განათლება,მთავარი,სიახლეები

ის 14 წლის გათხოვდა – ქობულეთელი მეცხრეკლასელის გეგმები

11.04.2018 • 3703
ის 14 წლის გათხოვდა – ქობულეთელი მეცხრეკლასელის გეგმები

ის 14 წლის გათხოვდა. ქორწილი იანვარში ჰქონდა. ახლა მე-15 წელშია და ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. გათხოვების შემდეგ სკოლა გამოიცვალა. ელზა [სახელი პირობითია] სკოლის მიტოვებას მეცხრეკლასის დასრულების შემდეგ აპირებს. ამბობს, რომ უნდა სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს. გოგოს მეუღლე 19 წლისაა. ის ერთ-ერთი საჯარო უწყების დაცვის სამსახურში მუშაობს.

გოგო ამბობს, რომ ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. „მშობლები არ ჩარეულან, პირველად  გაუკვირდათ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა“, – გვეუბნება გოგონა.

ქორწინების შემდეგ მან სოფლის სკოლა მიატოვა და სწავლა ქალაქ ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გააგრძელა, თუმცა ახლაც ამავე სოფელში ცხოვრობს.

„რადგან პროფესიულში მინდა სწავლის გაგრძელება და ჩემი მეუღლეც აქეთ მუშაობს, გადავწვიტე, რომ სკოლა გამომეცვალა. სკოლაში მიღებაზე პრობლემა არ შემქმნია, კარგად მიმიღეს და ხელს მიწყობენ სწავლაში“, – გვეუბნება ელზა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებთ განათლების მიღებას, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას მომავალში? – ვეკითხებით მას. ელზა დარწმუნებულია, რომ მეუღლე და მისი მშობლები დაინტერესებული არიან, რომ ისწავლოს და ამაში ხელს არ შეუშლიან.

„ფარმაცევტობის შესწავლა მინდა და ვფიქრობ, ამაში ხელს არ შემიშლიან“, – გვეუბნება ის.

ელზა გვეუბნება, რომ სკოლაში სიარულს მეტ-ნაკლებად ახერხებს, ანუ კვირაში ოთხ დღეს დადის. მისი აზრით, ქორწინებამ მის ცხოვრებაში ის შეცვალა, რომ უფრო პასუხისმგებლიანი გახდა. გვარწმუნებს, რომ ის და მისი მეუღლე გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებენ. „თუმცა, მაინც ვთვლით, რომ მშობლებს ყველაფერი უნდა ვუთხრათ“, -გვეუბნება ის.

შეატყობინა თუ არა სკოლამ თქვენი ქორწინების შესახებ სოციალურ სააგენტოს? – ვეკითხებით მას. ელზა გვეუბნება, რომ სოციალურმა მუშაკმა მოინახულა და მისი საცხოვრებელი პირობები შეამოწმა.

„ნახა რა გარემოში ვცხოვრობდი და ხომ არ მიშლიდნენ ხელს სწავლაში“, – გვეუბნება ის.

ელზა გვეუბნება, რომ მეუღლე მუშაობს და ფინანსურად მშობლებიც ეხმარებიან, თუმცა სამომავლოდ უნდა, რომ მას საკუთარი შემოსავლები ჰქონდეს.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის მონაცემებით, ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობის პრაქტიკა „კვლავ რჩება გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ გამოვლინებად, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალთა და გოგონათა უფლებრივ მდგომარეობაზე“.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ადრეული ქორწინების მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა 18 წლამდე პირების ქორწინების შემთხვევები მაინც ვლინდება. გასულ წელს არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის 173 შემთხვევაა გამოვლენილი, იძულებითი ქორწინების ექვსი და თავისუფლების აღკვეთის 41 შემთხვევა.

ქორწინების მიზეზით გასულ წელს 75-მა მოზარდმა მიატოვა სკოლა, 835 მოზარდი კი ადრეულ ასაკში გახდა მშობელი.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების გაზიარების საფუძველზე, აიკრძალა 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია, რამაც დადებითი გავლენა იქონია შემთხვევათა შემცირებაზე,

„თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა და პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების, ქორწინების იძულების, ნიშნობის და მოტაცების ფაქტები“, – ამბობს სახალხო დამცველი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: