მთავარი,სიახლეები

ქალი ამბობს, რომ ავტობუსის დაუდევრად დაძვრის გამო დაეცა და დაშავდა

13.04.2018 • 1972
ქალი ამბობს, რომ ავტობუსის დაუდევრად დაძვრის გამო დაეცა და დაშავდა

78 წლის ნელი ჩუბინიძე ყვება, რომ მარტის თვეში, 2 ნომერ ავტობუსში ასვლისას მძღოლმა მანქანა ნაადრევად დაძრა, რის გამოც იგი ავტობუსის კიბეზე წაიქცა. ქალი ამის შედეგად ისე დაშავდა, რომ დღემდე უჭირს გადაადგილება.

ნელი ჩუბინიძემ ავტობუსში მისი დაზიანების ამბის მოსაყოლად „ბათუმელებს“ მომართა. ის ყვება, რომ ამ შემთხვევის დროს ყურადღება მას არც მძღოლმა და არც კონდუქტორმა არ მიაქცია: “ეს მოხდა წამში, ავდიოდი და მარჯვენა ხელი კარის სახელურზე  მქონდა ჩაჭიდებული. უცებ ავტობუსი დაიძრა, ხელი მომგლიჯა სახელურს და იქვე ავტობუსის კიბეზე მთელი ძალით დავენარცხე. წელს ქვევით სხეულის ყველა ნაწილი სასტიკად დავარტყი, ხელების ჩათვლით. ზეზე ვიღაც ახალგაზრდა ქალმა წამომაყენა, მგზავრმა“.

ნელი ჩუბინიძისთვის განსაკუთრებით მიუღებელი ის ფაქტიც აღმოჩნდა, რომ „არავითარი რეაგირება არ მოუხდენია არც მძღოლს და არც კონდუქტორს, რომელიც იჯდა მძღოლის გამოღმა მაღალ სკამზე“: მე ვტიროდი, რადგან სასტიკად მტკიოდა და მეწვოდა ნატკენი ადგილები. დამნაშავეები იყვნენ და ხმას არ იღებდნენ. სიმწრით ჩამოვედი ავტობუსიდან და დიდი გაჭირვებით მოვედი სახლში”.

ნელი ჩუბინიძე ამბობს, რომ მას შემდეგ აქვს ძლიერი ტკივილი და უჭირს გადაადგილება. “აქამდე ასე კი არ დავდიოდი,” – გვითხრა კიბეებზე, ნელა და ფრთხილად ჩამავალმა ქალმა.

ბათუმის ავტოტრანსპორტში განმარტავენ, რომ მგზავრის გადაყვანაზე პასუხისმგებლობა მძღოლს აკისრია. „თუ მძღოლის ბრალეულობა არის, მგზავრმა უნდა მოგვმართოს ადმინისტრაციას და გავატარებთ საჭირო ღონისძიებებს. დამნაშავე თუ მძღოლია და დამტკიცდა, უყურადღებოდ არავინ დარჩება. თუ მძღოლის სახელი და გვარი არ იცის, მაშინ კონკრეტულად გვითხრას ავტობუსის ნომერი და რა დროს იმყოფებოდა ავტობუსში. ამის მიხედვით გავარკვევთ რა მოხდა და შესაბამის ზომებსაც მივიღებთ”, – განმარტავენ ბათუმის ავტოტრანსპორტში.

ბათუმის ავტოტრანსპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ბესიკ დათიაშვილი ამბობს, რომ მძღოლის მიერ ავტობუსის დაუდევრად დაძვრის, მართვისა და გაჩერების შემთხვევებზე მიმართვიანობა მათ სამსახურში იშვიათია: “ორი წლის წინ იყო შემთხვევა, როცა შუქნიშანთან, სხვა მანქანის გამო მოულოდნელად გაჩერებულ ავტობუსში მდგარმა ქალმა თავი ვერ შეიკავა. სხვა მხრივ მომართვა ასეთ შემთხვევებზე არ გვქონია”.

ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ასეთი შემთხვევების შესახებ ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ ბათუმის ავტოტრანსპორტის ცხელ ხაზზეც:  +995 422 24 76 76

გადაბეჭდვის წესი


ასევე: