მთიანი აჭარა,სიახლეები

ორი მილიონი ევრო სოფლის განვითარებისთვის ქედაში

12.04.2018 • 2276
ორი მილიონი ევრო სოფლის განვითარებისთვის ქედაში

ევროკავშირის მიერ ქედის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტის – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი ახორციელებს, სექტორული მიმართულებები ჩამოყალიბდა, სულ გამოიყო შვიდი სექტორი  – ახალგაზრდები, განათლება, კულტურა – სპორტი, გარემოს დაცვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, საჯარო მმართველობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოფლის სოციალურ-ეკონომიური განვითარება, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარება, ქალთა გაძლიერება და მათი ჩართულობა სოფლის განვითარებაში და ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სექტორი. სექტორების კოორდინატორებად მმართველთა საბჭოს წევრები დაინიშნენ. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია, მმართველთა საბჭოს წევრებთან ერთად, დღეს აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებაში ე.წ „ლაგში“ გაწევრიანებულ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული სექტორები და მათი მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN – ის წარმომადგენელი, ნინო გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ სექტორები მმართველთა საბჭომ ქედაში პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით გამოყო. „მმართველი საბჭოს წევრებმა განსაზღვრეს პრიორიტეტული მიმართულებები, შესაბამისად გამოიყო სექტორები, რომელთა ჯგუფში გაწევრიანებულმა „ლაგის“ წევრებმა კონკრეტული მიმართულების გაძლიერებაზე უნდა იმუშაონ. თითოეული სექტორისთვის ერთობლივად შემუშავდა დებულებები, რომლებიც იმ ძირითად საქმიანობებს განსაზღვრავს, სადაც სექტორული კოორდინატორები სექტორულ ჯგუფებთან იმუშავებენ,“ – ამბობს ნინო გაფრინდაშვილი.

ორ მილიონ ევროს ქედის მუნიციპალიტეტი, ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“ – ფარგლებში მიიღებს. გრანტის გაცემა კი მაშინ დაიწყება, როდესაც მმართველთა საბჭო და პრიორიტეტულად დასახელებული სექტორები სოფლის განვითარების სტრატეგიას დაამუშავებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: