რა შემთხვევაში ვერ მიიღებენ ბაღები ავტორიზაციას – რას ითხოვს ახალი სტანდარტი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა ავტორიზაცია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაიარონ. ავტორიზაცია მოიცავს როგორც ბაღების სანიტარულ-ჰიგიენურ და კვების, ასევე ინფრასტრუქტურისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტებს.

რა ხდება ბათუმის საბავშვო ბაღებში და შეესაბამება თუ არა მათი სტანდარტი ავტორიზაციის მოთხოვნებს? ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ბათუმში არსებული საბავშვო ბაღების შესახებ მერიას ანგარიში წლის ბოლოს ექნება.

„თუკი ეს საბავშვო ბაღები ვერ დააკმაყოფილებენ რეფორმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ისინი პირობით ავტორიზაციას გაივლიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციას მიიღებენ ინფრასტრუქტურული რეგლამენტის გავლის გარეშე,  2024 წლისთვის კი გამოასწორებენ ყველა ნაკლს,“ – გვეუბნება ის.

ლელა სურმანიძის თქმით, სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებენ ბათუმის პირველი და მეორე საბავშვო ბაღები, რადგან ისინი საცხოვრებელ კორპუსშია განთავსებული. „ამიტომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ 2024 წლამდე ამ ბაღებმა ეს კორპუსები დატოვონ,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

პირველ საბავშვო ბაღში 125 აღსაზრდელია, მეორეში კი – 140.

ლელა სურმანიძის თქმით, ახალაშენებული  ყველა ბაღი აკმაყოფილებს რეგლამენტს. თუმცა ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე ბაღია ადაპტირებული და ისიც მხოლოდ პანდუსით არის აღჭურვილი, არ არის ადაპტირებული სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურა.

„აღმზრდელის სახელმწიფო სტანდარტი, ჰიგიენური და კვების სტანდარტი უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ, ველოდებით ინფრასტრუქტურული სტანდარტის დამტკიცებას. თუმცა პროექტის მიხედვით, საბავშვო ბაღები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

საბავშვო ბაღის შენობაში დაცული უნდა იყოს ბუნებრივი განათების სტანდარტი, „შიდა ეზო იმგვარად უნდა დაპროექტდეს, რომ პერიმეტრზე განთავსებულმა შენობებმა ხელი არ შეუშალოს მზის სხივის შეღწევას ეზოში“, გამწვანებას უნდა ეკავოს ნაკვეთი ფართობის არანაკლებ 40, ხოლო პარკირებისთვის ფართობის 5 პროცენტი უნდა იყოს გამოყოფილი. საბავშვო ბაღი არ უნდა იდგეს მაღალი ინტენსივობის მაგისტრალის, აეროპორტის, რკინიგზის, სხვა ხმაურიან ადგილზე, მაღალი ძაბვის გადამცემ და ინდუსტრიულ ზონებში.

შენობების მშენებლობის დროს არ უნდა იყოს გამოყენებული აზბესტის შემცველი და ფენოლის ფისზე დამზადებული მასალები.

შიდა ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ბავშვზე მორგებული. ცალ-ცალკე უნდა იყოს გოგონებისა და ბიჭების ტუალეტები, ერთი ტუალეტი მაინც უნდა იყოს ადაპტირებული.

ახალი სტანდარტი ითვალისწინებს კომფორტულ და ხელმისაწვდომ გარემოს შშმ ბავშვებისთვის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი ბაღები ვერ დააკმაყოფილებს  მიწის ნაკვეთის და ა.შ. სტანდარტებს, რა ხერხს შეიძლება მიმართონ სტანდარტის დასაკმაყოფილებლად? ლელა სურმანიძე ამბობს, რომ „თუ ამას ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ სხვაგან უნდა გადავიდეს“.

რაც შეეხება საგანმანათლებლო სტანდარტებს, რეფორმის მიხედვით, 2024 წლის პირველ სექტემბრამდე დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნას: ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი უნდა ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

იგივე მოეთხოვება ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგსაც. მას უნდა ჰქონდეს პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს გადამზადება.

მაღალი კვალიფიკაცია მოეთხოვებათ მუსიკის პედაგოგებსაც. უნდა ფლობდნენ უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და უნდა იყვნენ გადამზადებული ზემოთ აღნიშნული მოდულების ფარგლებში.

დღეს დასაქმებული პერსონალი, როგორც ლელა სურმანიძე გვეუბნება, გადამზადდება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

ახალი სტანდარტის მიხედვით, ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში უნდა გამოიყოს ბავშვთა ძალადობის თავიდან აცილებისა და ძალადობისგან დაცვის პასუხისმგებელი პირი.  როგორც ლელა სურმანიძე გვეუბნება, ამისთვის არ არის გათვალისწინებული ცალკე შტატი: „ამ ფუნქციას რომელიმე აღმზრდელი შეითავსებს“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com