განათლება,მთავარი,სიახლეები

პედაგოგებისთვის სემინარი – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ დაიწყო

11.04.2018 • 5066
პედაგოგებისთვის სემინარი – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგებისთვის გამოცხადდა სემინარი – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისთვის“.

პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპია სემინარი მასწავლებლებისთვის – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“. მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს საუკეთესო პროექტების გამოვლენას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო განრიგში ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.

პირველი ეტაპი – სემინარი გაიმართება 2018 წლის 7-8 მაისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ქართველ და უცხოელ საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ექსპერტებს.

პროექტში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის (მათ შორის იმ პედაგოგებს, რომლებიც ქართულს მეორე ენად ასწავლიან), გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს.

რეგიონიდან ჩამოსული 60 პედაგოგისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში განთავსება, კვება, თბილისში შიდა ტრანსპორტირება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 24 აპრილის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, სემინარის მონაწილე პედაგოგები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების, საგნობრივი მიმართულებებისა და რეგიონული გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

პროექტის კოორდინატორები აპრილის ბოლომდე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, სემინარში „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეობა გულისხმობს პროექტის კონკურსში მონაწილეობის მიღებასაც, რომლის მიზანია პედაგოგების მიერ საუკეთესო პროექტის, ინიციატივის გამოვლენა. კონკურსში ჩართვის მსურველ პედაგოგებს მიეცემათ კონკრეტული ინსტრუქცია და ვადა პროექტების, ინიციატივების მოსამზადებლად. მუშაობის პედიოდში პედაგოგებს გაეწევათ სათანადო კონსულტაციები.

„გათვალისწინეულია გამარჯვებული პროექტების, ინიციატივების დასაჩუქრება,“-ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: