მთავარი,სიახლეები

საკრებულომ ზოოპარკის ჩაქვში გადატანას მხარი დაუჭირა

11.04.2018 • 1689
საკრებულომ ზოოპარკის ჩაქვში გადატანას მხარი დაუჭირა

დღეს, 11 აპრილს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხანგრძლივი კამათი ზოოპარკის საკითხმა გამოიწვია. ზოოპარკის ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გადატანას “ქართუ ჯგუფი” დააფინანსებს.

ოპოზიციას კითხვები აქვს, ხომ არ აპირებს ამ ადგილიდან ბიძინა ივანიშვილი ხეების გადატანას, ან ხომ არ აშენდება რესტორნები ბათუმის ცენტრალურ პარკში ზოოპარკის ადგილას.

“ხეები რა შუაშია,”- აღნიშნა მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, გოგა ლომიძემ. რაც შეეხება რესტორნებს, მერიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

ბესარიონ გოგოტიშვილი, უმრავლესობის წევრი: მიმდებარე ტერიტორიაზე ვცხოვრობ და შემაწუხებელი სუნია, ასევე ხმაური, ბავშვებს ვერ აძინებენ.“

ნოდარ დუმბაძე, “ნაციონალური მოძრაობა”: აქამდე არ იყო შემაწუხებელი სუნი?

თამაზ სალუქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ეტაპობრივად კეთდება ყველაფერი.

მირდატ ქამადაძე, “ნაციონალური მოძრაობა”: არ დავუჭერთ მხარს ამ საკითხს, რადგან პროექტი მოუმზადებელია…

ირაკლი პატარაძე, უმრავლესობის წევრი:  კარგით რა, ასეთი სიკეთის არდანახვა შეიძლება?

ნოდარ დუმბაძე: გაუმარჯოს ბიძინას!

ნერიმან ცინცაძე, უმრავლესობის წევრი: არ შეიძლება ამდენი ლაპარაკი კარგ საქმეზე. რაც უფრო მეტი კარგი საქმე კეთდება, ოპოზიციას მეტი აგრესია უჩნდება, ჯობია გავჩერდეთ.

ოპოზიციას ასევე ჰქონდა კითხვა, როგორ არ დახარჯავს მერია ფულს ზოოპარკის გადატანაში, თუკი მოსახლეობა, რომელიც მიწის ნაკვეთებს დათმობს, კომპენსაციას მიიღებს.

“ჩვენ გვინდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და ისინი მიიღებენ კომპენსაციას… სახლი ამ მიწის ნაკვეთზე, სადაც ზოოპარკი უნდა მოეწყოს, არ დგას. გარკვეულ მოქალაქეებს იქ მხოლოდ ნარგავები აქვთ,”- განმარტა გოგა ლომაძემ, მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა.

საკრებულოს წევრების ყურადღება დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე სტუდენტმა მიიპყრო, ვინც სხდომას ესწრებოდა. ოპოზიციამ მათ გასაგონად თქვა, რომ უმრავლესობას კითხვები არ უჩნდება, როცა საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება.

“აქ ახლა ესენი ხმაურობენ იმიტომ, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიიქციონ,”- მიმართა სტუდენტებს უმრავლესობის წევრმა, ზურაბ ნაკაიძემ.

რაულ თავართქილაძე, „ევროპული საქართველო“: კარგი თაობა მოდის, თვითონ გაიგებენ, რაა სიმართლე.

ომარ მახარაძე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე: მე მოვიყვანე ჩემი სტუდენტები. ისინი კარგად არჩევენ თეთრს და შავს.

საბოლოოდ საკრებულომ ზოოპარკის ჩაქვში გადატანას მხარი დაუჭირა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: