მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – პროექტი აჭარის მთის სოფლებისთვის

11.04.2018 • 2414
„ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – პროექტი აჭარის მთის სოფლებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პროექტებს განახორციელებს.

პროექტის – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – ფარგლებში, აჭარის რეგიონის სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ქედაში, ხულოსა და შუახევში, თითოეულ მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ის პროექტი დაფინანსდება და განხორციელდება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაასახელებს.

დღეს, 11 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასლან ჭანიძე პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში შერჩეულ ორ სოფელში, დოხოძეებსა და კანტაურში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პროგრამა გააცნო და პროექტის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა.

დღესვე ორივე სოფელში შეიქმნა ხუთწევრიანი საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებმაც პროგრამის განსახორციელებლად აქტიურად უნდა იმუშაონ.

შეხვედრა ქედაში. ეკა ბარამიძის ფოტო

„სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ მთავარი პრობლემა ჩვენთვის სასმელი წყალია. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, კარგი იქნება. სამჯერ გაკეთდა წყალი და სამივეჯერ უხარისხოდ,“ – თქვა სოფელ დოხოძეებში შეხვედრაზე ქემალ ვარშანიძემ.

სოფლები შერჩეულია შუახევშიც, აქ პროექტებს არასამთავრობო ორგანიზაცია სოფელ ჭვანასა და ცხემლისში განახორციელებს. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, სამიზნე სოფლად ჯვარიქედია შერჩეული, მეორე სოფელს კი არასამთავრობო ორგანიზაცია მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციების საფუძველზე უახლოეს დღეებში შეარჩევს.

ასლან ჭანიძის ინფორმაციით, თითოეული სამიზნე სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია დაახლოებით 3 000-მდე ლარს გამოყოფს. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოგვარებას მეტი თანხა დასჭირდება, მუნიციპალიტეტები მზაობას გამოთქვამენ, თანადაფინანსებით ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში.

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აღნიშნულ პროექტს აჭარის რეგიონის გარდა კიდევ სამ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში თემის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით.

პროექტს გერმანული ორგანიზაცია „Bread for the World“-ი აფინანსებს.

შეხვედრა ქედაში. ეკა ბარამიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: