მთავარი,სიახლეები

ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა – წიგნი ასტრიდ ლინდგრენის შესახებ

12.04.2018 • 10163
ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა – წიგნი ასტრიდ ლინდგრენის შესახებ

ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიული წიგნი ცოტა ხნის წინ იანს ანდერსენმა გამოსცა სახელწოდებით „ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა

საბავშვო ავტორის დამაფიქრებელი ბიოგრაფია, მისი შეურიგებელი, ძლიერი ხასიათის შტრიხებს ავლენს. ასტრიდ ლინდგრენმა, რომლის სახალისო, საბავშვო წიგნებიც სხვადასხვა თაობის ბავშვებისთვის დღემდე ყველაზე საყვარელი ტექსტების სიაშია, ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ბევრი ტრაგედია გადაიტანა, ასტრიდის ცხოვრება სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ისეთი ხალისიანი, როგორც ბიულერბიუელი ბავშვების ან პეპის ცხოვრება იყო ვილა ყიყლიყოში.

ლინდგრენმა საბავშვო ლიტერატურის მიმართულება რადიკალურად შეცვალა – ანარქიული, მეოცნებე, მდიდარი ფანტაზიის უსაზღვრო სივრცე შესთავაზა მეოცე საუკუნის თაობებს.

მნიშვნელოვანი ცვლილებები საბავშვო ლიტერატურაში ტრავერსის „მერი პოპინსით“ დაიწყო. „მერი პოპინსამდე“ საბავშვო ლიტერატურა არ იცნობდა კეთილ ჯადოქარს, რომელიც მთელი წიგნის სიუჟეტური ხაზის მთავარი პერსონაჟი იქნებოდა და უზარმაზარ თავისუფლებას მისცემდა ბავშვებს.

მნიშვნელოვანი სიახლე იყო მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ფინელი ტუვე იანსონის მუმინების იდუმალი, უცნაური სამყაროს გამოჩენაც საბავშვო ლიტერატურაში. მალევე გამოჩნდა ლინდგრენის „პეპი გრძელიწინდა“ – მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გოგო ჟღალი თმით, ჭორფლიანი სახით და კიკინებით, ძალაუფლებისადმი დაუმორჩილებლობით და ბავშვური, უშიშარი პირდაპირობით.

სუსტების დამცველი, პაციფისტი, ძლიერი, გოგოს ისტორია „პეპი გრძელიწინდა“ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წელს გამოიცა.

„პეპი გრეძელიწინდას” ერთ-ერთი პირველი გამოცემის ყდა/ ფოტო: astridlindgren.se/en

პეპი ბიუროკრატიულ შეხედულებებს თავდაყირა აყენებს, არაფრად აგდებს პოლიციელებს, ბალიშზე თავის ნაცვლად ფეხები უდევს, ცეკვავს ეკლესიის სკამებზე, დასცინის დიდების მოსაწყენ და მკაცრ სამყაროს. დიდებისთვის პეპი საშიში გოგოა და უზრდელს, შეშლილს, თავხედს უწოდებენ, თუმცა ის უყვართ ბავშვებს, რადგან პეპი სულ მათ მხარესაა და არ არის შეზღუდული უფროსების გავლენებით. მთელ მსოფლიოში არ წყდება სხვადასხვა თაობის ამ პერსონაჟით აღფრთოვანება.

ასტრიდი 1907 წელს დაიბადა და 2002 წელს, 94 წლისა გარდაიცვალა. იცხოვრა თითქმის მთელი მეოცე საუკუნე, ამ ხნის განმავლობაში ვრცელი გზა განვლო შვედურ სოფელში მცხოვრები ფერმერის შვილობიდან მარტოხელა დედობამდე, ბოლოს კი მისი სახელი და გვარი მსოფლიო ბრენდად იქცა.

ასტრიდი ერთდროულად იყო როგორც მსოფლიო ბესტსელერების ავტორი, ასევე პოლიტიკური აქტივისტი, ეკოლოგი, ფემინისტი და ბიზნესმენი. 2002 წლის 8 მარტს, მისი დაკრძალვის დღეს, სტოკჰოლმის ქუჩები სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც მწერალს ემშვიდობებოდნენ, მათ შორის იყო შვედეთის სამეფო ოჯახი და პრემიერ-მინისტრი, ბიუროკრატები, რომლებთანაც ლინდგრენს მთელი ცხოვრება დავა ჰქონდა შვედეთისთვის სტრატეგიულდ მნიშვნელოვანი ბევრი სხვადასხვა საკითხის გამო.

ბავშვობაში ასტრიდი მამასთან ერთად ყოველდღე მუშაობდა ფერმაში, უყვარდა კითხვა, ცეკვა, ჯაზი, ტყეში ხეტიალი და თავგადასავლები.

ლინდგრენს სკოლა ბოლომდე არ დაუმთავრებია – 16 წლისამ გაზეთში დაიწყო მუშაობა. 17 წლის იყო, როცა გაზეთის მფლობელისგან, 50 წლის ცოლიანი კაცისგან დაორსულდა. 18 წლისა უკვე მარტოხელა დედა იყო და სტოკჰოლმში სტენოგრაფისტად მუშაობდა, მისი შვილი, ლარსი, 3 წლამდე კოპენჰაგენში იზრდებოდა ერთ-ერთ ოჯახში.

მწერლის ამ რთული წლების შესახებ ბიოგრაფი იანს ანდერსენი წერს ლინდგრენის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ლარსის მამასთან, ბავშვის გაჩენის დამალულ ამბავზე, იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ლინდგრენი ამ კაცისგან სრულ დამოუკიდებლობას. როგორც წიგნშია აღნიშნული, მწერალს მუდმივად ტანჯავდა ბრალეულობის შეგრძნება, რომ ლარსი სამ წლამდე მისგან შორს, სხვა ქალაქსა და სხვა ოჯახში იზრდებოდა, მერე კი ასევე დამნაშავედ მიიჩნევდა თავს, რომ მოაშორა ოჯახს, რომელსაც პატარა თავიდანვე შეეჩვია.

ამ ისტორიების ანარეკლებია ლინდგრენის წიგნებში, სადაც ბავშვებს ხშირად არ ჰყავთ მშობლები, გოგო-ბიჭები მიტოვებულები არიან და მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლით წრეგადასულ მხიარულებასა და სიცოცხლის სიყვარულში. ამ მხიარული, ხშირად სასაცილო  ამბების მიღმა მარტოობისა და ცხოვრებისეული დანაკარგების ნამდვილი, სევდიანი ისტორიები იმალება.

1931 წელს ასტრიდი ცოლად მის დამსაქმებელს, სტურ ლინდგრენს გაჰყვა და ლარსის შინ დაბრუნება შეძლო. სამი წლის შემდეგ გოგონა, კარინა შეეძინა. ომის წლებში ასტრიდი დღისით შვედური დაზვერვის ფოსტის ინსპექტორად მუშაობდა, პეპის ამბებს კი საღამოობით, ლარსისა და კარინისთვის, ძილის წინ იგონებდა.

ასტრიდ ლინდგრენი შვილებთან, ლარსთან და კარინთან ერთად/ფოტო: astridlindgren.se/en

ომის დასასრულს, 1945 წელს, ლინდგრენმა გამომცემელი, ელზა ოლენიუსი იპოვა, „პეპი გრძელიწინდა“ გამოსცა და მას შემდეგ 10 წიგნი დაწერა. წერდა სატელევიზიო გადაცემების სცენარებს, ყოველდღიურად პასუხობდა მისი წიგნებით აღფრთოვანებული მკითხველების წერილებს. ათასობით ასეთი წერილი აქვს გაგზავნილი. ლინდგრენის წიგნები თავიდან შვედეთში, მერე დანიაში, ბოლოს კი მთელ მსოფლიოში გამოიცემოდა.

მონაწილეობდა ტელე-რადიოშოუებში, მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში, იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, ინიციატორი იყო უამრავი ეფექტური და შედეგიანი კამპანიის: გამოდიოდა სელაპებზე ნადირობის, მაღალი კომუნალური გადასახადების, რასიზმის, ბიბლიოთეკების ნაკლებობისა და ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ.

ლინდგრენი მოესწრო შვილის, მეუღლის, დებისა და ძმების, ერთგულ მკითხველთა პირველი თაობის გარდაცვალებას, თუმცა ცხოვრების ყველა ეტაპზე ინარჩუნებდა პეპის ნაწილს საკუთარ თავში და არასდროს მოდუნებულა, ყოველთვის იყო ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური პროცესების ეპიცენტრში.

ასტრიდ ლინდგრენი / ფოტო: astridlindgren.se/en

წიგნში „ქალი, პეპი გრძელიწინდას მიღმა“ იანს ანდერსენი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მხიარულებისა, პეპი მაინც მარტოსული პერსონაჟია, რომელმაც იცის, რომ ერთადერთი საყრდენი აქვს ცხოვრებაში – საკუთარი თავი. შემთხვევითი არ არის წიგნის დასასრულიც, როცა გოგო შინ მარტო რჩება, აქრობს სანთელს და სიბნელეში იკარგება.

კადრი ფილმიდან ,,პეპი გრძელიწინდა”

წყარო: publishersweekly

 theguardian.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: