ხმაურისთვის დაჯარიმებებს მერია ივლისიდან დაიწყებს

გადაჭარბებული ხმაურისთვის ბათუმის მერია პირველი ივლისიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს. დღემდე ამის უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას აქვს.

“შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ჩვენი წარმომადგენლები სპეციალური ხმაურმზომი აპარატით დაადგენენ, ირღვევა თუ არა კანონით განსაზღვრული ნორმები,”- ამბობს ბათუმის მერიის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, ნუგზარ ცეცხლაძე.

გადაჭარბებული ხმაურისთვის დაჯარიმების უფლება ადგილობრივ თვითმმართველობებს გასულ წელს მიენიჭათ მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

ბათუმის მერიამ დღეს, 12 აპრილს, კანონში შესული ცვლილებები ბათუმში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებს გააცნო. კერძო ობიექტების მესაკუთრეებს უთხრეს, რომ პირველი ივლისიდან მათ პატრულის ნაცვლად მერიის თანამშრომლები დააჯარიმებენ, თუკი გადაჭარბებული ხმაური დაფიქსირდება.

დასჭირდება თუ არა მერიას კადრების დამატება ამ უფლებამოსილების განხორციელებისთვის? – სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა გვითხრა, რომ ეს დეტალი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ ჯარიმების დაწერის უფლება მის სამსახურს ექნება. სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში ამჟამად სამი ადამიანი მუშაობს.

გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი