მთავარი,სიახლეები

გოგოს მოტაცების შემთხვევები გაიზარდა

10.04.2018 • 2430
გოგოს მოტაცების შემთხვევები გაიზარდა

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადრეულ ასაკში, 18 წლამდე გოგოს მოტაცების შემთხვევებმა მოიმატა. 2016 წელს თავისუფლების უკანონო აღკვეთის 27 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს – 41. სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის სტატისტიკა, რაც საპარლამენტო ანგარიშში მოხვდა, ადრეულ ასაკში გოგოს მოტაცებას გულისხმობს.

„ძირითადად  ეს ფაქტები იყო ქვემო ქართლსა და კახეთში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. თუმცა, ვერ ვიტყვით მხოლოდ მათზე – ეთნიკურად ქართველებიც იტაცებენ გოგოებს…“ – ამბობს ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე. მისი თქმით, მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას ეყრდნობა, ხოლო სახალხო დამცველმა რამდენიმე შემთხვევა შეისწავლა.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს გასულ წელს კანონში შესულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია აიკრძალა. „თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა და პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების, ქორწინების იძულების, ნიშნობისა და მოტაცების ფაქტები,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე განმარტავს, რომ მთავარ პრობლემად რჩება იდენტიფიცირება. „მაგალითად, როცა არასრულწლოვან გოგოებს ნიშნავენ მისი ნების საწინააღმდეგოდ, ან როცა იძულებით იქნა თანხმობა მიღწეული. ჩვენი მონაცემებით, ნიშნობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში ჩანს,“ – ამბობს ეკა სხილაძე.

იძულებითი ქორწინების მუხლით [სსკ 150 პრიმა ერთი] გასულ წელს საქართველოში გამოძიება 6 ფაქტზე დაიწყო. 5 შემთხვევაში გამოძიება შეწყდა. სასამართლომდე ამ საქმეებიდან არც ერთი არ მისულა.

2017 წელს  დაფიქსირდა 835 არასრულწლოვანი მშობელი [2016 წელს იყო 1278], ხოლო სკოლის მიტოვების – 75 შემთხვევა [2016 წელს – 115].

სექსუალური კონტაქტი 16 წელს მიუღწეველ გოგონებთან – გასულ წელს 173 ფაქტი დაფიქსირდა, 2016 წელს იყო – 183.

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან: აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ, 2015 წ. „ნაადრევი ქორწინება ძალადობაა“ 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: