა. ინდოეთში სწავლის მსურველი ბევრია, მაგრამ უნივერსიტეტები არის ცოტა. ექიმობა კი არის ყველაზე მოთხოვნადი და კარგი პროფესია ჩვენთან. როგორც საქართველოშია, ჩვენც გვაქვს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები. სახელმწიფოში სწავლა უფასოა, კერძოში კი 10 ათასი დოლარიდან იწყება ფასები.

როცა ინდოეთში სკოლას ამთავრებ და უნივერსიტეტში გინდა სწავლა გააგრძელო, ერთი გამოცდა უნდა ჩააბარო. ძალიან მაღალი კონკურენციაა. ფაქტობრივად, ადგილები არ არის. ყოველწლიურად საშუალოდ ერთი მილიონი აბიტურიენტია, აქედან მხოლოდ 30 ათასი ხდება სტუდენტი. ექიმის პროფესია ჩვენთან ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟულია. ამიტომ ბევრს უნდა ექიმობა, მაგრამ ადგილები არაა უნივერსიტეტში. გამოსავალი არის იპოვო საზღვარგარეთ უნივერსიტეტი და იქ ისწავლო.

რატომ აირჩიეთ საქართველო?

ინდოეთში ბევრი ფირმაა, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ უშვებს. როდესაც სკოლა დავამთავრე, მეც ერთ-ერთ ასეთ ფირმას მივაკითხე. ვიკითხე, რომელი ქვეყანა იყო კარგი და მაჩვენეს ოთხი-ხუთი ქვეყანა. იყო შანსი მესწავლა რუსეთში, ყირგიზეთში, ფილიპინებსა ან უკრაინაში, მაგრამ მე საქართველო ავირჩიე. რატომ საქართველო?

ინტერნეტში ვნახე, რომ კრიმინალის დონე დაბალი იყო აქ. ასევე ქვეყანა იყო ძალიან ლამაზი. უნივერსიტეტებს როცა ვარჩევდი, ბათუმის უნივერსიტეტზე შევაჩერე არჩევანი. ფოტოებში ვნახე, რომ უნივერსიტეტი ზღვას უყურებდა. წავიკითხე, რომ ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქი იყო. ვიფიქრე, რომ ქალაქში, სადაც ბევრი ტურისტი ჩადის, არ შეგვეხებოდა რასიზმი და დისკრიმინაცია. სტუდენტი ვარ მხოლოდ უნივერსიტეტისთვის. უნივერსიტეტს მიღმა ადამიანები კი ფიქრობენ, რომ ტურისტი ვარ.

რაიმე ინციდენტი ხომ არ შეგმთხვევიათ, როდესაც თავი დისკრიმინირებულად იგრძენით?

უკვე მესამე წელია ბათუმში ვცხოვრობ და არაფერი მსგავსი არ ყოფილა. არც ჩემი მეგობრებისგან გამიგია. აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. რასაც ვხედავ ინდოელები ყველას უყვარს. ფილმებს უყურებენ და მოსწონთ ინდოეთი.

რამდენად კმაყოფილი ხართ განათლების იმ ხარისხით, რომელსაც საქართველოში იღებთ?

ბათუმში არის ძველი სამედიცინო სკოლა. 20 წელია უკვე ასწავლიან სამედიცინოს და ეს კარგია. ვიცი, რომ ასევე პირველი ექიმი მსოფლიოში იყო მედეა და სწორედ აქედან წამოვიდა ტერმინი „მედიცინა“. შეიძლება ითქვას, რომ კმაყოფილი ვარ.

პირველად რომ ჩამოვედი, ძალიან რთული იყო ყველასთვის – ჩვენთვის, სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვისაც. ახლა მესამე კურსზე ვართ და ჩვენთან შედარებით დღევანდელი პირველი კურსის სტუდენტებისთვის უფრო ადვილია სწავლა. ჩვენ პირველები ვიყავით და ყველაფერი უცხო იყო.

ყველა ლექტორი საუბრობს ინგლისურად?

ზოგიერთ ლექტორს უჭირს საუბარი ინგლისურად, მაგრამ ყველაფერს ვიგებთ.

პრაქტიკას თუ გადიხართ?

რეფერალურ საავადმყოფოში მაქვს პრაქტიკები, ონკოლოგიურში, ბავშვთაში და მედინაში. ქართული საავადმყოფოში ვისწავლე. ექიმმა ინგლისური იცოდა და მასწავლიდა. კიდევ ქართულის ლექტორი იყო ძალიან მაგარი და მისი დახმარებითაც ბევრი რამ ვისწავლე.

აქ მიღებული განათლებით სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას?

ინდოეთი ჩემი ქვეყანაა. ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ, მაგრამ იქ დაბრუნებამდე მინდა გერმანიაში რეზიდენტურა დავამთავრო. მას შემდეგ, რაც აქ ხუთწლიან პროგრამას დავამთავრებ, შემიძლია ინდოეთში დავბრუნდე, გამოცდა ჩავაბარო და დავიწყო მუშაობა. მე გერმანიაში წასვლა და სწავლა მაქვს გადაწყვეტილი.

როგორ ფიქრობთ, უნივერსიტეტს სხვა პროგრამები რომ ჰქონდეს უცხოენოვანი, ჩამოვლენ სტუდენტები აქ სასწავლებლად?

არა, სხვა ფაკულტეტებზე ალბათ არ ჩამოვიდოდნენ. ჩვენთან ყველაზე მოთხოვნადი არის სამედიცინო და ამიტომ ყველას ექიმობა უნდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი