მთავარი,სიახლეები

„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებელს თაღლითური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს

11.04.2018 • 2211
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებელს თაღლითური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს

„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მათი სახელით სხვადასხვა ელფოსტის მისამართებზე გაიგზავნა ე.წ. „ფიშინგზე“ მიმართული შეტყობინება, რომლის მიზანია თაღლითური გზით მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სენსიტიური, კონფიდენციალური საბანკო და/ან საგადახდო ინფორმაცია. წერილი იტყობინება, რომ აუცილებელია კლიენტის ანგარიშის “განახლება” ან “გადამოწმება” ელექტრონულ ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით, რომელიც ყალბ ვებგვერდზე გადადის. ყალბ ვებგვერდზე შეყვანილი ნებისმიერი ინფორმაცია თაღლითების ხელში ხვდება, რომელსაც ისინი თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ.

“გაცნობებთ, რომ პროკრედიტ ბანკს მოცემული შინაარსის შეტყობინება არ გაუგზავნია თქვენს ელფოსტის მისამართზე. ასევე, პროკრედიტ ბანკი არასდროს მოითხოვს თქვენგან ელექტრონულ ფოსტაში მითითებულ ბმულზე დაწკაპუნებით ან ვებგვერდზე გადასვლის საშუალებით თქვენი პაროლის ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას.

გაფრთხილებთ, რომ არ მოახდინოთ მოცემულ შეტყობინებაში ბმულებზე გადასვლა და მოთხოვნილი ინფორმაციის დაფიქსირება!

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე დააფიქსირეთ ინფორმაცია შეტყობინებაში არსებულ ბმულებზე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ სატელეფონო ზარით: 032 2 202 222 ან მოგვწეროთ ბანკის ვებგვერდზე არსებულ საფოსტო მისამართზე შემდგომი რეაგირებისთვის.

  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეიყვანეთ ინტერნეტბანკინგის მომხმარებელი და პაროლი, გთხოვთ, დაუყონებლივ გამოცვალოთ ინტერნეტბანკინგის პაროლი სხვა კომპიუტერის მეშვეობით.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააფიქსირეთ პლასტიკური ბარათის მონაცემები, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაბლოკოთ აღნიშნული პლასტიკური ბარათი”, – წერია პროკრედიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ უნდა ამოიცნოთ თაღლითური “ფიშინგ” წერილი? – “ფიშინგ” წერილი შეიძლება გამოიყურებოდეს ისე, თითქოს ის ნამდვილად „პროკრედიტ ბანკის“ ელექტრონული ფოსტის მისამართიდანაა მოსული. სამწუხაროდ, ინტერნეტფოსტის სტრუქტურის გამო, ფიშერებისათვის შედარებით ადვილია ყალბი ჩანაწერის შექმნა გამომგზავნის ველში. ელექტრონული მისამართი, რომელიც მითითებულია გამომგზავნის ველში, არ არის იმის გარანტია, რომ წერილი შეტყობინებაში მითითებული პირის ან ორგანიზაციისგანაა მოსული. ასეთი წერილები შესაძლოა არ იყოს გაგზავნილი საბანკო სისტემიდან.

ვისთვისაა განკუთვნილი ელექტრონული ფოსტა? – წერილები იგზავნება საერთო მისამართების სიაში მითითებულ ადრესატებთან. თაღლითებს ნაკლებად ეცოდინებათ თქვენი რეალური სახელი ან რაიმე სხვა ინფორმაცია თქვენ შესახებ, ასე რომ თქვენ ზოგადი სიტყვებით მოგმართავენ, მაგალითად, “ძვირფასო კლიენტო”.

ყურადღებით გაეცანით შეტყობინებას – აქვს თუ არა მას “ფიშინგის” ნიშნები? ველში “თემა” სავარაუდოდ იქნება უჩვეულო ან დიდი ზომის ასოები (ეს არის სპამ–ფილტრისგან თავის არიდების მცდელობა), მათ შორის გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები.

სად გაიხსნება ჰიპერბმული? – სამწუხაროდ, ძალიან ადვილია ბმულის რეალური დანიშნულების დამალვა, ასე რომ თქვენი ელექტრონული ფოსტის სტატუსის ველში ჩასმული ბმულის ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გაყალბება სირთულეს არ წარმოადგენს. ელექტრონულ ფოსტაში ჩასმულ ბმულზე დაწკაპუნებით ვებგვერდზე გადასვლისას, სამისამართო ველიდან ყალბი ვებგვერდის რეალური ადგილმდებარეობის დადგენის მრავალი საშუალება არსებობს. ვებგვერდის მისამართი შეიძლება იწყებოდეს ნამდვილი გვერდის დომენის სახელით, მაგრამ არ არის იმის გარანტია, რომ ეს გვერდი ნამდვილია.

ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს, იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ „პროკრედიტ ბანკის“ ოფიციალურ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, შეადარეთ უსაფრთხო კავშირის სიმბოლო. თქვენ გაქვთ საშუალება შეამოწმოთ „პროკრედიტ ბანკის“ უსაფრთხოების სერტიფიკატი ბრაუზერში არსებულ “ბოქლომის” ნიშანზე დაწკაპუნებით. ბოქლომზე დაჭერით ვებგვერდის უსაფრთხოების იდენტიფიცირების სერტიფიკატი გაიხსნება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: