მთავარი,სიახლეები

გეგმა ბათუმისთვის: მსუბუქი ავტომანქანები ავტობუსებმა და ველოსიპედებმა უნდა ჩაანაცვლოს

12.04.2018 • 7274
გეგმა ბათუმისთვის: მსუბუქი ავტომანქანები ავტობუსებმა და ველოსიპედებმა უნდა ჩაანაცვლოს

„მერიამ ადამიანები კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა გადაიყვანოს,“ – ეს გეგმის ავტორების მთავარი გზავნილია. როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმში სატრანსპორტო სისტემა – სტრატეგიული განვითარების გეგმის საჯარო განხილვა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს მოეწყო.

გეგმა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ექსპერტებმა შეიმუშავეს და იგი 2030 წლამდე კონკრეტული აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.

„პარკირება არის საცობის გამომწვევი მთავარი პრობლემა. როცა ადამიანმა იცის, რომ ქუჩებში არსებობს პარკირება, ის ყველგან კერძო ავტომობილით ცდილობს მისვლას,“ – ამბობს ლაშა ნაკაშიძე, გაეროს განვითარების პროექტის ხელმძღვანელი [პროექტის სახელწოდებაა „მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტის სისტემა ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისთვის“]. მისი თქმით, ბათუმმა ქუჩის გასწვრივ არსებული პარკირება ავტობუსების სამოძრაო ზოლებით უნდა ჩაანაცვლოს. კიდევ ერთი სიახლე – პარკირების საფასური უნდა გაძვირდეს.

„ძალიან ბევრმა ევროპულმა ქალაქმა დაუშვა შეცდომა, როცა პარკირების სივრცეები გაზარდა და ჩვენ ეს აღარ უნდა გავიმეოროთ,“ – გვიყვება ლაშა ნაკაშიძე. – „პარკირების სივრცის გაზრდა ავტომატურად ზრდის ავტომობილების მომხმარებლების რაოდენობას. ეს მხოლოდ მოკლე დროით ჭრის პრობლემას. ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ პარკირების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია საათობრივი გადასახადის შემოღება და მკაცრი რეგულირება“.

ლაშა ნაკაშიძის თქმით, გეგმა ითვალისწინებს პარკირების ადგილების გაზრდასაც, ოღონდ მხოლოდ ქუჩის მიღმა პარკირებების, მაგალითად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულზე. სტრატეგიული გეგმის მიხედვით, პარკირების ახალი სივრცე ქალაქის შემოსასვლელში უნდა მოეწყოს, სადაც ქალაქში შემოსულ ადამიანს ავტომობილის დატოვების საშუალება ექნება, შემდეგ კი, ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება.

კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას ბათუმის მერიამ? – ლაშა ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს მერიაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უნდა განსაზღვროს. სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციას, გადასასვლელი კვანძებისა და რეგიონული ტერმინალების მოწყობას… ამ დროისთვის ასევე უცნობია, რა თანხას დახარჯავს ამ სამუშაოებისთვის ბათუმის მერია. სტრატეგიულ გეგმაში წერია, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სისტემის ოპტიმიზაციას 35-დან 100 მილიონამდე ევრო დასჭირდება.

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ბათუმის სატრანსპორტო განვითარების გეგმა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე კომპანია A + S-მა შეიმუშავა. გეგმის შემუშავებაში ჩართული იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტები, ასევე ბათუმის მერიის თანამშრომლები. გეგმა წელიწადნახევრის განმავლობაში მუშავდებოდა.

საჯარო განხილვას თვითმმართველობის წარმომადგენლების გარდა, გადამზიდავი კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. შეკითხვები მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დასვეს. მაგალითად, საკრებულოს წევრმა, ლევან ანთაძემ იკითხა, თუ რატომ არ ახლავს ამ გეგმას კონკრეტული ფინანსური გაანგარიშება, ასევე რატომ არ დევს საჯაროდ სტრატეგიული განვითარების გეგმა.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა საკრებულოს წევრს უპასუხა, რომ მათ დოკუმენტი მერიას მიაწოდეს და გასაჯაროების საკითხი მათზე დამოკიდებული არ არის.

საკრებულოს წევრმა, ნოდარ დუმბაძემ შეკითხვა მიკროავტობუსების შესახებ დასვა. „ისინი ნებისმიერ ადგილას აჩერებენ ქუჩაზე და რეგულაცია არ აქვთ“, – თქვა მან. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა, ლაშა ნაკაშიძემ მას უპასუხა, რომ მიკროავტობუსების გაჩერებისთვის მკაფიოდ განსაზღვრული ადგილების გაჩენასაც ითვალისწინებს სტრატეგიული განვითარების გეგმა.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმა ბათუმის საკრებულომ მორიგ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: